Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 7 ივნისი


"ტრაგედია ჰელმანდში. თბილისში რადიკალური ისლამის საფრთხეზე ალაპარაკდნენ" - ამ სათაურით სტატიას "რეზონანსი" აქვეყნებს. ავტორი წერს, რომ "გუშინდელმა ტრაგედიამ საქართველოში კიდევ უფრო გააძლიერა ის ძალები, რომლებიც ავღანეთიდან ქართული ჯარის გამოყვანას მოითხოვენ. გუშინ ამ მოთხოვნით სოციალური ქსელების მეშვეობით აქციაც დაიგეგმა შაბათს რუსთაველზე". "რეზონანსის" სტატიაში მამუკა არეშიძის კომენტარებსაც გაეცნობით: "შეიძლება ეს ლაფანყურის ამბების სამაგიეროა, შეიძლება პრეზიდენტის განცხადებების სამაგიერო ან იმ ჯვრის მიმართ აგრესიაა, რომელიც ჯარისკაცების ფორმაზეა გამოსახული", - ამბობს არეშიძე და არც იმას გამორიცხავს, რომ "ვიღაცის სურვილია საქართველოს ხელისუფლება იმ მდგომარეობაში ჩააყენოს, ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და ჯარისკაცების ავღანეთიდან გამოყვანა მოითხოვოს, ამან კი ოპოზიციაში მყოფ ძალებს დასავლეთის თვალში ათქმევინოს, აი, ხელისუფლება რუსეთზეა ორიენტირებული და ჯარის გამოყვანა სურთო". ამავე სტატიაში კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარის ზაალ კასრელიშვილის კომენტარიც არის: "საფრთხე უფრო მეტია, ვიდრე ვინმეს ჰგონია. ამ საფრთხეს კიდევ უფრო გაამძაფრებს არეულობა თურქეთსა და დაღესტანშიო", - ამბობს კასრელიშვილი.

"ალიას" კი იგივე ზაალ კასრელიშვილი 6 ივნისს ქართველი სამხედროების წინააღმდეგ ჯიჰადის თემაზე გავრცელებულ ვიდეორგოლზე ეუბნება: "ახლა საუბარი მიდის მიზეზებზე, ვის შეიძლებოდა გაევრცელებინა ეს ვიდეორგოლი. მე კი ვსაუბრობ შედეგზე, რაც დადგება. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ატვირთა ვიდეო და რომელ ქვეყანაში? ფაქტია, რომ ეს მზადდება და ძალიან ცუდ შედეგებს მოუტანს ქვეყანას".

ხუთშაბათს "იუთიუბით" გავრცელებულ ვიდეორგოლზე "ვერსიაც" წერს. გაზეთში ვკითხულობთ: "ექსპერტთა ნაწილმა უკვე მოიპოვა გარკვეული ინფორმაცია, რის საფუძველზეც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვიდეომასალა ფაბრიკაციაა. მაგალითად, ის, რომ ვიდეოს ავტორს ჰამად ზამანს საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს ქალაქი ჰერატი, რომელსაც სპარსულ ენაზე, სინამდვილეში, ჰქვია "ჰერაათ", ბრუნვის ნიშანი "ი" კი ევრაზიის კონტინენტზე მხოლოდ ქართულ ენასა და მეგრულში ემატება. გარდა ამისა, ვიდეოზე ინგლისურად მოსაუბრე პირს არ აქვს არც ავღანური და არც პაკისტანური აქცენტი. საეჭვოა ისიც, თალიბანის მოძრაობას დამოუკიდებლად მოეპოვებინა ქართველი ჯარისკაცების ფოტოები".

დღევანდელ "ალიაში" უფლებადამცველ ნანა კაკაბაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის გაზეთის კორესპონდენტს ეუბნება, რომ მის ოფისს მუდმივად უთვალთვალებენ: "ეს იმაში გადაიზარდა, რომ დაიწყო იმ ადამიანების გადაბირებები, რომლებიც ჩვენთან დადიოდნენ ან გვეხმარებოდნენ. მერე ზოგი თავს იმართლებდა, რომ ხელისუფლებასთან არ ვალაგებ ურთიერთობებს. ბოლოს მივხვდი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ გვითვალთვალებდა და ეს ყველაფერი ახალი ხელისუფლებიდან მოდიოდაო", ეუბნება "ალიას" ნანა კაკაბაძე.

"ახალ თაობაში" ქვეყნდება ინტერვიუ ყოფილ პოლიტპატიმარ ბათუ საღინაძესთან. ის თავის დროზე ლევან კალაძის გატაცების საქმეს იძიებდა. საღინაძე დააპატიმრეს და ციხეში 7 წელი გაატარა: "როცა მე კალაძის საქმის გამოძიებას მოვკიდე ხელი, ყველამ იცოდა, რომ სწორი გზით მივდიოდი და მივდიოდი ფინიშამდე. ამაში ჩარეული იყვნენ სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები. ამიტომ გადაიხადეს ფული, რომ მე საქმიდან ჩამოვეშორებინე. არ დავნებდი: ვწერდი, მოვითხოვდი, ვაწუხებდი პრეზიდენტს - გამოიხედეთ თვალში მეთქი. "ტელეარხ 202"-ში გამოვედი ძალიან აგრესიულად. ამიტომ შემდეგ შეთითხნეს რაღაცები და ჩამსვეს".

"საქართველოს რესპუბლიკაში" ქვეყნდება მოსაზრება, რომლის ავტორიც ფიქრობს, რომ როგორც კავკასიაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში რუსეთის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს "რუსეთთან ურთიერთობის დელიკატური საკითხის გადაწყვეტა". "საქართველოს რესპუბლიკის" ავტორის აზრით, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაში "ისეთი ადამიანები უნდა ჩაერთონ, რომლებსაც რუსეთთან ნეგატიური ურთიერთობების კუდი არ მოსდევთ, უნდა ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დასავლეთის სპეცსამსახურებიდან არ ფინანსდებიან. ყველაზე კარგად ამას თავს გაართმევდნენ: ქართული მართლმადიდებლური ეკლესია..., ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა სრულიად საქართველოს საბჭო..., საქართველოს კაზაკები..., ხელოვნებისა და კულტურის, მეცნიერების მუშაკები და ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები რუსეთშიო", წერს "საქართველოს რესპუბლიკის" ავტორი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG