Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 19 ივლისი


„’ნაციონალური მოძრაობა’ ისეთი, როგორიც ერთი, ორი და მეტი წლის წინ იყო, ვეღარასოდეს იქნება! „ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრდა!“ - ამას აცხადებს დავით ბაქრაძე „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აგრეთვე ამბობს: „ყველას უნდა ესმოდეს - თუ ნაციონალური მოძრაობა ძირეულად არ შეიცვალა, ვერ აღვადგენთ ხიდს მოსახლეობის ნაწილთან!“. დავით ბაქრაძე ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნასაც გამოთქვამს და ამ კონტექსტში პოლიტიკურ წარსულსაც იხსენებს: „ბევრჯერ მთავარი კომუნიკატორი ვიყავი მაშინდელ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ყოველთვის ვცდილობდი ოპოზიციასთან კონტაქტი მქონოდა და, შესაძლოა, ჩემდამი „ოცნების“ დამოკიდებულება ამითაცაა განპირობებული“.

„ალია“ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. არეშიძე ამბობს, რომ ჟვანიას სიკვდილის საქმეზე გამოძიება დასრულებულია და ის არჩევნების შემდეგ გასაჯაროვდება, როცა „ პრეზიდენტი სააკაშვილი გახდება მოქალაქე სააკაშვილი“. ამასთან, მამუკა არეშიძე „ალიას“ კორესპონდენტს ეუბნება: „მე თქვენ გეტყვით დადასტურებულ ინფორმაციას, რომ, სულ მცირე, სააკაშვილი ჟვანიას სიკვდილის წუთებში იქ იყო. დეტალებს ნუ ჩამეკითხებით. რასაც ვამბობ, გაძლევთ ზუსტ ინფორმაციას. ჟვანიას ლიკვიდაციის პროცესში სააკაშვილი იქ იყო“. ამავე ინტერვიუში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ „სტრატეგიული გათვლა ხვალინდელი დღისთვის ჩვენს ქვვეყანაში არ ჩანს. მე ვთვლი, რომ ხვალ-ზეგ გამოჩნდება ულტრაძლიერი ძალა და ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება დღევანდელი პოლიტიკური სურათი. დღევანდელი პოლიტიკოსები იმდენს იზამენ, ბოლოს და ბოლოს, ამ ძალის გამოჩენას შეუწყობენ ხელს. დღეს ამ ძალების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ“, - ამბობს მამუკა არეშიძე.

„საქართველოს რესპუბლიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს: „ვფიქრობ, სახიფათო ეს არჩევნები კი არა, შემდეგი - ადგილობრივი არჩევნებია. ამ არჩევნების მიხედვით გაცილებით მნიშვნელოვნად გამოიკვეთება, რამდენად დემოკრატიულად განვითარდება შემდგომში ქვეყანა, ვიდრე ახლანდელი საპრეზიდენტო არჩევნებისას“.
„რეზონანსი“, გია მაისაშვილი: „მე ახალი ხელისუფლების წარმატება მინდა, მაგრამ უზარმაზარი იმედგაცრუება მაქვს. იმის გამო კი არა, რომ ასე მალე ვერ მივაღწიეთ შედეგს, არამედ იმისა გამო, რომ მკაფიო ამოცანა და სტრატეგია არ ჩამოყალიბებულა. მე ამ ეპოქას „არაფრობას“ დავარქმევდი“.

„ახალი თაობა“, გოგა ხაინდრავა: „უსამართლობაა იმაზე ლაპარაკი, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ მიდის. როგორ არ მიდის? მიდის, ოღონდ დრო უნდა. სამართლიანობაზეა ლაპარაკი და ანგარიშსწორება თუ გვინდა, ეს უკვე სხვა თემაა. ანგარიშსწორებისთვის არ მოსულა ბიძინა ივანიშვილი, რამდენადაც მე ვიცი. ის მოვიდა სამართლიანობის აღგდენისთვის და სამართლიანობის აღდგენას დრო სჭირდება, გამოძიება სჭირდება, სასამართლო სჭირდება და ეს პროცესი არის გრძელი“.

„24 საათი“ წერს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 22 ივლისს ჩატარდება. გაზეთის ინფორმაციით, საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში მხოლოდ ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, რომლებმაც პირველი ტური გაიარეს, ანუ ემზარ გოგუაძე და ნატალია დვალი. სამეურვეო საბჭოს ახლანდელ თავმჯდომარეს, ლევან გახელაძეს, უფლებამოსილების ვადა 1 სექტემბერს ეწურება, რის გამოც არჩევნები 1 აგვისტოზე გვიან არ უნდა ჩატარდეს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG