Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 5 აგვისტო


„ვის წაართმევს ხმებს დავითაშვილი“ - გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ ამ სტატიაში ნათქვამია, რომ შემოდგომისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, ქართველ ექსპერტთა შეფასებით, უპრეცედენტო იქნება, პირველ რიგში, მეორე ტურის ალბათობის გამო. გაზეთის თანახმად, არჩევნებში ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან „ქართული ოცნებიდან“ გიორგი მარგველაშვილი და „დემოკრატიული მოძრაობიდან“ ნინო ბურჯანაძე. „რეზონანსის“ ერთ-ერთი რესპონდენტი, მიხეილ თავხელიძე, ფიქრობს, რომ „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით წავიდა კოალიციიდან და ამ შეთანხმებული დემარშის მიზანი ნინო ბურჯანაძისთვის ოპოზიციური ხმების წართმევა იყო. მიხეილ თავხელიძის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციის ხმები ბაქრაძესა და ბურჯანაძეს შორის გაიყოფოდა, ხოლო მეორე ტურში ბურჯანაძე საერთოდ მოიგებდა. შესაბამისად, „რეზონანსის“ რესპონდენტი ფიქრობს, რომ კობა დავითაშვილის „ქართული ოცნებიდან“ გასვლა და საპრეზიდენტო კანდიდატურის დაყენება ბურჯანაძის დასუსტებას ემსახურება. მისივე თქმით, ამ როლზე თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი მოიაზრებოდა, მაგრამ საპასპორტო პრობლემების გამო იგი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ ღებულობს.

„დიახაც, ვარ პოპულისტი“, - უთხრა გაზეთ „კვირის პალიტრას“, თავის მხრივ, პრეზიდენტობის კანდიდატმა, „ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა. დიახ, აღვადგენ სამართლიანობას, - ამბობს იგი და აქტიურად აპირებს, მისი თქმით, ისეთი მიძინებული ინსტიტუტის გამოყენებას, როგორიც რეფერენდუმია. ამით გავლენას მოვახდენ როგორც პარლამენტზე, ისე მთავრობაზეო, - აღნიშნა კობა დავითაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში. თუმცა, ამ განცხადების მიუხედავად, იგი გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის და ამბობს, რომ არ განეკუთვნება იმ კანდიდატების რიცხვს, რომლებიც ილუზიებით ცხოვრობენ და ამბობენ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებენ.

„ეკონომიკასაც ოქტომბრის ბოლოს ეშველება“, ფიქრობს გაზეთ „ახალი თაობის“ რესპონდენტი, ეკონომიკური ექსპერტი დემურ გიორხელიძე. მისი განმარტებით, ჯერჯერობით თავისუფალი ბაზარი და თავისუფალი ეკონომიკა ილუზიაა, რისი მიზეზიც ისაა, რომ ეკონომიკურ ინტერესებზე პოლიტიკური პროცესები დომინირებს. „ამიტომ საჭიროა ოქტომბრამდე მივაღწიოთ, როდესაც ეს პოლიტიკური პროცესი დასრულდება“, - ამბობს დემურ გიორხელიძე, რომლის შეფასებითაც, ყველა მონაცემით ნათელია, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ზრდის ტემპები დაბალია. „ჯერჯერობით სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არანაირი საფრთხე არ არსებობს. არანაირი კრიზისი ბიუჯეტში არ არის. ეკონომიკური ზრდის ტემპები დაბალი რომ არის, ეს არ ნიშნავს, რომ ფული ბიუჯეტში არ შემოდის“, -უთხრა გაზეთ „ახალ თაობას“ ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ.

გაზეთი „ქრონიკა“ კი იტყობინება, რომ სანდო წყაროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“ უცხოელ პიარჯგუფებთან ერთად წინასაარჩევნო სტრატეგიასა და ტაქტიკაზე მუშაობს. გაზეთის თანახმად, ჯერჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მათი სტრატეგია აგებული იქნება არა „ნაციონალური მოძრაობის“ მიღწევებზე, არამედ ხელისუფლების რეალურ და მოჩვენებით შეცდომებზე.

გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ ინფორმაციით კი, დავით ზურაბიშვილის შემდეგ მალე პოსტს რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი წევრი, პაატა ზაქარეიშვილიც დაკარგავს. კულუარებში ამ საკითხზე უკვე აქტიურად საუბრობენ, წაიკითხავთ გაზეთში, რომლის თანახმადაც, აღნიშნულმა საკადრო ცვლილებამ კოალიციის შიგნით რესპუბლიკელების შევიწროების შესახებ მოარული ხმები რომ არ გაამყაროს, ჯერჯერობით პრემიერი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
XS
SM
MD
LG