Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 6 აგვისტო


„საქართველომ ირანის საფრთხე კარგად უნდა გაიაზროს და ამაზეც უნდა იყოს კონცენტრირებული“, - აცხადებს საქართველოში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი. მასთან ინტერვიუ „24 საათში“ ქვეყნდება. იუვალ ფუქსი აგრეთვე ამბობს: „საქართველოს ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოება ისრაელისთვის მნიშვნელოვანია. ისრაელისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, ზოგადად, კავკასიის უსაფრთხოება, რადგან თქვენი რეგიონი, პირველ რიგში, ისრაელთან ძალიან ახლოს არის და, გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ რეგიონზე „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მეშვეობით გადის ისრაელისთვის განკუთვნილი ენერგომატარებლები“. ისრაელის ელჩი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზეც ლაპარაკობს: „ევროკავშირმა რამდენიმე დღის წინ „ჰესბოლას“ სამხედრო ფრთა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა. ჩვენ „ჰესბოლას“ სამხედრო და არასამხედრო ფრთას ერთმანეთისგან არ განვასხვავებთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ საქართველომ ევროკავშირის ქმედებას უნდა მისდიოს და თუნდაც იგივე გაიმეოროს - „ჰესბოლას“ ე.წ. სამხედრო ფრთა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანოს“.

„ციხეებში კრიმინალური სამყაროს გავლენა იზრდება“ - ამ სათაურს „რეზონანსის“ პირველ გვერდზე ნახავთ. ავტორი წერს: „სისტემის გაუმჭვირვალობა, ძველი კადრები, ორხელისუფლებიანობა და მოძლიერებული კრიმინალური სამყარო - ეს იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც, უფლებადამცველების ნაწილის აზრით, ციხეში არსებულ რთულ ვითარებას იწვევს. თუმცა ამ მოსაზრებას ყველა არ იზიარებს და მიიჩნევენ, რომ პენიტენციურ სისტემაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა“.

„რეზონანსშივე“ უმრავლესობის წევრ ვიქტორ დოლიძესთან ინტერვიუც ქვეყნდება. ის აცხადებს: „ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჯობია დარჩეს არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ კოალიციის ლიდერად, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი საქმეა - სოციალური პროგრამების შესრულება, იგივე ბიზნეს-ინვესტიციების გაუმჯობესება და სხვა“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ მომავალი დღევანდელი პრესის ერთ-ერთი თემაა. მასზე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მსჯელობენ. კახა კუკავა, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, ეუბნება „ალიას“: „ვფიქრობ, სცენარი წინასწარ მეტ-ნაკლებად ცნობილია, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლების სათავეში ჩვენი ცნობილი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატები ისურვებდა არა „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ ორივე პოლიტიკურ ძალაში არსებული ლიბერალური სეგმენტის სიმბიოზის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ ძალას. პირობითად ამ ძალას დავარქვი „ბაქრაძე-უსუფაშვილი-ალასანია“, - ეუბნება კახა კუკავა „ალიას“.

ჯონდი ბაღათურია კი „ახალ თაობას“ უზიარებს თავის პროგნოზს: „პროცესები აუცილებლად გამწვავდება შემოდგომისთვის. ასევე ველი პოლიტიკურ არასტაბილურობას. ამას იწვევს ხელისუფლების უკიდურესად შერყეული ავტორიტეტი. ნამდვილად ვერ ვხედავ იმის რესურსს, რომ ხელისუფლება ამის გამოსწორებას შეძლებს. ნაპრალი კიდევ უფრო გაღრმავდება ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ხომ საერთოდ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის გაქცევა პასუხისმგებლობისგან. შესაბამისად, ეს კიდევ უფრო გაამწვავებს ურთიერთობებს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ძალიან აქტუალური გახდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხი“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG