Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 22 აგვისტო


დღევანდელი „რეზონანსი“ წერს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების „წინასაარჩევნო მესიჯები ძირითადად საგარეო ორიენტირსა და ტრადიციული ღირებულებების დაცვას ეთმობა, სოციალური თემები კი ნაკლებად ჩანს“. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტ ელდარ პირმისაშვილს „რეზონანსისთვის“ უთქვამს, კანდიდატები ამ ეტაპზე ერთმანეთის პროგრამებს აკვირდებიან და უფრო მკვეთრ ლოზუნგებს ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ გააჟღერებენო. პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძის აზრით, „ამ საარჩევნო კამპანიის მთავარი განმასხვავებელი ყველა წინა არჩევნებთან შედარებით არის ის, რომ ძირითადი ბრძოლა წავა მეორე ადგილისთვის და შემდეგ ამ მეორე ადგილზე გასული პოლიტიკური ფიგურის გარშემო მოხდება დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის გადაჯგუფება, ან, პირიქით, მის საწინააღმდეგოდ კიდევ ერთი პოლიტიკური ფლანგი ჩამოყალიბდება“.

„რეზონანსში“ ქვეყნდება ინტერვიუ ლეიბორისტთა ლიდერ შალვა ნათელაშვილთან. ის ამბობს: „საპრეზიდენტო არჩევნებში უცნობი კანდიდატების ჩართვა არც საქართველოსთვის და არც დემოკრატიულობისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. სამართლიანობისთვის, დემოკრატიულობისთვის და არჩევნებისთვის მთავარი პრობლემა ნაცნობი კანდიდატებია, მთელი უბედურება ნაცნობ კანდიდატებში მდგომარეობს. წინასაარჩევნო პერიოდს სააკაშვილის კანონებით ვატარებთ, უფრო მეტიც, კიდევ უფრო გაუარესებული კანონებით“.

„ახალი თაობა“, ნანა დევდარიანი: „მე ვფიქრობ, ასე თუ გაგრძელდება, ყველამ ვიცით, რომ მარგველაშვილის რეიტინგი არ არის მაღალი, ბაქრაძის რაც არის, ის აღარ მოიმატებს არასოდეს და პარალელურად იზრდება ბურჯანაძის რეიტინგი... ამიტომ ყველაფერი თუ ნორმალურად ჩატარდა და სამართლიანად, პროგნოზი ასეთია, რომ თუ პირველივე ტურში არა, მეორე ტურის შემდეგ მაინც ბურჯანაძე გაიმარჯვებს“.

„ალია“, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაზე წერს. „ეროვნული კრების“ წევრი ლაშა ამირეჯიბი გაზეთს „მე-9 არხის“ შესახებაც ესაუბრება: „ჯერ გადაწყვეტილი არ არის ვინ იყიდის ამ ტელევიზიას, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, არის შანსი, რომ ის ხელში ჩაიგდონ რუსულმა ძალებმა, არსებობს დაინტერესება“.

„ალიაში“ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მას ახალი ხელისუფლების პირობებში სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალჩინოსნები ხან სასამართლო პროცესის მოგების, ხანაც ბიზნესის დათმობის სანაცვლოდ თანხას სთხოვდნენ. ბიზნესმენი კონკრეტულ პირებსაც ასახელებს: „ეს იყო ქალაქის პროკურორი, ვინმე ბესო თხელიძეო“, და შემდეგ აზუსტებს: „ბესო თხელიძე, რა თქმა უნდა, დავით კოჭლამაზაშვილის დავალებით მოქმედებდა, რომელიც მაშინ თბილისის მთავარი პროკურორი იყოო“. „აი, თუ ბატონი ბიძინა არ მომისმენს, მაშინ უკვე პრესის ფურცლებზე სხვა პირებსაც დავასახელებ“, - ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.

„17 მაისზე საუბარი უნდა დამთავრდეს. ხალხის მოთხოვნა, რომ არ სურს ქვეყანაში დაამკვიდროს ჰომოსექსუალთა და ლესბოსელთა აღლუმი, კანონმა უნდა გაამყაროს და დაუსვას წერტილი. დემოკრატიის არსი ხალხის ნებაშია. საოცარია, რაში ვხარჯავთ დროს, რაზე ვკამათობთ, როცა ყოველი წუთი დასანანია, რადგან საფიქრალი გვაქვს, როგორ გადავარჩინოთ გავერანებული ქვეყანა“, - წაიკითხავთ მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის წერილში, რომელიც „საქართველოს რესპუბლიკაში“ ქვეყნდება.

„24 საათში“ ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალში ქართული თეატრების მონაწილეობაზე წაიკითხავთ: „კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, ქალაქ ედინბურგში საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრის, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრისა და „თეატრი ათონელზე“ სპექტაკლებითაა წარმოდგენილი. უცხოელებმა უკვე იხილეს 3 სპექტაკლი: „კაბა“, „ჩემი თაობის ავტოპორტრეტი“ და „მელოტი მომღერალი ქალი“. ფესტივალზე სპექტაკლების შეფასება, როგორც წესი, კრიტიკოსების მიერ 5-ქულიანი შკალის საფუძველზე ხდება. ბრიტანული პრესის მოწინავე კრიტიკოსის კოის მაკ მილანისგან თუმანიშვილის თეატრს წელს 4 ვარსკვლავი ერგო, რაც ასეთი რანგის ფესტივალზე დიდი წარმატებაა“, - წერს „24 საათი“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG