Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 23 სექტემბერი


„საზოგადოებრივი მოუწყებელი“ - ასე ასათაურებს სტატიას „კვირის პალიტრის“ ავტორი. საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე ამბებზე „კვირის პალიტრა“ ტელეეთერს ჩამოშორებულ დავით პაიჭაძესა და ეკა კვესიტაძესაც გაესაუბრა. დავით პაიჭაძე ამბობს, რომ მისი და ეკა კვესიტაძის სატელევიზიო გადაცემების გაჩერება „პოლიტიკური ნების“ საფუძველზე მოხდა. ამავე ინტერვიუში წაიკითხავთ: „მე რადიოშიც და ტელევიზიაშიც ერთი ვარ; არ მიმაჩნია, რომ როგორც ჟურნალისტი, სხვა ვარ ტელეეთერში და სხვა - რადიოში. ერთგან დამტოვეს, მეორე დამატოვებინეს. ლოგიკას ხედავთ?“. „კვირის პალიტრის“ ამავე პუბლიკაციაში ეკა კვესიტაძის მოსაზრებებსაც გაეცნობით: „არანაირი პატივისცემა არა მაქვს ხელისუფლებისა. მე მაქვს წმინდა ჟურნალისტური ინსტინქტი და ჩინოვნიკებს ვუყურებ როგორც ანგარიშვალდებულს ჩემ წინაშე. ბრძოლის რეჟიმში ვიყავი ყველა ხელისუფლებასთან“.

„ვერსიას“ კი მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი ეუბნება: „მიუხედავად იმისა, რომ დავით პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის გადაცემები არ მომწონდა, მიმაჩნია, რომ ყველა ხელისუფლება ჟურნალისტებისთვის გადაცემის დახურვის საკითხს ფაქიზად უნდა მოეპყროს. მზად ვარ, ორივე ჟურნალისტს „ობიექტივში“ ეთერი დავუთმო, რადგან კარგად ვიცი, რა განცდაა, როცა ტელევიზიიდან გათავისუფლებენ“.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე წერს დღევანდელი „კვირის ქრონიკაც“: „ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელში პაიჭაძე-კვესიტაძის თემა ნაკლებად აღელვებთ. როგორც „კვირის ქრონიკისთვის“ გახდა ცნობილი, გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ იგეგმება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფუნქციოდ დატოვება, ანუ ბორდის წევრების იმ რაოდენობამდე დაყვანა, როცა მათ გადაწყვეტილების მიღების უფლება აღარ ექნებათ. ამის დამადასტურებელი პირველი ფაქტი 20 სექტემბერსვე მოხდა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ეკა მაზმიშვილმა პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა“.

„ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში რამდენიმე გვერდს უთმობს 1993 წლის სექტემბრის ამბების გახსენებას - ზვიად გამსახურდიას საქართველოში დაბრუნებასა და აფხაზეთის დაკარგვის ამბებს. ამავე ნომერში წაიკითხავთ საქართველოს პატრიარქის რუსეთში ვიზიტების დეტალებზე. ე.წ. „ციხის კადრების გავრცელებიდან ერთი წლის თავზე „ასავალ-დასავალში“ ქვეყნდება ინტერვიუ ვლადიმერ ბედუკაძესთან: „ამ საქმის თანამონაწილეა „ასავალ-დასავალი“ და ამ ჭეშმარიტად სახალხო გაზეთის მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი, რადგან ვიდეოკადრების შექმნის პარალელურად, მე პირადად შენ გაწვდიდი ამ კადრების ამსახველ ინფორმაციას, ჯალათების ფოტოსურათებს, რასაც აქვეყნებდი და სინდისის წინაშე ისიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ დაგვიმალავს, ვიდრე მთავარ მამხილებელ საბუთს - წამების ვიდეოკადრებს გამოვფენდით მსოფლიოს წინაშე“, - ეუბნება ვლადიმერ ბედუკაძე „ასავალ-დასავალის“ კორესპონდენტს.

საქართველოში მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს „რეზონანსი/მთელი კვირა“. ნაკაიძე ამბობს, რომ „საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს კონკრეტული კანონი, რომლის მიხედვითაც მინარეთის მშენებლობის საკითხია დარეგულირებული. სახელმწიფომ უნდა იმუშაოს ამ კუთხით. ჭელის მინარეთი თუ დაანგრია, მაშინ სხვა მეჩეთები და მინარეთებიც უნდა დაანგრიოს, იმიტომ რომ ისინიც ამავე პრინციპით არის აგებული“. ამავე ინტერვიუში მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე აგრეთვე აცხადებს: „მე მაინც მგონია, რომ კანონიერადაც რომ ყოფილიყო აგებული, მაინც დაანგრევდნენ, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში არის არა კანონის პრობლემა, არამედ - დემოკრატიის“.

„ახალი თაობა“ ნორა კვიციანთან ინტერვიუს სთავაზობს მკითხველს. ნორა კვიციანი კოდორში არსებულ ვითარებაზე ლაპარაკობს, ხეობის დაკარგვის მიზეზებზე ჰყვება და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილზე ამბობს: „მე მიხარია, რომ ეს ადამიანი დღეს პატიმარი არ არის, მაგრამ ახლა უნდა გამოვიდეს და გასცეს კითხვებს პასუხი. ხეობის მოსახლეობას აუხსნას, რატომ გააუქმა ბატალიონი „მონადირე“, რატომ შემოიყვანა ჯარი ხეობაში, რატომ დაბომბა ხეობა? თუ სააკაშვილის ბრძანებით გააკეთა, გამოვიდეს, თქვას, რომ პრეზიდენტმა უბრძანა და სხვანაირად არ შეეძლო. ხმები მომივიდა, რომ თითქოს ნანობს, რაც კოდორში გააკეთა“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG