Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 1 ოქტომბერი


დღეს გამოვიდა ჟურნალი „ლიბერალი“. გარეკანზე სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს სათაურია გამოტანილი - „მე ვარ თქვენი ჩამორთმეული არჩევანი“. სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტი ეკითხება: „თქვენ დაბეჯითებით შეგიძლიათ თქვათ, რომ ის, რაც მან „ევრაზიის კავშირთან“ დაკავშირებით განაცხადა, არ იყო წამოცდენა და მან იცოდა რაზე საუბრობდა?“. ზურაბიშვილის პასუხი: „ამ ქვეყანაში თუ არ იცი, რას ამბობ ასეთ საკითხზე, მაშინ არ უნდა იყო პოლიტიკაში. ამ საკითხზე ლაფსუსის დაშვება არ შეიძლება. შევარდნაძესაც ჰქონდა ასეთი ფორმა - ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან. საითკენ მივდივართ? ეს არის საკითხავი“. „ლიბერალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი აგრეთვე აცხადებს: „ჩემმა პოლიტიკურმა მიღწევებმა შეაშფოთა არა მხოლოდ ბურჯანაძე, არამედ შევარდნაძის ძველი კლანიც, რომლებიც ახლა ბრუნდებიან მთავრობაში. იმის მიუხედავად, ბურჯანაძე მოვა მეორე ადგილას თუ არ მოვა, რეალურად ქვეყანაში ძველი, შევარდნაძისდროინდელი ძალები ბრუნდებაო“, აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ბიძინა ივანიშვილის ექსპერტებთან შეხვედრა თითქმის ერთი კვირაა რჩება პრესაში განხილვის თემად. „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს: „მავთულხლართების აგება ხდება იმიტომ, რომ ოლიმპიადა მოდის და ისინი ამკაცრებენ ზომებს, რაც გასაგებიაო. ეს განცხადება, ჩემი აზრით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. გეოგრაფიულად შევხედოთ, სად არის ე.წ. სამხრეთ ოსეთი და სად არის სოჭი. სოჭის ოლიმპიადასთან დვანსა და დიცში გავლებულ მავთულხლართებს არანაირი კავშირი არა აქვს. ეს ლოგიკა მოსწონს მოსკოვს, რა ლოგიკითაც საუბრობს საქართველოს პრემიერი“, - ეუბნება „ახალ თაობას“ სერგი კაპანაძე.

ამავე გაზეთში კახა კუკავასთან ინტერვიუც ქვეყნდება: „მე ვფიქრობ, რომ გარდაუვალია ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური მღელვარება და კრიზისი“, - აცხადებს კუკავა და ამავე ინტერვიუში სამართლიანობის აღდგენის იდეაზეც გამოთქვამს აზრს: „სამართლიანობის აღდგენა არ ვიცი, როგორ ესმის „ქართული ოცნების“ კორუმპირებულ ელიტას, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს სამართალი, არსებობს მარტივი პრინციპი, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს და უდანაშაულო არ უნდა დაისაჯოს. ივანიშვილის მთელი გამოსვლა ექსპერტებთან იყო იმის ახსნა, თუ რატომ არ უნდა დაისაჯოს დამნაშვე და რატომ უნდა დარჩნენ დასჯილი უდანაშაულოები“.

„საქართველოს რესპუბლიკაში“ წაიკითხავთ ინტერვიუს პოლიტიკის ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან: „მე რაც არ მომწონს დღევანდელი ხელისუფლებისა ისაა, რომ ისინი ყოველდღიურ პრობლემებს ებრძვიან, მაგრამ ვერ იცლიან მთავარისთვის, პრობლემების კონცეპტუალური გადაჭრისთვის, სისტემური საკითხების მოსაგვარებლად“. ძაბირაძე თვლის, რომ სწორედ კონცეპტუალური რეფორმების დროულად გატარების შემდეგ შეეძლება ბიძინა ივანიშვილს „გადაბარგდეს სამოქალაქო სექტორში“.

„ალია“ წერს ანაკლიის პორტის მშენებლობისა და „ლაზიკის“ იდეის შესახებ: „აბა, ახლა ვნახოთ განსხვავება. პირველი - პორტის ასაშენებლად თანხები ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება და მეორე - პორტი წმინდა ბიზნესობიექტი იქნება, რომელიც შემოსავალს მოიტანს და არა 500 ათასიანი ქალაქი. და ეს მაშინ, როცა დედაქალაქის გარდა დანარჩენი ქალაქები თითქმის განახევრებულია მოსახლეობისგან“, - წერს „ალიას“ ავტორი.

„რეზონანსი“ თბილისში პურის სიძვირეზე წერს. ავტორი პოსტსაბჭოთა რეგიონის სხვა დედაქალაქების ფასებს თბილისისას ადარებს და ასკვნის, რომ, მოსკოვის გარდა, ყველაზე ძვირი პური თბილისშია. მეპურეთა ასოციაციის პრეზიდენტ მალხაზ დოლიძეს „რეზონანსისთვის“ განუმარტავს: „დღეს ერთი კილოგრამი პურის თვითღირებულება არის 1,1 ლარი. რა ფასად ყიდიან მაღაზიებში, ამის თქმა ზუსტად არ შემიძლია. იმას, რომ პური ჩვენთან უფრო ძვირია, ვიდრე ერევანსა და ბაქოში, თავისი მიზეზი აქვს. კერძოდ, ერევანში მაღაზიის მფლობელს არ შეუძლია პურზე 5%-ზე მეტი დაამატოს, ჩვენთან კი ზოგიერთი მაღაზია 10%-ს, ზოგი - 15%-ს და 20%-საც უმატებს“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG