Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 17 ოქტომბერი


„პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და არჩევნები“ - ამ სათაურით „რეზონანსში“ ქვეყნდება სტატია. ავტორი წერს: „2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის მსგავსად, ფარული ჩანაწერების თემა მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროსაც აქტუალურია. მინისტრი ქალბატონის, დეპუტატისა და ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი სკანდალური ვიდეომასალა - ეს თემა რამდენიმე დღეა განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია“. ფარული უკანონო ჩანაწერების საკითხზე „რეზონანსს“ მოსაზრებას უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი უზიარებს: „მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფარული თვალთვალი ახლაც მიმდინარეობს. აქციებზე ისევ ვხედავთ კამერებით ადამიანებს, რომლებიც ადრე თუ „კუდი“ იყვნენ, ახლა „სუსი“ ჰქვიათ. სახელის შეცვლით არაფერი არ იცვლება. ხვედელიძის პრეცედენტი არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა. გარდა ამისა, არ მომხდარა იმ სათვალთვალო აპარატურის განადგურება, რომელიც დღეს სახელმწიფოს დიდი რაოდენობით გააჩნია“.

დღევანდელი პრესის ერთ-ერთი თემა ვილნიუსის სამიტია. ერთი საკითხი, რომელზეც „რეზონანსი“ ამახვილებს ყურადღებას არის ის, თუ ვინ წარადგენს სამიტზე საქართველოს. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია თვლის, რომ „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ „ცდილობს რომ ის წარმატება, რომელიც პარაფირებასთან იქნება დაკავშირებული, საკუთარ სახელთან ასოცირდებოდეს“. კაკაჩია აგრეთვე ამბობს: „სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც წასვლასთან დაკავშირებით ამხელა აჟიოტაჟია შექმნილი. თორემ, რეალურად მეც ვესწრები ამ სამიტს და ზუსტად ვიცი, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ხელშეკრულებას ვინ მოაწერს ხელს. მთავარია, რომ ქვეყანა იყოს წარმოდგენილი“. პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი კი თვლის, რომ თეორიული მიზეზი, რამაც შეიძლება ევროკავშირს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს, „იქნება პროცესების იმგვარად წარმართვა, რაც ევროპულ ფასეულობებთან წინააღმდეგობაში მოვა“. მოვლენების ამგვარი განვითარების თეორიულ საფრთხეს გოგოლაშვილი რუსეთის ინტერესებსა და ამ ინტერესების გამტარებელი ძალის აქტიურობას უკავშირებს.

პრესაში კვლავაც არ წყდება მსჯელობა არჩევნების შესაძლო სცენარებზე. მამუკა არეშიძეს „ახალი თაობის“ კორესპონდენტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობაზე ეკითხება. არეშიძე ამბობს: „ვადამდელი არჩევნები არის საზოგადოების მოთხოვნა, იმიტომ რომ მათ 2 ოქტომბერს აღმოაჩინეს, რომ აურჩევიათ ხალხი, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, მათთვის მისაღები არ არის“. მამუკა არეშიძის აზრით, „შედგება თუ არა რიგგარეშე არჩევნები, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩაივლის საპრეზიდენტო არჩევნები. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, საზოგადოებას სერიოზული ბერკეტი აქვს ხელში და ეს არის ადგილობრივი არჩევნები. სწორად გაგებული რომ იქნეს ჩემი ნათქვამი, უკეთ ავხსნი - დღეს საზოგადოებას აქვს იმის შანსიც, რომ გარკვეული ზეწოლა მოახდინოს ხელისუფლებაზე, კარგი გაგებით. ხალხს შეუძლია უთხრას ხელისუფლებას - ადგილობრივ არჩევნებზე არ გექნებათ ის შედეგი, რომელიც არის განსაზღვრული, თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნების ფორმატიც“.

არჩევნების შესაძლო შედეგზე ლაპარაკობს „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში პეტრე მამრაძე: „ამ არჩევნებს განსაზღვრავს ივანიშვილის ფაქტორი, მოსახლეობა ამ არჩევნებში ხმას ბურჯანაძეს კი არა, მარგველაშვილს აძლევს, ვინაიდან ივანიშვილმა წარადგინა ეს ადამიანი. იმედი მაქვს, პირველივე ტურში მარგველაშვილი გაიმარჯვებს. მჯერა, რომ ივანიშვილის კანდიდატი არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს“.

„ალიაში“ ნახავთ დღეს ასეთ სათაურს: „რომელი მაღალჩინოსნები აპირებენ ქვეყნის დატოვებას ანგარიშსწორების შიშით?“. გაზეთის კორესპონდენტს ამ თემაზე ყოფილი პროკურორი და ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ესაუბრება. ის ამბობს: „ესენი არიან ციხის უფროსები, პროკურატურის მაღალჩინოსნები, შსს-ს სპეციალური დანაყოფების - სოდ-ის, კუდ-ის და კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნები. ესაა ის ხალხი, რომელ სისტემასთანაც მე კავშირი მაქვს და ვიცი, ვინ რას გეგმავს და რა მოძრაობებია. თუმცა, ვიცი ასევე, რომ სრულიად სხვა სფეროს ადამიანებიც გეგმავენ ქვეყნის დატოვებას - ესაა ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, ფინანსური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები და ა.შ.. ეს რამდენიმე ათეული ადამიანია“, - ეუბნება ყოფილი პროკურორი „ალიას“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG