Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 22 ოქტომბერი


22 ოქტომბრის პრესის მიმოხილვა გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატიებით დავიწყოთ. გამოცემის მეწინავე სტატია ეძღვნება არჩევნების შემდგომ შესაძლო მოვლენათა განვითარებას. სტატიაში რამდენიმე ექსპერტის მოსაზრებაა იმის თობაზე, მოსალოდნელია თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ქვეყანაში საპროტესტო აქციები. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძე არჩევნების შემდგომ გამოსვლებს ნამდვილად არ ელის. მისი სიტყვებით, „თუ ვინმე ამას შეეცდება, ამით მხოლოდ და მხოლოდ თავისი თავის დისკრედიტაციას მიაღწევს - არ მგონია, რომ რამე მოხდეს“. ასეთი რამის გამორიცხვა თავის მოტყუება ჰგონია ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს. მისი სიტყვებით, „ქვეყანაში შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევა საკმაოდ გამოცდილი და, ამავე დროს, ხშირად და ეფექტურად გამოყენებადი მეთოდი იყო. ამას მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლებისა და საზოგადოების მცდელობა უნდა დაუპირისპირდეს და ყველაფერი სამართლიანად ჩატარდეს“.

„რეზონანსი“ ასევე წერს, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზის“ მილები გაზგაყვანილობისთვის უვარგისია. სტატიაში ვკითხულობთ: „პოლიეთილენის მილები, რომელიც თბილისში ბუნებრივი აირის გაყვანილობისთვის გამოიყენება, აღიარებულ სტანდარტებს არ შეესაბამება და მისი გაზმომარაგებაში გამოყენება არ შეიძლება - დაახლოებით ასეთი დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მას შემდეგ წარმოადგინა, რაც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -თბილისელების“ თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ მილების შემოწმების თხოვნით მიმართა. თავად კომპანია „ყაზტრანსგაზში“ ამ საკითხზე დასკვნის გაცნობამდე კონკრეტრულ კომენტარს არ აკეთებენო, წერს „რეზონანსი“.

„ახალი თაობა“ კი კითხვის ნიშნიანი სათაურით აქვეყნებს სტატიას „ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა პრეზიდენტად დავით ბაქრაძე აირჩიეს?“ პუბლიკაციაში წაიკითხავთ, რომ დავით ბაქრაძის გამარჯვებაში „ლომის წვლილი“ ირაკლი ალასანიამ შეიტანა - ამტკიცებენ, თითქოს თავდაცვის მინისტრმა პირადად სთხოვა სამხედროებს ხმა ბაქრაძისთვს მიეცათ. „ახალი თაობა“ მკითხველებს შეახსენებს: „ვისაც აღარ გახსოვთ, შეგახსენებთ, „ოცნების“ კანდიდატი თავიდან ირაკლი ალასანია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ივანიშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა. ამაზე თავდაცვის მინისტრი სერიოზულად არის გაბრაზებული. ახლა „ოცნებაში“ მის წინააღმდეგ სერიოზული კულუარული ბრძოლაა დაწყებული, თუმცა საეჭვოა ალასანიას ამის გამო ჯარისთვის ბაქრაძის მხარდაჭერა მოეთხოვა“.

„ახალი თაობა“ მკითხველებს ცესკოდან მიღებულ ინფორმაციასაც სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, ავღანეთის სპეცუბნების დალუქული საარჩევნო ყუთები 27 ოქტომბერს გაიხსნება და მასში არსებული ბიულეტენები საქართველოში ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ კანონით დადგენილი წესების თანახმად დაითვლება. მანამდე კი გამარჯვებულის ვინაობა უცნობია.

გაზეთი „24 საათი“ წერს, რომ აბაშაში „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი გიორგი გვილავა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ მაჟორიტარ დეპუტატს დავით დარცმელიძეს ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტს პოლიცია იძიებს. კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი მომხდარს აბაშაში არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დეპუტატ თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი პროკურატურაშია დაბარებული, რასაც ბოკუჩავა წინასაარჩევნო ზეწოლად მიიჩნევს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG