Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 16 დეკემბერი


„ასლანის პროვოკაცია“ - ასე უწოდებს „ვერსიის“ ავტორი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს: „პოლიტიკური კიჩი გრძელდება. ყველაფერი ისეა, როგორც ბიძინა ივანიშვილის დანატოვარ ანეკდოტში. კახი კალაძემ მიტუას - აჭარის ლიდერის ავთანდილ ბერიძის საკითხის პარტიის კრებაზე დასმა გადაწყვიტა. პასუხიც თითქმის ისეთი მიიღო, როგორც ანეკდოტშია („დასვამთ და იჯდეი, რაო“) - თანაც, ორ ხმაში - ავთანდილისგან და მურმანისგან. ისტორია ფარსის სახით მეორდება. თუ ადრე გვყავდა ასლანი და ის განზე იწევდა, ახლა გვყავს მურმანი და ავთანდილ ბერიძე და, როგორც გასული კვირის ბოლოს გაირკვა, ისინიც განზე იწევენ...“.

„კვირის ქრონიკა“ ამავე თემაზე: „სანამ ხელისუფლებაში თუნდაც ერთი ჩინოვნიკი ყველგანმავალ „პრადოზე“ იოცნებებს, ყოველთვის იარსებებს საფრთხე იმისა, რომ ამ ხელისუფლებას ხალხი პოლიტიკურ საიქიოში გაუშვებს“.

„კვირის ქრონიკას“ ფოტოგრაფი იური მეჩითოვი ეუბნება: „აი, ალექსი პეტრიაშვილი კი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% მომხრეა საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისო, მაგრამ ეს არის ტყუილი! 700 ათასი ქართველია წასული რუსეთში სამუშაოდ. ისინი იქიდან ოჯახებს ინახავენ და ჯერჯერობით წამოსვლას არ აპირებენ. რა თქმა უნდა, იქ არის გარკვეული პრობლემები მათთვის შექმნილი, მაგრამ იქაურ პრობლემებს აქაურ არსებულ პრობლემებზე, ვაი რომ, არ გაცვლიან. მე არც სტალინისტი ვარ, არც ზვიადისტი და არც ბიძინისტი. კიდევ ვიმეორებ, მე ვარ ქართველი ნაციონალისტი!“

„რეზონანსი/მთელი კვირა“ – „დეპუტატის თითი მეზობლის პულტზე“. სტატიის ავტორი წერს: „საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კენჭისყრაზე ხმას სხვის ნაცვლადაც აძლევენ. ამის შესახებ ვიდეომასალას ინტერნეტ-ტელევიზია „პალიტრა.ტვ“ ავრცელებს“. ვიდეომასალის ავტორს „რეზონანსისთვის“ უთქვამს, რომ „დეპუტატების ვინაობა მისთვის უცნობია, თუმცა გადაჭრით ამბობს, რომ უმრავლესობის წევრები არიან: „ნამდვილად უმრავლესობის წევრები არიან, ვინაიდან გადაღების დროს უმცირესობას პარლამენტისთვის ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული და პლენარულ სხდომას არ ესწრებოდნენ“.

სოსო ცისკარიშვილი მთავარი პროკურატურის შესახებ ელაპარაკება „კვირის პალიტრას“: „ყველაზე მეტ ინფორმაციას ლაშა ნაცვლიშვილის ავკაცობის შესახებ ფლობენ იმ ბიზნესმენების ადვოკატები, რომლებიც, სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, აღმოჩნდნენ ახალი უსამართლობის მორევში. რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ ეთერში მისაყვედურა, რას ერჩის ცისკარიშვილი ნაცვლიშვილსო, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს - ნაცვლიშვილის ტყუილებიც ადვილად გაიშიფრა და ჩვენი ხელისუფლებისთვის თვალის ახელის ჟამი დადგა“.

უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია ამჯრად „პრაიმ-ტაიმს“ უდასტურებს იმას, რაც სხვა გაზეთებისთვისაც უთქვამს: „დიახ, თუკი რომელიმე გახმაურებული საქმე გაიხსნება, პირველ რიგში, შეიძლება ეს იყოს ზურას საქმე. მე აღარ განვმეორდები, თუ ვინ და რა დოზით მონაწილეობდა ამ საქმეში. საზოგადოება გადაიღალა ერთი და იგივეს ლაპარაკით. მათ სურთ კონკრეტული პასუხი და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს პროცესი დიდხანს აღარ გაგრძელდება“.

„ასავალ-დასავალში“ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის საქმეზე ყოფილ სახალხო დამცველ და დეპუტატ დავით სალარიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. სალარიძე, როგორც თვითონ აცხადებს, „დღემდე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე“ დაყრდნობით, ასკვნის: „ჟვანია გარდაიცვალა საბურთალოს ქუჩაზე და გარდაცვლილი იქ არავის მიუტანია არც ტელევიზორის ყუთით და არც საკაცით, არავის ჩაურტყამს მისთვის საფერფლე, არც იარაღიდან უსვრია, არც რაიმე ნემსი გაუკეთებიათ და არც ხელითაა გაგუდული. იგი გარდაიცვალა ზემოხსენებულ ბინაში და გარდაცვალების მიზეზი იყო ნახშირჟანგით მოწამვლა“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG