Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 13 იანვარი


დღევანდელ პრესაში საყურადღებოა ინტერვიუ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან. ის ამბობს: „’ნაციონალები’ თავიდან ჯერ თვალყურს მადევნებდნენ, შემდეგ მათ რეალურად იგრძნეს საფრთხე, რომ 9 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისტემური დანაშაულები გამოაშკარავდებოდა. ეს არის სააკაშვილის მმართველობის დროს ჩადენილი მძიმე დანაშაულები - ადამიანების გატაცებები, მკვლელობები, სასტიკი წამება ციხეებში, რომელსაც ბევრი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. სულ რამდენიმე დღის წინ იყო ქობალიას საქმე. რატომღაც ამ ერთი წლის განმავლობაში ამაზე საუბარი არ მიმდინარეობდა. რა იყო ამის მიზეზი, ამით თუ ოდესმე დაინტერესდება ახალი ხელმძღვანელობა, ალბათ, გაარკვევს. ეს საქმეები იდო პროკურატურაში და ჩვენ გავხსენით. აქტიურად დავიწყეთ მუშაობაო“, - ეუბნება „პრაიმ-ტაიმს“ ოთარ ფარცხალაძე და დასძენს, „’ნაცებმა’ საფრთხე იგრძნეს“ და სხვა აღარაფერი დარჩენოდათ, ჩემზე შეტევის გარდაო.

დღევანდელ პრესაში გრძელდება პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე მსჯელობა. „კვირის პალიტრაში“ ვრცელი სტატია ქვეყნდება, სათაურით „გულისყურით წასაკითხი!“. ასოები ისეა გაწითლებული, აგრეთვე ამოიკითხავთ - „გულის საკითხი“. სტატიას ორი ავტორი ჰყავს. ერთ-ერთი წერს: „ეპისტოლეს და ხალხის ამბავი თესლისა და მთესველის იგავს ჰგავს. ყველა იმას შეისმენს, რისი შესმენაც უნდა და თავის გულს, როგორც საუკეთესო ნიადაგს, მიაგებებს ან არ მიაგებებს ეკლესიის წინამძღოლის სიტყვას“. ამავე სტატიაში წერია, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში და აშშ-ის ბევრ შტატში სუროგაცია კანონით აკრძალულია.

პატრიარქის ეპისტოლეზე და მისით გამოწვეულ რეაქციაზე ეუბნება კახა კუკავა „ასავალ-დასავალს“: „დიახ, ლგბტ აქტივისტებისა და ნინია კაკაბაძის მიერ საპატრიარქოსთან მოწყობილი აქცია პირდაპირ უნდა იქნეს კვალიფიცირებული, როგორც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქზე თავდასხმა!“.

კვლავ ეპისტოლეზე მოსაზრებას მამუკა არეშიძე „კვირის ქრონიკას“ უზიარებს: „იქ არაფერი იყო ისეთი, რაც განსაკუთრებულ მღელვარებას გამოიწვევდა. უბრალოდ, ეს არის მიზეზი, რომ გაააქტიურონ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა. ყველამ ვიცით, რომ ეკლესიაში ისედაც დაძაბულობაა და ვცდილობთ პროცესი ღრმად არ წავიდეს. გონს მოვიდეს მღვდელმთავართა ის ნაწილი, რომელიც თავის თავს იმ ფუფუნების უფლებას აძლევს, რასაც აძლევს“.

„რეზონანსი/მთელი კვირა“ წერს, რომ სახალხო დამცველი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის სანაცვლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გააქტიურების ინიციატივას აყენებს. უჩა ნანუაშვილს „რეზონანსი/მთელი კვირისთვის“ უთქვამს: „ფაქტია, რომ საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ისე აქტიური, როგორც უნდა იყოს. ის საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურად ჩართული არ არის. ძალიან ბევრი საქმე რჩება განსახილველი. შეიძლება ითქვას, რომ იმ პოტენციალს, რაც ამ სასამართლოს გააჩნია, არ ვიყენებთ“.

„ახალი თაობის“ კორესპონდენტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ შალვა შავგულიძეს ესაუბრა. შავგულიძე თვლის, რომ „სამართლიანობის განცდა თუ არ მოიტანა ხელისუფლებამ, ის ხელისუფლებაში დიდხანს ვერ დარჩება. მხოლოდ სამართლიან მმართველობას შეუძლია სახელმწიფოში ის ჰარმონია შექმნას, რაც განაპირობებს შემდგომ კეთილდღეობას“. - შავგულიძე თვლის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს უნარი პროცესი ბოლომდე მიიყვანოს“.
„ვთხოვ პროკურატურას, ყველაფერი, რაც ჩემს წინააღმდეგ ამ ერთი წლის განმავლობაში გაჟღერდა, დროულად იქნეს გამოძიებული“, - უთქვამს „ასავალ-დასავალისთვის“ გია ხუხაშვილს. ის ირწმუნება, „რუხი კარდინალი არ ვყოფილვარო“, „თუმცა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში ჩემს სიტყვას წონა ჰქონდაო“. ინტერვიუს დასასრულს: „ცხადია, დღეს ისეთი ხშირი ურთიერთობა არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენატრებიან დათო უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სხვები, ჩემს თავს მათთან კომუნიკაცია ავუკრძალე. თუ გინდა ხელისუფლების კრიტიკის უფლება მოიპოვო, მასთან კომუნიკაცია უნდა შეწყვიტო“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG