Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 15 იანვარი


დღევანდელი „რეზონანსის“ პირველ გვერდზე სათაურია - „რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა საქართველოს გადაუფრინეს“. ავტორი წერს, რომ „10 იანვარს, გამთენიისას, საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა თვითმფრინავებმა დაარღვიეს. ხუთმა ერთეულმა სუ-27 ტიპის გამანადგურებელმა და ერთმა სატრანსპორტო ილ-76-მა საქართველოს საჰაერო სივრცე გადაკვეთა და სომხეთში, ერევანთან ახლოს, ერებუნის სამხედრო აეროდრომზე დაეშვა“. „რეზონანსის“ ამავე სტატიაში წაიკითხავთ, რომ, „სამხედრო ექსპერტთა აზრით, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, რადგანაც, მართალია, „რუსკიე ვიტიაზი“ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების დაქვემდებარებაშია, მაგრამ ისინი სამხედრო ამოცანებს არ ასრულებენ“. სამხედრო მიმომხილველ გიორგი ინაურს „რეზონანსისთვის“ უთქვამს: „მართალია, სამხედრო თვალსაზრისით კონკრეტულად ამ თვითმფრინავებს ჩვენთვის ზიანის მოტანა არ შეუძლიათ, მაგრამ თავად ფაქტია შეურაცხმყოფელი. გამოდის, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს სუვერენიტეტს არც იმ არაოკუპირებულ 80 %-ზე არ სცემს პატივსო“.

დღეს „ყველა სიახლე“ და „საქართველოს რესპუბლიკა“ წერენ 2006 წელს ნავთლუღში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ. მაშინ სამართალდამცავებმა სამი პირი მოკლეს. ერთ-ერთი მოკლულის, შოთა გორგაძის ძმა, ყოფილი პატიმარი გიორგი გორგაძე, „ყველა სიახლეს“ ეუბნება: „დიახ, მე მივეცი ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე. მე ციხეში ვიყავი. ჩემი ძმა და მისი მეგობრები წალკიდან მოდიოდნენ. მე მათთან სატელეფონო კავშირი მქონდა. ნავთლუღში უნდა შეხვედროდნენ ჩემი ერთ-ერთი მეგობრის ძმას. იქ კი ისინი ბაჩო ახალაიამ და მისმა სპეცრაზმმა ჩაცხრილეს“. გიორგი გორგაძე ჰყვება, რომ ამის შემდეგ „ზონაში სპეცრაზმი ბაჩო ახალაიას თანხლებით“ მივიდა. მას და კიდევ 5 პატიმარს არაერთხელ სასტიკად სცემეს: „მოითხოვდნენ მეღიარებინა, რომ წალკიდან ჩემი ძმა და მისი მეგობრები ჩემთან მოდიოდნენ, თითქოს ციხის ადმინისტრაციას უნდა დასხმოდნენ თავს 2 არასრულწლოვანი და ერთი სრულწლოვანი ბიჭი. თითქოს მე უნდა გავეყვანე ზონიდან. ჩემს ძმას იარაღი თვალით არ ჰქონდა ნანახი. მოკლული რომ ჰყავდათ, 4 თვის შემდეგ გავიგე გაზეთის მეშვეობით“.

„ფარცხალაძის კრიზისმა გამოააშკარავა, რომ სისტემამ კრახი განიცადა. ეს არის სწორედ ის, რომ ეს სტრუქტურები თავის დანიშნულებას ვერ ასრულებენ“, - ეუბნება პეტრე მამრაძე, ამჟამად მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, „ახალ თაობას“. ამ ინტერვიუში ის ლაპარაკობს ვანო მერაბიშვილის განცხადებაზეც მისი საკნიდან გაყვანის შესახებ: „კლინიკური გიჟი უნდა ყოფილიყო, რომ ეთქვა ასეთი სიცრუე, რომელსაც ნახევარ საათში დაუმტკიცებდნენ. როდესაც ამას ხელისუფლება არ აკეთებს, ეს რას ნიშნავს? - მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ კადრებში ჩანს, როგორ გაიყვანეს საკნიდან მერაბიშვილი“.

„საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა კახიშვილი „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მთავრობაში ცვლილებებს წინასწარმეტყველებს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე ამბობს: „რა თქმა უნდა, ის ბოლომდე კომფორტულ გარემოში არ არის, რადგან მთავრობა მას არ დაუკომპლექტებია და ეს შეიძლება გარკვეულ დაბრკოლებას ქმნიდეს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის დროის ამბავი და რაღაც პერიოდის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს საკადრო ცვლილებების გადაწყვეტილებას. ის, რომ ღარიბაშვილისთვის მუშაობა რთულია, მისი განცხადებაც ადასტურებს მთავრობის სხდომაზე, როცა უსაყვედურა მინისტრებს, რომ მათ შორის კოორდინაცია არ არსებობს. რეალურად, კოორდინაცია არა მხოლოდ მინისტრებს შორის, არამედ მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორისაც არ არსებობს“.

„რეზონანსის“ კიდევ ერთ სტატიას მივუბრუნდები. ამ გაზეთის ფურცლებზე საქართველოს პირველი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში რევაზ გაჩეჩილაძე ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს იგონებს და წერს, რომ „შარონი პოლიტიკოსი უფრო მოქნილი აღმოჩნდა, ვიდრე შარონი გენერალი“. „შარონი ხშირად მოქმედებდა თავისი ხელმძღვანელობის უნებართვოდ, მაგრამ მისი სიმამაცე და თავდადება ყოველთვის აცილებდა თავიდან სერიოზულ სასჯელს“, - წერს რევაზ გაჩეჩილაძე. ის იხსენებს არიელ შარონის თბილისში ვიზიტს 1999 წელს, როცა მან თავისი მშობლების შეხვედრის ადგილი - თბილისის უნივერსიტეტის ეზო - მოინახულა და შემდეგ, ქართველი მასპინძლების დახმარებით, ბებიის საფლავიც მონახა, სადაც განსვენებულისთვის ლოცვაც წარმოუთქვამს. არიელ შარონზე რევაზ გაჩეჩილაძის მოგონება „რეზონანსში“ ქვეყნდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG