Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 31 იანვარი


დღეს გამოვიდა ჟურნალი „არსენალი“, რომელშიც ერთი სტატია სოჭის ოლიმპიადას ეძღვნება - „რა საფრთხეები ელის სოჭის ოლიმპიადას?“. სხვადასხვა სახის საფრთხეების ჩამოთვლის შემდეგ სტატიის ავტორი წერს: „ჩრდილო კავკასიაში რუსეთის ფედერალურ ძალებთან მებრძოლებს ძალიან სჭირდებათ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ კრემლთან ბრძოლა არ შეუწყვეტიათ, ამიტომაც აქვთ მოტივაცია, რაც შეიძლება რეზონანსული ტერორისტული აქტი მოაწყონ ოლიმპიადაზე“.

„არსენალშივე“ წაიკითხავთ სტატიას ჯავშანმანქანა „დიდგორის“ ახალი მოდიფიკაციისა და მისი ექსპორტის შანსებზე: „თუკი ინტეგრირებული ქსელების „დიდგორმა“ საექსპორტო გზა გაიკვალა, შეიძლება თან შეიარაღებული „დიდგორების“ კოლონაც წაიყოლოს, თუმცა ეს მხოლოდ ოცნების თემაა და ძალიან ძნელად განსახორციელებელი, მაგრამ არც გამოსარიცხი“.

დღევანდელ პრესაში გრძელდება მუხროვანის ვიდეოს თემა. „ახალ თაობაში“ გენერალ გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება: „მართლა ბედნიერი ვარ, თუკი ჩემნაირი გამწარებული ადამიანი შეიძლება ბედნიერად ჩაითვალოს. ბედნიერი იმიტომ ვარ, რომ დაიდო ფაქტები, დამტკიცდა ის, რასაც ამ წლების მანძილზე ვამბობდი... კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ესენი სპექტაკლებს დგამდნენ ხალხის დასახოცად. ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩემი ძმის მკვლელობა იყო“.

„ახალ თაობაშივე“ ლარის კურსის შესახებ ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის ცენტრის დირექტორ მერაბ კაკულიას მოსაზრებებს გაეცნობით. ის ჩამოთვლის არაერთ ფაქტორს, რამაც ლარის კურსის დაცემა გამოიწვია და ასე ასრულებს: „პანიკის საფუძველი დღეს მართლაც აღარ არსებობს, რადგანაც გაცვლითი კურსი უკვე მიუახლოვდა ახალ წონასწორულ მნიშვნელობას. თუმცა, ჩემთვის გასაგებია საზოგადოების შეშფოთება, რაც სამომხმარებლო ფასების ზრდის მოლოდინს უკავშირდება“.
„ძირს ნაცქოცების მაფია, რომელიც თბილისელების ეკოციდს აგრძელებს. ნაციონალები და „ოცნების“ წარმომადგენლები ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე წილებს იყოფენ“, - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც პირობას იძლევა, რომ უკან არ დაიხევს: „მეოცნებე ხელისუფლებას კი ვაფრთხილებ, თუ დროულად არ გადაუხვევენ ნაციონალების მიერ ავტორიტარიზმისკენ გაკვალული გზიდან, ისინი უფრო მალე და მძიმედ დაასრულებენ, ვიდრე წინამორბედნი“.

„რეზონანსი“ წერს ეგვიპტიდან საქართველოში მასობრივი მიგრაციის შესახებ: „საქართველოში ძირითადად ეგვიპტელი მუსლიმებისგან დაშინებული მართლმადიდებელი კოპტები ჩამოდიან. სხვა ქრისტიანული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ვიზის მოპოვება და ამ ქვეყანაში ჩასახლება უფრო მარტივია და ამიტომ მათი არჩევანი გასაგებია. ეგვიპტელი მიგრანტები ჩვენს ქვეყანაში სამუშაოსა და მშვიდ ცხოვრებას ეძებენო“, წერს „რეზონანსის“ ავტორი. გაზეთისთვის დემოგრაფ ანზორ თოთაძეს უთქვამს: „სულ ერთია, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები ჩამოვლენ. მასობრივი მიგრაცია საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ცუდია. დიდი რაოდენობით შემოსული უცხოელი იკავებს იმ ადგილს, რომელიც საქართველოს მოქალაქეს უნდა დაეკავებინა“.

„საქართველოს რესპუბლიკამ“ გადაწყვიტა მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის ბიოგრაფიის დეტალები გამოერკვია და ამისთვის მის ყოფილ პედაგოგებს მიმართა. ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ლექტორს მაია ყანდაშვილს გაზეთისთვის უთქვამს: „მახსოვს ლექციებს არ აცდენდა. იმითაც დამამახსოვრდა, რომ არ დასჭირვებია ვინმეს პროტექცია, არც არასდროს უთხოვია ნიშანი (ვთქვათ, ქულა მჭირდება და მომიმატეო). იყო ჩვეულებრივი სტუდენტი“. მთავარი პროკურორის კიდევ ერთ ყოფილ პედაგოგს, ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერ ქეთევან ქოქრაშვილს გიორგი ბადაშვილზე უთქვამს: „გიორგი იყო მშვიდი, წყნარი, თითქოს უკვე გაზრდილი და ჩამოყალიბებული პიროვნება. ჩემს საგანს ოთხიანზე სწავლობდა, თუმცა კოლეგებისგან ვიცოდი, რომ სისხლის სამართალში გაცილებით კარგად იყო მომზადებული და ხუთიანი ჰყავდა. რაღაც საგანში არ ბრწყინავდა, რაღაცაში, როგორც ვიცი, სამებიც კი ჰქონდა მიღებული. იყო ნორმალური, მოაზროვნე სტუდენტი“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG