Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 15 თებერვალი, 2012


”ქართული ოცნება” სააკაშვილის ოცნებასთან ბრძოლას იწყებს” – ”ყველა სიახლე” ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის მომავალი პარტიის საინიციატივო ჯგუფის დასახელებას.

”ვერსია” კი წერს, რომ ”საქართველოს არც ერთ კუთხეში, როგორც აჭარაში, ისე მწვავედ არ განხილულა საკითხი, თუ ვინ უნდა გახდეს ”ქართული ოცნების” ლიდერი”.

”ვერსიაში” ქრისტიან-დემოკრატების ლიდერ გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ივანიშვილზე ამბობს: ”სხვათა შორის, უკვე ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მან ”რესპუბლიკელები” კი არ შეიყვანა თავის კოალიციაში, არამედ თავად შევიდა მათ პარტიაში”. ამავე ინტერვიუში გიორგი თარგამაძე აცხადებს: ”დღეს ოპოზიციურ ფლანგზე ყველას უნდა ეყოს იმის ტვინი და წინდახედულება, ერთმანეთთან მისასვლელი გზები არ დავწვათ.”

”ვერსიის” ჟურნალისტი პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს, რომელიც ინტერვიუში უარს ამბობს ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ფიგურების შეფასებაზე, ეკითხება: ”თუ ბიძინა ივანიშვილზე საუბარი იმიტომ არ გსურთ, რომ მას დიდი ხანია იცნობთ და თანაც თქვენს ძმას ივანიშვილთან დღემდე საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს?” - მაჭავარიანი პასუხობს: ”არა, ასეც არ არის” და ”ამ კითხვაზე მაშინ გიპასუხებთ, როცა საჭიროდ ჩავთვლი.”

”ყველა სიახლესთან” სააკაშვილის პოლიტიკური გეგმების შესახებ ვარაუდს გამოთქვამს სოსო ცისკარიშვილი: ”როგორც ჩანს, სააკაშვილი აპირებს ხელისუფლებიდან ფორმალურად წავიდეს, რეალურად კი ძალაუფლება შეინარჩუნოს არა პრემიერ-მინისტრის სავარძელში, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ამპლუით და რატომღაც ჰგონია, რომ ამგვარი მოდელით დასავლეთს გააცურებს.”

”ახალი თაობა” წერს, რომ ”ივანიშვილის კოალიციის კარი ჯერ საბოლოოდ არ დახურულა”. ავტორი წერს: ”სავსებით შესაძლებელია, გაპოლიტიკოსებულმა მილიარდერმა ლევან გაჩეჩილაძეც მიიწვიოს თავისთანო” და იქვე შენიშნავს, რომ გაჩეჩილაძე ”ივანიშვილისთვის დამატებითი კოზირია ხმების მოსაზიდად”.

”რეზონანსში” მთავარი რედაქტორის მოადგილე ელისო ჩაფიძე აქვეყნებს სვეტს, სათაურით ”ჩემი მძიმე არჩევანი”: ”ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა არჩევანი უნდა გააკეთო, დარჩე სადღაც და პასიურად აკრიტიკო სხვისი ქმედებები, თუ თავად სცადო გააკეთო რამე. დღეს შანსი მომეცა, რომ თავად ვცადო და მე ვცდი ამას ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ოჯახისთვის, ახლობლებისათვის, მკითხველებისათვის და იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც არ მოვწონვარ, მაგრამ თავისი ფხიზელი თვალით მაფხიზლებს და მიბიძგებს განვითარებისკენ.”

”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება აჭარის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ შემუშავებული მიმართვის ტექსტი, რომელიც აჭარაში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხს შეეხება: ”გამოვხატავთ რა ჩვენს კეთილგანწყობას საკუთარი და არა მარტო საკუთარი მუსლიმანი მოქალაქეების რელიგიური მემკვიდრეობის მიმართ, გამოვთქვამთ შეშფოთებას იმის გამო, რომ ისტორიული მეხსიერების გაუთვალისწინებლობას შესაძლოა მოჰყვეს არა მარტო ვნებათაღელვა, არამედ ესკალაციაც კი. ამის შესახებ ჯერ კიდევ 4 წლის წინათ გვაფრთხილებდა საქართველოს პატრიარქი, რომელიც მოსახლეობაში განუზომელი ავტორიტეტით სარგებლობს.”

”24 საათი” პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომის შესახებ წერს სტატიაში ”დავა ქსენოფობიასა და ფინანსურ მონიტორინგზე”. დღევანდელ ნომერში გაეცნობით აგრეთვე ინფორმაციას ტერაქტის მცდელობაში ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG