Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 29 თებერვალი, 2012


დღევანდელი გაზეთები 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას და სხდომაზე გამართულ დებატებს ეხმაურებიან. ტექსტების უმეტესი ნაწილი გამოსვლების შინაარსს ეთმობა. იმის გამო, რომ სხდომა გვიან გაიმართა, მისი დამთავრების შემდეგ კომენტარებისა და შეფასებების მოპოვება, პრესის სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, შეუძლებელი აღმოჩნდა, მცირე გამონაკლისის გარდა.

ვიდრე გუშინდელი დებატების გაშუქებაზე ვიტყოდე, ”რეზონანსის” პირველ გვერდზე გამოქვეყნებულ ერთ ინფორმაციას გაგაცნობთ: ”გუშინ ხაშურის პოლიციაში დაკითხვაზე დაბარებული სოფელ ქვიშხეთის მკვიდრი, 48 წლის სოსო ქიმერიძე გარდაიცვალა”. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროს შოთა ხიზანიშვილს ”რეზონანსისთვის“ უთქვამს: ”ტყუილია ის, რომ თითქოს ის პიროვნება პოლიციელებს ცემაში შემოაკვდათ”. ხიზანიშვილის თქმით, ქიმერიძე პოლიციაში მოწმის სახით დაიბარეს, დაკითხვის შემდეგ კი კიბეზე დაგორდა და ტრავმა მიიღო. ”ეს ადამიანი უცებ არ გარდაცვლილა, ის პოლიციიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს და შემდეგ სახლში. სხვა ინფორმაცია არ მაქვსო”, უთქვამს შოთა ხიზანიშვილს. ”თავისუფალი დემოკრატების” ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ცხადიაშვილი კი ”რეზონანსს” ეუბნება: ”პირადად მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ოჯახი რაღაცას უფრთხის და ბოლომდე არ ამბობს იმას, რაც იცის. როცა გარდაცვლილის შვილს ვკითხე, ერთი ქვაბის გამო მოკლეს-მეთქი მამათქვენი, და არაო, აქ სხვა რაღაცააო.”

28 თებერვლის პარლამენტის სხდომას რაც შეეხება, ყველაზე ვრცლად სხდომის შინაარსს ”24 საათი” აშუქებს. გაზეთის პირველ გვერდზე ორი სტატიაა გამოტანილი: ერთი პრეზიდენტის მოხსენებას ეხება და სათაურია ”არ არსებობს ძალა, რომელიც ამ გზიდან გადაგვახვევინებს”, და მეორე ეხება დებატების ნაწილს და სათაურია ”ოპოზიციის და ხელისუფლების პარალელური რეალობები”.

”ვერსიის” პირველი გვერდი - ”პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებადაა” შეფასებული სააკაშვილის გამოსვლის ის ნაწილი, სადაც მან ნაციონალური მოძრაობის ქვეყნის მართვის კიდევ მრავალი წლის რესურსს გაუსვა ხაზი და განაცხადა - ”მე ამ პერსპექტივაზე ნამდვილად არ ვიტყვი უარსო”. ასევე პირველ გვერდზეა სააკაშვილის ფრაზა, რომლითაც მან დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას ”ხარისხიანი ტალახის აბაზანა” შესთავაზა. ”ვერსიის” ავტორი შენიშნავს, რომ რუსეთზე ლაპარაკისას მიხეილ სააკაშვილმა ”ჩვეულებას უღალატა, სიტყვა ”ოკუპაცია”, რომლის თქმასაც ყოველთვის ყველასგან მოითხოვს, ერთხელაც არ ახსენა, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ლოიალურ პოზიციას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ”შეშვებასთან” დაკავშირებით და კიდევ ერთი ინიციატივა გააჟღერა, ალბათ, მომავალი 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების გავლენითაც: სააკაშვილი შანსს აძლევს რუსულ დემოკრატიას და ცალმხრივად აუქმებს სავიზო რეჟიმს რუსეთთან”.

”საქართველოს რესპუბლიკა” ასე აღწერს სამშაბათის დებატებს: ”იყო ჩვეულებრივი ენამრავლობა, შეუფარავი ბაქიბუქი, ყოვლისმომცველი ოპტიმიზმი, ანუ დამოყვრებული ევროპა-ამერიკა, დაძლეული საყოველთაო დასაქმება და სიღარიბე. იყო აგრეთვე მოწინააღმდეგეთა ”ერთ ადგილას” შეძვრენა. თუმცა არც ოპონენტთა მხრიდან დანთებულა ნაკლები ცეცხლი.”

”ყველა სიახლის” სტატიის სათაურია ”კარგად ჩაბულბულებული სხდომა პარლამენტში. ანუ ‘ის არსად წასვლას არ აპირებს’”. გაზეთს ექსპერტმა გია ხუხაშვილმა უთხრა: ”ის არსად წასვლას არ აპირებს... ხშირად ახსენებდა 2015 წელს და იმას, რა აქვს მანამდე გასაკეთებელი. ლაპარაკობდა პირველ პირში და ეს უკვე საკმარისია ლოგიკური დასკვნების გასაკეთებლად. დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის სათავეში ამა თუ იმ ფორმით დარჩენას აპირებს.”

სხვა თემებს რაც შეეხება, ”ყველა სიახლეში” ”ქართული ოცნების” პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: ” ‘მეცხრე არხი’ მარტში აუცილებლად გავა ეთერში, თუმცა ზუსტ რიცხვს ჯერჯერობით ვერ გეტყვით”. ამავე ინტერვიუში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ”მეცხრე არხისთვის” ნებართვის გაცემის შეფერხებაზეც ლაპარაკობს: ”ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ყველა მხრიდან გვიტევენ. შესაბამისად, როგორც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლები ამბობენ ხოლმე, გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს პროცესი ხელოვნურად ფერხდება, თუმცა, როგორც უნდა გააჭიანურონ, საბოლოოდ მაინც მოუწევთ შეკრება და გადაწყვეტილების მიღება.”

”ახალი თაობა” მკითხველს ბიძინა ივანიშვილთან იმ ინტერვიუს შინაარსს აცნობს, რომელიც, გაზეთის ცნობით, სამეგრელოს ინტერნეტგამოცემა ”თავისუფალ სიტყვაში” გამოქვეყნდა. ივანიშვილი სააკაშვილზე ამბობს: ”მას ჰგონია, რომ საზოგადოების დაშინებული ნაწილი არ გამოვა სახლებიდან და მის მაგივრად თავად მისცემენ ხმას. ასეთი დიდი ისტორიის მქონე ქართველები არც ისეთი მშიშრები ვართ, რომ არჩევნების დღეს სახლებიდან გამოსვლა ვერ მოვახერხოთ.”

”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ნანა დევდარიანი ამბობს: ”თუ მესამე ძალაზეა საუბარი, ეს უნდა იყოს ის პარტიები, რომლებიც არიან სააკაშვილის ოპონენტები და რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მომხრეები. საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ჯანსაღი რომ იყოს, აქ უნდა ჩანდეს პროდასავლური ძალაც და პრორუსულიც. ამათ შორის კამათში უნდა გამოდნეს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG