Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 28 მარტი, 2012


დღევანდელი ქართული პრესის პირველ გვერდებზე ორი თემა ჭარბობდა - ქართული ”ფორბსის” მთავარი რედაქტორის რეზო საყევარიშვილის მიერ სამსახურის დატოვება ზეწოლის გამო და ამერიკული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის ანალიზი.

”რეალურად, ვხვდები, რომ ეს ძალიან საგრძნობი დარტყმაა ბრენდზე, მის იმიჯსა და რეპუტაციაზე”, - უთხრა რეზო საყევარიშვილმა ”ვერსიას” და დასძინა:”მაგრამ არსებობს მეორე არგუმენტი. ხშირად ხდება, რომ საქართველოში იწყება კარგი საქმე, რომელიც არასათანადო მენეჯმენტის გამო ფუჭდება. ამის შემდეგ ასკვნიან, რომ საქართველოს ბაზარი არ არის მზად. მაგრამ საქართველო "ფორბსისთვის" მზად არის, თუ მას ხელს არ შეუშლიან. თუ დამფუძნებლები არ შეეცდებიან განახორციელონ ცენზურა, ბრენდს ნამდვილად აქვს პერსპექტივა.”

რაც შეეხება ”ენ-დი-აი” კვლევებს, ”რეზონანსი” დღეს აქვეყნებს ინტერვიუს ”თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერ ვიქტორ დოლიძესთან. ინტერვიუს სათაურად გამოტანილია ფრაზა: "სასაცილოა ამ კვლევის შედეგები". ”ჩვენი მთავარი კვლევა, სიმართლე გითხრათ, არის საზოგადოების დამოკიდებულება და შეფასება, რაც სრულიად განსხვავებულ სურათს ქმნისო", - უთხრა ვიქტორ დოლიძემ ”რეზონანსს”.

კვლევა დაიწუნა პარლამენტარმა ჯონდი ბაღათურიამაც. ამის შესახებ უკვე „ახალი თაობა” წერს. ” ‘ენ-დი-აიმ’ კვლევების სრული დისკრედიტაცია მოახდინა. ალბათ, უხერხულად გრძნობს თავს ამ კვლევების დამკვეთიცა და შემსრულებელიც. მისი შედეგებით ქვეყანაში არსებული სურათი თავდაყირააა დაყენებული. შესაბამისად, ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ არა ‘ენ-დი-აის’, არამედ ორგანიზაციას, რომელიც ამ შეკვეთას ასრულებს”, - უთხრა ჯონდი ბაღათურიამ ”ახალ თაობას”.

დღევანდელი ”ყველა სიახლეც” კითხულობს: „ვენდოთ „ენ-დი-აის“ კვლევას?“ გაზეთს რამაზ საყვარელიძე პასუხობს: „ ‘ნაცმოძრაობის’ რეიტინგი მიზანმიმართულად მგონია გაზრდილი, ხოლო "ქართული ოცნებისა" - შემცირებული. გულდასაწყვეტია, რომ ამის უკან ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დგას და რაღაც პოლიტიკურ თამაშებში მონაწილედ გვევლინება. ეს, უპირველესად, ამერიკის ინტერესებსა და იმიჯს ლახავს ჩვენს ქვეყანაში."
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG