Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 31 აგვისტო, 2011


დღევანდელი ”რეზონანსი” სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ წამოწყებულ ერთ აქტივობაზე წერს, რომლის მიხედვითაც 23 ნოემბრისათვის მძლავრი საპროტესტო აქცია უნდა გაიმართოს, უფრო კონკრეტულად კი, იგეგმება ცოცხალი ჯაჭვის შექმნა ვარდების რევოლუციის წინააღმდეგ. ”შემოვახვიოთ ცოცხალი ჯაჭვი და ერთად მოვგუდოთ ასფიქსიაში მყოფი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება!", "საქართველოში განსხვავებულად აზროვნება დღეს კრიმინალია!", "მშიშარასტების ლოზუნგია: ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა, უმეცრება ძალაა", "თუ თქვენ მომხრე ხართ ამ აქციის, მაშინ ჩადექით ჯაჭვში და ბოლოჯერ გავიბრძოლოთ ჩვენი სიმართლისთვის ყოველგვარი კიწმარიშვილის, ბურჯანაძის, ოქრუაშვილის გარეშე", "ვთქვათ ჩვენი სიტყვა!" - ასეთი მოწოდებები სიციალურ ქსელ "ფეისბუკში" გაჩნდა - უფრო სწორად კი, "ფეისბუკში" შექმნილ გვერდზე, წერს დღევანდელი ”რეზონანსი”. თუმცა მსგავს წამოწყებას საკმაოდ პესიმისტურად აფასებენ ”რეზონანსთან ” საუბრისას პოლიტოლოგები. სოსო ცისკარიშვილის თქმით, საჯარო პროტესტის გამოხატვის სურვილი მოსახლეობის მხრიდან მაინცდამაინც მკაფიო არ არის. ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი არ არსებობს, პირიქით. მაგრამ ყველაფერი იზომება იმის მიხედვით, თუ ვინ არის "ამ წვეულების თამადა", - მიაჩნია სოსო ცისკარიშვილს.

კიდევ ერთი პუბლიკაცია, რომელიც 31 აგვისტოს ”რეზონანსში” ქვეყნდება, აი, ასეთი საინტერესო სათაურით იქცევს მკითხველის ყურადღებას: "ცხინვალში "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" სახელწოდების შეცვლის საკითხს განიხილავენ”. პუბლიკაციის ავტორის თქმით, აღნიშნული საკითხი ადგილობრივ საზოგადო მოღვაწეთა შორის მსჯელობის საგნად იქცა. აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ „რეზონანსი“ ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს დაუკავშირდა. როგორც ის გამოცემასთან საუბარში აღნიშნავს, ცხინვალში მართლა სერიოზულად მიიჩნევენ, რომ სახელწოდება "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა" მათ სახელმწიფოს აკნინებს, რადგან ეს რაღაც დანამატივით, ჩამონაჭერივით ჟღერს: "მათ უნდათ წონა მოემატოთ მსოფლიო საზოგადოების თვალში. სახელწოდების შეცვლით კი, რასაკვირველია, ეს ამბავი არ მოხდება. კოკოითი მიდის ხელისუფლებიდან და ცდილობს, რაღაცას ფაფხურობს იმისთვის, რომ ინიციატივა გამოიჩინოს", - დასძენს მამუკა არეშიძე.”

დღევანდელი ”ყველა სიახლე” კი ინტერვიუს აქვეყნებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიასთან. ინტერვიუს მთავარი თემა 26 აგვისტოს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებული არჩევნებია. პუბლიკაციის ავტორს ინტერვიუს ქვესათაურად შოთა მალაშხიას სიტყვები გამოაქვს: ”ნაურუს, ვენესუელის, ნიკარაგუისა და ზაქარეიშვილის გარდა, ამ პროცესს არჩევნებს არავინ ეძახის”: "ჩვენ სახელმწიფო დონეზე შემუშავებული გვაქვს "რეინტეგრაციის პროგრამა", რომლის მიხედვითაც აფხაზებს ვთავაზობთ: ფართომასშტაბიან ავტონომიას; ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებას; ვეტოს უფლებას აფხაზურ საკითხებში, საქართველოს პარლამენტში მანდატებს და თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს გალსა და ოჩამჩირეში. აფხაზებისთვის ეს არის უნივერსალური შეთავაზება. უფრო მეტის შეთავაზება, უბრალოდ, წარმოუდგენელია, რაზეც ისინი კარგად უნდა დაფიქრდნენ... ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ან გაურკვევლობით, ან რუსეთის მოსყიდვის გამო, ამგვარ არალეგიტიმურ პროცესში მონაწილეობას დათანხმდებიან”, - ამბობს შოთა მალაშხია ”ყველა სიახლისათვის” მიცემულ ინტერვიუში.

”ახალი თაობა” პარლამენტის წევრს პეტრე მამრაძეს ესაუბრა. ჟურნალისტი მას შემოდგომაზე მოსალოდნელი მოვლენების შესახებ ეკითხება, რაზეც ის პასუხობს: ”ამბოხი, რევოლუცია მოსალოდნელია, გამორიცხული არ არის. ეს ისევ ერისთვის იქნება ძალიან დიდი განსაცდელი და გარანტია იმისა, რომ მალე ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, ისევე როგორც გარანტია იმისა, რომ ესენი, როგორც დასავლელი დიპლომატები ჯერ კიდევ 2009 წელს მეუბნებოდნენ, ეს მავნე და სახიფათო საბავშვო ბაღი უსისხლოდ არ წავა. სააკაშვილი და მისი გუნდი უსისხლოდ არ წავა. მათ მშვენივრად ესმით, რომ ხელისუფლებიდან წასვლა ნიშნავს წასვლას პირდაპირ ციხეში”, - მიაჩნია პეტრე მამრაძეს.
XS
SM
MD
LG