Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 1 დეკემბერი, 2011


ხუთშაბათის, 1 დეკემბრის, ქართული პრესა ძირითადად ტელეკომპანია ”მაესტროში” განვითარებულ მოვლენებზე, სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო ომის საშიშროებასა და პრესის ჯიხურების აღებასთან დაკავშირებით თბილისის მერიის გადაწყვეტილებაზე წერს.

გაზეთი „ალია“ ორ ინტერვიუს სთავაზობს მკითხველს - ერთს ტელეკომპანიის დამფუძნებელ მამუკა ღლონტთან და მეორეს „მაესტროს“ მმართველი კომპანიის ხელმძღვანელ ეროსი კიწმარიშვილთან. ”მამუკა ღლონტი: შეიძლება ეროსის რაიმე ვირუსი აქვს, შეიძლება ხელისუფლებამ დაავალა” - ამ სათაურის ქვეშ ინტერვიუში მამუკა ღლონტი ჟურნალისტის კითხვაზე, რას მოჰყვა ყოველივე ეს, პასუხობს:

”მას ჰქონდა მცდელობა კი არადა, გუშინ (სამშაბათს) ჩაერია სარედაქციო პოლიტიკაში, დირექციასთან შეუთანხმებლად დანიშნა თათბირი. დღეს მოვიდა და აცხადებს, რომ მოხსნა გენერალური დირექტორი და მეც მომხსნა. არ ვიცი, მე საიდან მომხსნა, რა თანამდებობიდან, მაგრამ მომხსნა. ამის უფლება მას არა ქვს.” ამავე ინტერვიუში, ქვემოთ, მამუკა ღლონტი ამბობს: ”შეიძლება რაიმე ვირუსი აქვს, შეიძლება ხელისუფლებამ დაავალა. ერთი ასეთი მოხდა მაშინ, როცა ვალტერ შურღაია შეიჭრა ტელევიზიაში და მეორე შურღაიაა ეროსი”. მეორე ინტერვიუში კი, სათაურით ”ეროსი კიწმარიშვილი: ალპინისტი ვარ და არ გამჭირვებია ღობეზე გადასვლა”, ამბობს: ”მე დღევანდელი გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ”მაესტროს” გენერალური დირექტორი ახორციელებდა ”მაესტროს” საქმიანობისთვის დამაზიანებელ მოქმედებას... ამიტომ გადავწყვიტე მომეხსნა ”მაესტროს” გენერალური დირექტორი და ის, რომელიც აკეთებს განცხადებებს და რომელიც მისი კომპეტენცია არ არის.”

გაზეთ „რეზონანსში“ წაიკითხავთ კითხვის ნიშნიანი სათაურით სტატიას - ”ხელისუფლებამ პარლამენტართა რაოდენობის გაზრდა გადაიფიქრა?” სტატიის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან პირად საუბარში ნახსენებ ვარიანტზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, დეპუტატთა რაოდენობა შესაძლებელია 2003 წლის რეფერენდუმის მიხედვით დადგენილ ვარიანტზე შეჩერდეს და პარლამენტი ისევ 150 დეპუტატიანი იყოს, მხოლოდ განაწილება შემდეგნაირად მოხდეს: მაჟორიტართა რაოდენობა 83-მდე გაიზარდოს, ხოლო პროპორციული სისტემისთვის 67 ადგილი დარჩეს, რაც ოპოზიციის შესაძლებლობას გარკვეულწილად ამცირებს. სტატიის ავტორი წერს, რომ ამ აზრს ”ისიც ამყარებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში დეპუტატთა გაზრდილი რაოდენობის დაფინანსება არ არის გათვალისწინებული. პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მისი მიღება ბიუჯეტზე გავლენას არ იქონიებს, მაშინ როცა შეუძლებელია 150 და 190 დეპუტატი თანაბარი თანხით დაფინანსდეს”.

გაზეთები „ახალი თაობა“ და „24 საათი“ ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად შექმნილ ვითარებას საინფორმაციო სტატიებს უძღვნიან, გაზეთი „ალია“ კი მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს მამუკა არეშიძესთან, ექსპერტთან კავკასიის საკითხებში. ინტერვიუში, რომლის სათაურია”არ გამოვრიცხავ, კოკოითიმ რუსეთი და საქართველო ერთმანეთს დააჯახოს”, არეშიძე ამბობს:

"როგორც მეუბნებიან, სიტუაცია ძალიან დაძაბულია. ისეთი ვითარება აქვს კოკოითის შექმნილი, მეშინია, შეიარაღებული შეტაკების პროვოცირება მართლა არ მოახდინოს და არ ვვარაუდობ მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირებას - არ არის გამორიცხული, დაპირისპირება ჩვენს ტერიტორიაზე მართლაც გადმოვიდეს. ადრეც გითხარით და ახლაც ვიმეორებ, კოკოითი ყველაფერს გააკეთებს, რომ მიაღწიოს სამი ტიპის გარანტიას: ერთი არის ქონებრივი, მეორე - რომ რაღაც სახით დარჩეს ხელისუფლებაში და მესამეა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვა, რადგან ჯიოევას უკან მდგომი თედეევი კოკოითის მოსისხლე მტერია, რადგან ძმა მოუკლა. აქედან გამომდინარე, კოკოითის ყველაფერი კარგად აქვს გათვითცნობიერებული და ყველაფერზე წამსვლელია. არჩევნები საბოლოოდ ჩაიშლება თუ არა, ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ის მაინც მოახერხა, რომ ვადა 25 მარტამდე გაიხანგრძლივა. ახლა შეეცდება გარანტიებზე აწარმოოს მოლაპარაკება, მაგრამ თუკი ვერაფერს მიაღწია, არც იმას გამოვრიცხავ, რომ კოკოითიმ რუსეთი და საქართველო ერთმანეთს დააჯახოს."
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG