Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 21 დეკემბერი, 2011


ქართული პრესა

ნონა მჭედლიშვილი

”არასამთავრობოებს პოლიტიკასთან ირიბი კავშირის გამო გრანტის მიღება აეკრძალებათ”- სტატია, რომელსაც დღეს გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს შეეხება. ”რეზონანსის” რესპონდენტი ექსპერტების აზრით, ამ ცვლილებების ძალით, თუკი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია კანონპროექტს მოამზადებს და შემდეგ ამ კანონპროექტით რომელიმე პოლიტიკური პარტია ისარგებლებს, არასამთავრობო ორგანიზაცია ვეღარც იურიდიული პირებისაგან მიიღებს დაფინანსებას და ვეღარც გრანტებს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.

”2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება პოლიტიკური კორუფცია ან მოქრთამვა გახდება!” - ამგვარად კი, ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონპროექტის გარდა, ”საარჩევნო კოდექსის” ცვლილებების კანონპროექტის განხილვის პროცესს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერთან, პავლე კუბლაშვილთან ინტერვიუთი გაზეთი ”ვერსია” ეხმიანება. მოარგო თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი საარჩევნო კოდექსი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას? -ამ საკითხის გარშემო დასმულ ერთ-ერთ შეკითხვაზე პასუხად პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ არამართებულია საკანონმდებლო ცვლილებების ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოსვლასთან დაკავშირება. ”ახალი პოლიტიკური მოთამაშეები სხვა დროსაც ყოფილან”, - ამბობს პავლე კუბლაშვილი. ”ვერ გეტყვით, პატარკაციშვილს მეტი მხარდაჭერა ჰქონდა თუ ნაკლები, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს. ახლა ვერ გავზომავთ რეიტინგებს და ამაზე სპეკულაციებს ნამდვილად არ დავიწყებ. მთავარია, ცვლილებები შეესაბამება ევროსტანდარტებს და იგი ვერ იქნება ვერც ერთი პირისთვის სასარგებლო ან საწინააღმდეგო”, აღნიშნავს პავლე კუბლაშვილი გაზეთ ”ვერსიასთან ” საუბარში.

გაზეთი ”24 საათი”, თავის მხრივ, იუწყება, რომ ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს ჩატარდება და, სავარაუდოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებაც ამავე დღეს გახდება ცნობილი. გაზეთი იუწყება, რომ საქმეზე სასამართლომ მტკიცებულებების მოკვლევა დაასრულა და შემდეგი პროცესი უკვე მხარეთა პაექრობას დაეთმობა.

”საქართველოში ადვოკატთა როლი კიდევ უფრო შესუსტდა” - წაიკითხავთ გაზეთ ”ახალ თაობაში.” გაზეთის თანახმად, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ადვოკატთა ინსტიტუციონალურ დევნაზე და დიპლომატთა კორპუსს დახმარებას სთხოვს. ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ქართველ ადვოკატებს მაქსიმალური თანადგომა სჭირდებათ იმისთვის, რომ მათი უფლებები დაცული იყოს და შეწყდეს ის სახელმწიფო ტერორი და დევნა, რომელსაც ადვოკატები სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში განიცდიან. „ახალი თაობის” თანახმად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ამერიკის საელჩოს, გაეროს, გერმანიისა და თურქეთის საელჩოების წარმომადგენლებს 20 დეკემბერს შეხვდა.

”არ გამოვრიცხავ, სააკაშვილი პრეზიდენტობიდან გადადგეს და ”ნაცმოძრაობის” საარჩევნო სიას ჩაუდგეს სათავეში”, აღნიშნა გაზეთ „ყველა სიახლესთან” საუბარში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა. მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილს ექნება მოქმედების სხვა გეგმაც, რომელიც იმ შემთხვევაში ამუშავდება, თუ მისი გაპრემიერება შეუძლებელი იქნება. ” ჩვენ რომ მშვიდად ვიყოთ, კარგი იქნებოდა ეთქვათ, მიხეილ სააკაშვილი საერთოდ მიდის პოლიტიკიდანო, მაგრამ ამას არ ამბობენ”, უთხრა ლევან ბერძენიშვილმა გაზეთ ”ყველა სიახლეს.”
XS
SM
MD
LG