Accessibility links

გერმანიაში მოელიან, რომ რუსეთი შეეცდება არჩევნებზე გავლენა მოახდინოს


გერმანიის პარლამენტი

გერმანია მოელის, რომ რუსეთი შეეცდება გავლენა მოახდინოს წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე და ამას გააკეთებს არა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად, არამედ, ზოგადად, გერმანიაში დემოკრატიისადმი ნდობის შესარყევად. ამ თემაზე გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნებამდე ორთვე-ნახევრით ადრე.

გერმანიაში წელს 24 სექტემბერს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები.

„ვიხილეთ სავარაუდო გავლენა არჩევნებზე ამერიკაში, ვიხილეთ გავლენის მცდელობა არჩევნებზე საფრანგეთში. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ გავლენა რუსეთიდან მოდიოდა. ამდენად, ვერ გამოვრიცხავთ, - და შინაგანად საამისოდ ვემზადებით, - რომ ასეთივე მცდელობა იყოს გერმანიაში არჩევნების შემთხვევაშიც“, - განაცხადა ბერლინში 4 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, თომას დე მეზიემ. მისი განმარტებით, ბერლინი ვარაუდობს, რომ მოსკოვის ორგანიზებით მოსალოდნელია არჩევნებში ჩარევის ორგვარი მცდელობა: პოლიტიკოსებისათვის პოტენციურად საზიანო ინფორმაციის გაჟონვა და გამოგონილი ამბების გავრცელება.

„რა სახის თავდასხმებია? ერთი მხრივ, ვრცელდება ადამიანების გაყალბებული განცხადებები, რომლებსაც ტექნიკური მოწყობილობები ამზადებს. მათი მეშვეობით მასობრივად ვრცელდება შეხედულებები, რომლებიც, სანამდვილეში, ამ ადამიანებს არ ეკუთვნით და მეორეა კლასიკური დეზინფორმაცია - მცდელობა, სიცრუით და ნაწილობრივ სწორი ინფორმაციით მოახდინო გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე“, - განმარტავს თომას დე მეზიერი. ის ამბობს, რომ გერმანიის უშიშროების სამსახურებმა უკვე დაადგინეს გერმანიის პარლამენტის კომპიუტერებიდან ინფორმაციის მოპარვის ფაქტები და ახლა მოელიან, რომ მასალა „მომდევნო კვირებში“ გამოქვეყნდება.

4 ივლისს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაში თომას დე მეზიერთან ერთად მონაწილეობდა გერმანიის კონტრდაზვერვის ფედერალური უწყების დირექტორი, ჰანს გეორგ მაასენი, და ისიც შეეხო გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მოსალოდნელ მცდელობას. მაასენის აზრით, მიზანი იქნება არა იმდენად რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამარჯვების ხელშეწყობა, რამდენადაც, ზოგადად, დემოკრატიის მიმართ ნდობის შერყევა. თუმცა მაასენმა მიანიშნა კანცლერ ანგელა მერკელის მიმართ კრემლის არცთუ მეგობრულ დამოკიდებულებაზეც. მერკელი, როგორც ცნობილია, ემხრობა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს და ის მორიგი, მეოთხე ვადითაც არის დასახელებული კანცლერობის კანდიდატად.

„ვფიქრობ, ცნობილია, რომ ბატონი პუტინი უფრო კმაყოფილი იქნებოდა, გერმანიას სხვა კანცლერი რომ ჰყავდეს. მაგრამ ეს ჩემი ვარაუდია! არც ის არის დამტკიცებული, რომ აშშ-ში რუსეთის კიბერთავდასხმების კამპანიის მიზანი იყო ბატონი ტრამპის პრეზიდენტად არჩევა. თუ ვითარებას დღეს შევხედავთ, უნდა ითქვას, რომ მიზანი, შესაძლოა, ის უფრო იყო, რომ შეერთებული შტატების დემოკრატიისათვის ხანგრძლივი ზიანი მიეყენებინათ და ბატონი ტრამპის პრეზიდენტობა მძიმე ტვირთით დაწყებულიყო. და ეს უნდა გავითვალისწინოთ, როცა საქმე ეხება შესაძლო დეზინფორმაციის კამპანიას გერმანიის პარლამენტის არჩევნების შემთხვევაში. შესაძლოა, მიზანი ის კი არ იყოს, რომ ესა თუ ის პარტია გააძლიერონ ან ესა თუ ის ადამიანი გახდეს მთავრობის ხელმძღვანელი,არამედ მიზანი იყოს ის, რომ ჩვენი დემოკრატიის მიმართ ნდობა შეირყეს და მთავრობის ხელმძღვანელს შეექმნას შიდაპოლიტიკური პრობლემები, რის გამოც ის ვერც საგარეო პოლიტიკაში შეძლებს ისე თავისუფლად მოქმედებას, როგორც ისურვებდა“, - განაცხადა გერმანიის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსმა.

გაფრთხილება, რომ მოსალოდნელია გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში მოსკოვის ჩარევა, ორიოდე დღით უსწრებს წინ გერმანიაში ვლადიმირ პუტინის ვიზიტს „დიდი ოცეულის“ სამიტთან დაკავშირებით. რუსეთი უარყოფს ბრალდებებს, რომ სხვა ქვეყნების არჩევნებში ერევა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG