Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ღია ცის“ ხელშეკრულება რუსულად


ტუ 154
ტუ 154

დიდი ხმაური მოჰყვა ამერიკულ მედიაში 9 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავმა გადაუფრინა აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობას, დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს, პენტაგონსა და ქვეყნის სხვა უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ობიექტებს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება.

აშშ-ის მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ წრეებში დიდი მღელვარება გამოიწვია ვაშინგტონის თავზე რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების კუთვნილი ტუ 154 ტიპის თვითმფრინავის გამოჩენამ. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფმა რეაქტიულმა თვითმფრინავმა, როგორც ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ იუწყებოდა, იმდენად დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმს, რომ მისი დანახვა უბრალო მოქალაქეებსაც შეეძლოთ შეუიარაღებელი თვალით. მოგვიანებით „სი-ენ-ენმა“ განმარტა, რომ საფრთხე არ არსებობს და რომ რუსეთის კუთვნილი თვითმფრინავი ახორციელებდა გეგმიურ ფრენას აშშ-ის მთავრობის ნებართვით.

„ღია ცის“ ხელშეკრულება რუსულად
please wait

No media source currently available

0:00 0:02:39 0:00
გადმოწერა

„გადაფრენა არის ნაწილი მრავალწლიანი საერთაშორისო შეთანხმებისა, რომელიც ამერიკელ და რუს სამხედროებს უფლებას აძლევს ერთმანეთის ტერიტორიებს ჰაერიდან დააკვირდნენ. რუსეთის თვითმფრინავს უნდა განეხორციელებინა მეორე გადაფრენაც, რომლის მარშრუტშიც შედის შტატ ნიუ-ჯერსის პატარა ქალაქი ბედმინსტერი, სადაც თავის სამუშაო შვებულებას ატარებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი“, - აუწყა ტელემაყურებელს ტელეკომპანია “სი-ენ-ენის“ დიქტორმა.

თუმცა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დან ჯეფნიმ, თავი შეიკავა დაეზუსტებინა რუსეთის კუთვნილი თვითმფრინავის მარშრუტი, ვიდრე არ დასრულდება „სტანდარტული ფრენის“ ყველა სეგმენტი, რაც, ამერიკის სამხედრო უწყების წარმომადგენლის თანახმად, რამდენიმე დღეს გასტანს. ცოტა მოგვიანებით აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშული იყო, რომ რუსული თვითმფრინავის ფრენას ზედამხედველობას უწევენ ფედერალური უწყებებისა და კაპიტოლიუმის პოლიციის ცენტრალური შტაბის წარმომადგენლები.

2002 წელს ხელი მოეწერა „ღია ცის“ სახელწოდებით ცნობილ საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც აშშ-ისა და რუსეთის სამხედრო უწყებებს უფლებას აძლევს სპეციალური სადაზვერვო მოწყობილობით აღჭურვილი სამოქალაქო თვითმფრინავებით დააკვირდნენ ერთმანეთის ტერიტორიებს, შეამცირონ გაუგებრობა და ხელი შეუწყონ შეიარაღების შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულებების შესრულებას. „ღია ცის“ ხელშეკრულების ფარგლებში, რომელთანაც 32 ქვეყანაა შეერთებული, 2002 წლიდან მოყოლებული,1200 ფრენა განხორციელდა. პენტაგონის თანახმად, ორმხრივ ფრენებში მონაწილეობენ თვითმფრინავები, რომლებიც საჰაერო-ვიდეოგადაღებების მოწყობილობით და სპეციალური სენსორებით არიან აღჭურვილი.

ამასთან, ყველა სადაზვერვო გაფრენის წინ მხარეები ვალდებულნი არიან წინასწარ აცნობონ ერთმანეთს ფრენის გეგმა და დაუშვან საფრენ აპარატში მასპინძელი მხარის დამკვირვებლები, რომლებმაც უნდა დაადასტურონ, შეესაბამება თუ არა რეისი საერთაშორისო ნორმებს.

თუმცა წარსულში აშშ-ის წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ რუსეთის ქმედებები რიგ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა საერთაშორისო შეთანხმების სულისკვეთებას. კერძოდ, შეთანხმების თანახმად, ყველა მონაწილე ვალდებულია, დაკვირვებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ქვეყნის მთელი ტერიტორია, თუმცა რუსეთმა შეზღუდა ფრენები მოსკოვზე, ჩეჩნეთზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე, რომლებსაც რუსეთი 2008 წლიდან აკონტროლებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG