Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული სერიალის სოციოლოგია


თუ სატელევიზიო სერიალი შედგა როგორც ესთეტიკური ფაქტი, მაშინ მას სოციოლოგიური ღირებულებაც ექნება. ანუ: თუ სერიალი წარმატებულია მხატვრულად, მაშინ ის საზოგადოების აღსაწერადაც გამოგვადგება. არა იმიტომ, რომ ის რეალობას პირდაპირ ასახავს, არამედ იმიტომ, რომ ის ადამიანთა დიდი ჯგუფის ფანტაზიებსა და ცნობიერებას აირეკლავს. ამის გარეშე სერიალი ვერ შეასრულებდა საკუთარ მთავარ ფუნქციას - იყოს ხელოვნება მასობრივი მაყურებლისათვის.

ორი სერიალის მაგალითზე შევეცდები ამ თეზისის დადასტურებას. ქართული სატელევიზიო სერიალების ისტორიაში სწორედ ისინი მგონია ყველაზე წარმატებული, ჯერ ერთი, ესთეტიკურად, მეორეც - მათი მჭიდრო კავშირით კოლექტიურ ცნობიერებასთან. ეს სერიალებია „ცხელი ძაღლი“ და „ჩემი ცოლის დაქალები“. კარგად მესმის, რომ ჟანრები სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

„ცხელი ძაღლი“
„ცხელი ძაღლი“ პოლიტიკური დეტექტივია. ის 2003 წელს გამოვიდა ეკრანზე და მოგვითხრობს მილიციის ორი გამომძიებლის შესახებ. ერთი მათგანი გამოცდილი, ასაკში შესული ოპერია (ჯანრი ლოლაშვილი), მეორე კი - ამერიკაში განათლებამიღებული და იდეალისტი ახალგაზრდა (გიორგი ყიფშიძე). ის, რაც იწყება, როგორც რიგითი კრიმინალური შემთხვევა, მალე გადაიზრდება პოლიტიკური კონსპირაციის გამოძიებაში, რომელსაც მთელი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ორი რამაა საინტერესო. პირველი, სერიალის ნახვის შემდეგ ადვილად შეიძლება მიხვდე, რატომ მოხდა ნოემბრის რევოლუცია საქართველოში: საჯარო ინსტიტუტების დისფუნქცია, კორუფცია, ყოველდღიურობის ნაწილად ქცეული კრიმინალი - და უსამართლობის მძაფრი განცდა, რასაც ეს ყოველივე ტოვებს. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი საგულისხმო თემა - ამ, ერთი შეხედვით, წმინდად კრიმინალური მოვლენების უკან სერიალში ერთმნიშვნელოვნად რუსული სპეცსამსახურების კონსპირაცია იკვეთება. შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციამდე გადაღებულ პირველ ორ სეზონში მოცემულია ყველა ის თემა, რომელიც განმსაზღვრელი იქნება რევოლუციის შემდგომი რამდენიმე წლის საზოგადოებრივ დებატებში.

მაგრამ, გარდა ამისა, არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი - გარკვეული უტოპიური ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა მოევლოს ყველა ამ პრობლემას. ხედვის არსის თაობების ურთიერთკავშირში მდგომარეობს. ადგილობრივი სიტუაციის მცოდნე, გამოცდილი მამაკაცი და დასავლური ცოდნისა და ღირებულებების მქონე ახალგაზრდა - ეს არა მხოლოდ წარმატებული დეტექტივების დუეტად შეიძლება აღვიქვათ, არამედ უტოპიურ ხედვად იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სასურველი საზოგადოების მოდელი. სოლიდარობა არა კლასებს, სქესებს, ეთნოსებს შორის, არამედ თაობებს შორის - ეს აღმოჩნდა სერიალის მთავარი თემა, რადგან მთავარი სოციალური ნაპრალიც სწორედ გენერაციებს შორის ჩნდებოდა. სერიალმა წარმოსახვით დონეზე გადაჭრა რეალურად არსებული პრობლემა, რომელსაც მისი გამოსვლის პერიოდში ჯერ არც კი მიეღწია გამძაფრების პიკისათვის.

სერიალის ესთეტიკა
რაც ამ ორ ნახსენებ სერიალს განასხვავებს უმეტესი სხვა ქართული სერიებისაგან, არის მათი მიმართება, უკაცრავად ნათქვამია და, პორნოგრაფიასთან. უმბერტო ეკომ თავის დროზე პორნოგრაფიული ფილმები გააანალიზა და მივიდა დასკვნამდე, რომ მათი მთავარი მახასიათებელი არის რეალური ქმედების რეალურ დროში ჩვენება. თუ სექსუალურ აქტებს შორის გმირი მანქანით მგზავრობს, პორნოფილმი აჩვენებს ამ მგზავრობის ყველა დეტალს: როგორც გააღებს ის მანქანის კარს, როგორ დახურავს მას, როგორ დაქოქავს მოტორს, როგორ გადართავს სიჩქარეს, როგორ დაძრავს მანქანას და ა. შ. მიზეზი მარტივია: აქტებს შორის ფილმში რაღაც უნდა აჩვენონ, მაგრამ სერიოზული სიუჟეტის და დიალოგების მოფიქრება არავის უნდა. ჰოდა, აჩვენებენ სრულიად უმნიშვნელო დეტალებს რეალურ დროში. უმბერტო ეკო თვითონ ავლებს პარალელს პორნოგრაფიის ამ მახასიათებელსა და სხვა ჟანრის ხელოვნების ნაწარმოებების ზოგიერთ ხერხს შორის. მართლაც, გავიხსენოთ ბრაზილიური ან ვენესუელური სერიალები, ანდაც თუნდაც მრავალი ქართული ტელეპროდუქტი: ისინი სავსეა უფუნქციო ქმედებებით, რომელთა ერთადერთი დანიშნულება დროის შევსებაა.

უმბერტო ეკოზე შორსაც შეიძლება წავიდეთ (რაც გააკეთა კიდეც რობერტ სკოულზმა): თუ ნებისმიერ თხრობას წარმოვიდგენთ, როგორც სექსუალურ აქტს, რომელიც ბოლოში ორგაზმით უნდა დასრულდეს, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მისთვის მომზადებაა, მაშინ ასეთი ტიპის დაბალხარისხიანი სერიალები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც პორნოგრაფიული ფილმები - განუწყვეტლივ, გულისარევამდე აჩვენებენ მონოტონურ აქტს. ამის საპირისპიროდ კარგი თანამედროვე სერიალი იმდენად ჩქარია, რომ ის უფუნქციო მონოტონურობისთვის ადგილს არ ტოვებს. თანამედროვე ამერიკული სიტკომები, მაგალითად, სავსეა პატარ-პატარა „ორგაზმებით“, რომლებსაც ხუმრობების ძალიან მაღალი სიხშირე უზრუნველყოფს. გარდა ამისა, თითოეული დეტალი ასეთ სერიალებში ჩასმულია სიმეტრიებისა და გამეორებების საათივით აწყობილ სისტემაში, სადაც შემთხვევითი, დროის შესავსებად ნაჩვენები უფუნქციო დეტალებისთვის ადგილი უბრალოდ აღარ რჩება.

სერიალების ამ მონოტონულ „პორნოგრაფიულობას“ სხვა გზებითაც შეიძლება გაექცე. სწორედ ამ პერსპექტივიდან ხდება გასაგები ისეთი რეჟისორების ტალანტი, როგორებიცაა ტარანტინო და ლინჩი. ტარანტინოს, მართალია, სერიალები არ გადაუღია, მაგრამ ჩვენს კონტექსტში მისი ფილმები მაინც საინტერესოა, რადგან ამ ფილმების დიალოგები სავსეა „პორნოგრაფიით“ (ზემოთ აღწერილი აზრით). ერთი განსხვავებით: ტარანტინოს მათში კომიკური ელემენტი შეაქვს და სწორედ ამით უსხლტება ხელიდან ტელევიზიასა და რეალობას, სადაც ასეთი უაზრო დიალოგების სიმრავლეს ხშირად განვიცდით. ხოლო რაც შეეხება ლინჩს, მან მოახერხა გაეკეთებინა სრულიად უნიკალური სერიალი - „ტვინ პიქსი“ - რომელიც თხრობის არანორმალურად დაბალ სიჩქარეს აკომპენსირებს მიზანსცენითა და სასპენსით, რომლებიც ნებისმიერ, ყველაზე უფუნქიო დეტალსაც კი არნახული მნიშვნელობის შეგრძნებას ანიჭებენ. ტარანტინო მიბაძვადია, იმიტომ რომ მან გამოიგონა მეთოდი; ლინჩი - არა, იმიტომ რომ მან შექმნა სტილი. შეიძლება გადაიღო ტარანტინოსნაირი ფილმები, ლინჩის კი მხოლოდ პაროდირება შეიძლება.

მაგრამ დავბრუნდეთ უკან, საქართველოში. ჩემი აზრით, როგორც „ცხელი ძაღლი“, ისე „ჩემი ცოლის დაქალები“ წარმატებით ართმევენ თავს ამ „პორნოგრაფიულობის“ დაძლევის ამოცანას, რომელსაც ძალიან ბევრი სხვა ქართული სერიალი ემსხვერპლა. როგორც აღმოჩნდა, ამ წარმატებისთვის არაა აუცილებელ საათივით აწყობილი ტექნიკური მაშინერია გქონდეს (რომლის საუცხოო მაგალითიც აქ შეგიძლიათ ნახოთ) და არც მაინცდამაინც გენიალობაა საჭირო (რაც რაღაც ახლის გამოგონებას გულისხმობს კინემატოგრაფიის ენაში - ა ლა ტარანტინო და ლინჩი). უბრალოდ, ორივე ქართული სერიალის შემთხვევაში შემოქმედებით ჯგუფს ეყო ცოდნა და გემოვნება, არ გადაემლაშებინა იქ, სადაც არ იყო საჭირო. ამ გემოვნების ზუსტი გაზომვა შეუძლებელია, მაგრამ მას მაყურებელი ნამდვილად გრძნობს.

„ჩემი ცოლის დაქალები“
ვიღაცას შეიძლება გაუკვირდეს, კომედიური სატელევიზიო ჟანრიდან რატომ ავირჩიე გასულ წელს დაწყებული ეს სერიალი და არა „შუა ქალაქში“, რომელმაც თავის დროზე მართლაც დიდ აუდიტორიას შეაყვარა თავი (მის დღევანდელ მდგომარეობაზე ჯობს დელიკატურად გავჩუმდეთ). საქმე ისაა, რომ „შუა ქალაქში“ იყო სიტკომი, რომელმაც მოახერხა ხალხის კარგად გართობა, მაგრამ ვერ მოახერხა შეექმნა პერსონაჟები, რომელთა გავლითაც მოხდებოდა კოლექტიური ფანტაზიების აქტუალიზება. დები ღლონტების შესანიშნავი დუეტის გარდა, „შუა ქალაქის“ პერსონაჟები დაახლოებით იმავე პლანის ფიგურები იყვნენ - თუმცა, რა თქმა უნდა, შეუდარებლად უფრო გემოვნებიანად შექმნილნი - როგორებიც არიან დღეს „კომედი შოუს“ სკეტჩების გმირები. მათ არ ჰქონდათ ფსიქოლოგიური სიღრმე, რაც აძნელებდა მათთან იდენტიფიკაციას. მეტიც, მათ არ ჰქონდათ საკუთრივ სოციოლოგიური განზომილებაც - მაგალითად, ახალგაზრდების ცხოვრება უმეტესწილად ისე იყო „შუა ქალაქში“ წარმოდგენილი, თითქოს მათი მშობლები არც არსებობდნენ. კოლექტიური ფანტაზია, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ რაღაც კავშირი რეალობასთან მასაც კი უნდა ჰქონდეს.

„ჩემი ცოლის დაქალებში“ სხვადასხვა თაობების ურთიერთობის ჩვენებასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა. დავიწყოთ იმით, რომ ეს სიტკომი კი არა, კომედიური დრამაა. თუ „შუა ქალაქის“ მოდელი ამერიკული „მეგობრები“ იყო, „რუსთავი 2“-ის სერიალი ჟანრულად უფრო „სექსი და ქალაქის“ გვერდზე უნდა დავაყენოთ. ნაწილობრივ ამ ჟანრული მიკუთვნებულობის გამო, ნაწილობრივ კი - მეტი ფსიქოლოგიზმის გამო, რომელიც პერსონაჟებს უფრო რელიეფურს ხდის, ახალმა სერიალმა შეძლო აქტივაცია გაეკეთებინა იმასთვის, რასაც, საკმაოდ მოუხერხებლად, კოლექტიურ ცნობიერებას თუ კოლექტიურ ფანტაზიას ვუწოდებ.

თუ „ცხელ ძაღლში“ ორივე მთავარი გმირი მამაკაცი იყო და ქალებს მაინც უკანა პლანის როლები ჰქონდათ, ამ ახალ კომედიაში მთავარ პერსონაჟებად სამი ახალგაზრდა ქალი გვევლინება. ეს არაა ჩვენს საზოგადოებაში ქალების როლის ზრდის ნიშანი - უბრალოდ, დეტექტივის მამაკაცები და კომედიური დრამის ქალები სხვადასხვა სივრცეებში მოძრაობენ. პირველ შემთხვევაში ჩვეულებრივი კრიმინალი აუცილებლობით გადიოდა ნაციონალური პოლიტიკისა და საჯარო პრობლემების განზომილებაში; მეორე შემთხვევაში კი საჯარო სივრცე უბრალოდ არ არსებობს: სამი ახალგაზრდა ქალი ექსკლუზიურად კერძო სივრცეში ცხოვრობს, რომელიც გარდა ოჯახისა, მართალია, სამსახურსაც მოიცავს, მაგრამ ეს სამსახურიც სრულიად პრივატული საქმეა. ოჯახი, ნათესავები, მეზობლები, თანამშრომლები, თაყვანისმცემლები - ესაა სერიალის ახალგაზრდა ქალების სოციალური გარემო. „ცხელი ძაღლის“ გადაღებიდან ათი წელიც არ გასულა, მაგრამ ცვლილება სახეზეა.

შეიძლება ვინმე შემომედავოს - ეს განსხვავება არა პერიოდების, არამედ ჟანრების გამოაო. მაგრამ არ დავეთახმებოდი: ჩვენ გვინახავს ქართული დეტექტიური სერიალები, რომელთაც არანაირი პოლიტიკურ-საჯარო დატვირთვა არ ჰქონიათ (მაგალითად, „ყავა და ლუდი“), ხოლო კომედიური ჟანრის ქართული სერიალი არასოდეს უჩიოდა პოლიტიკოსების ვიზიტების სიმცირეს, რაც მათ საჯარო ფუნქციას თუ არ ანიჭებდა, მანიპულაციის იარაღად ნამდვილად აქცევდა. ასე რომ, თუ ჩვენ დღეს ვუყურებთ კომედიურ დრამას, რომელიც მთლიანად კერძო სივრცეში მიმდინარეობს, ეს შეიძლება გარკვეული სიმპტომი იყოს - სწორედ ჯგუფური ცნობიერებისა, რომელიც, განსხვავებით 2003 წლისგან, ქვეყნის შეცვლაზე კი არა, საკუთრი ცხოვრების მოწყობაზეა მიმართული.

გამიჭირდება იმის თქმა, ეს რეალობის ასახვაა, რომელიც ტენდენციის სახით არსებობს, თუ კიდევ ერთი უტოპია, რომელსაც ახდენა არ უწერია. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ დღეს საქართველოში უკვე არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცხოვრების აზრად სწორედ პრივატულს მიიჩნევენ და არა - საჯაროს. ეს არ გამორიცხავს ამ ადამიანების „პოლიტიზაციას“ ქართული აზრით: ანუ პოლიტიკაზე ბევრ ლაპარაკსა და ჩხუბს. მართალია, ზედაპირული პოლიტიზაციის ეს ასპექტი სერიალში ასახული არაა, მაგრამ ალბათ სწორედ იმიტომ, რომ სინამდვილეში ეს ადამიანები საკუთარი პრობლემების გადაჭრას პოლიტიკურ სფეროს აღარ უკავშირებენ (თუმცაღა არც პოლიტიკის მოწესრიგება-ნორმალიზაციაზე იტყვიან უარს). „ჩემი ცოლის დაქალები“ - ესაა სერიალი საშუალო კლასის ჩანასახზე, რომელიც პირადი ცხოვრების მოწყობას ცდილობს. მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ სერიის პერსონაჟების პროტოტიპები რეალურ ცხოვრებაში ნაცმოძრაობასა თუ „ქართულ ოცნებაზე“, მათი ცხოვრების ჭეშმარიტება მათი კერძო ცხოვრების დრამებია, რომლებსაც სერიალი ასე ნიჭიერად გადმოგვცემს. ხოლო სოციალურად ეს იმის მომასწავებელია, რომ საქართველოში ნელ-ნელა ხდება პრივატული სფეროს ავტონომიზაცია, რომელიც აღარც ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეა დამოკიდებული და აღარც უშუალო ფიზიკური ძალადობის საფრთხეზე. უბრალოდ ეს პრივატული სფერო ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ადამიანის პრივილეგიაა - მათი, ვისაც კარგი შემოსავალი აქვს. მოხდება თუ არა ამ ადამიანების რიცხვის ზრდა, ამას, ალბათ, ასე ათ წელიწადში ვნახავთ, შემდეგი კარგი ქართული სატელევიზიო სერიალის ანალიზისას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG