Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიყეზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი დააკავეს


რიყეზე მიმდინარე მშენებლობა
რიყეზე მიმდინარე მშენებლობა
”თბილისის წყლის” ყოფილი ხელმძღვანელი, სამშენებლო კომპანია „ენ-სი-სის“ გენერალური დირექტორი გეგი ქელბაქიანი და ამავე სამშენებლო კომპანიის ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე სამართალდამცავებმა 20 ნოემბრის ღამით რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. დაკავებულებს ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ედებათ. სამშენებლო კომპანია „ენ-სი-სი“ რიყეზე მიმდინარე ”თბილისის განვითარების ფონდის” მიერ დაფინანსებული სამშენებლო პროექტის შემსრულებელია. ამავე პირების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს რიყეზე მდებარე "ბუდა-ბარის" საკუთრების კანონიერებასთან დაკავშირებით. ვინაიდან გეგი ქელბაქიანი თბილისის მერის, გიგი უგულავას მეგობარია, საპარლამენტო უმცირესობაში ფიქრობენ, რომ ის მერზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით დააკავეს.

რიყეზე მიმდინარე ”თბილისის განვითარების ფონდის” მიერ დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „ენ-სი-სის“ გენერალურ დირექტორს გეგი ქელბაქიანსა და ამავე კომპანიის ფინანსურ დირექტორს არჩილ ჩოგოვაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ედავება. მათ, ”სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისების მიზნით, ერთ-ერთ ფიზიკურ პირს კონტრაქტის გარეშე ჩაურიცხეს 6 309 885 ლარი, საიდანაც აღნიშნულმა პირმა 3 032 091 ლარი ნაღდი ფული უკან დაუბრუნა გიორგი ქელბაქიანს და არჩილ ჩოგოვაძეს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა ეს ბრალდება დაკავებულთა ადვოკატს, ირაკლი ჟორჟოლიანს, აბსურდად ეჩვენება:

”კომპანიის ანგარიშზე, ასე ვთქვათ, თეთრად არსებული თანხის კონტრაქტორისთვის გადარიცხვას და შემდეგ ქეშად უკან მიღებას ედავებიან, რასაც, ჩვენი აზრით, ფულის გათეთრება არანაირად არ ჰქვია, უფრო გაშავება ჰქვია. ცალსახად შემიძლია გითხრათ, არც დღეს და არც ხვალ, დარწმუნებული ვარ, ამ ფულის წარმომავლობაზე კითხვები არ დაისმება, ვინაიდან ეს ცნობილია და ღიაა. შესაბამისად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზება ვერანაირად ვერ მოხდებოდა, - ეს არის მთავარი ამ შემთხვევაში”.
კონტექსტი გვაძლევს ამის ფიქრის საშუალებას, - პოლიტიკური განცხადებები, პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება თბილისის მერისადმი, - რომ არის შეტევა საქართველოში ყველაზე მსხვილ თვითმმართველობაზე, სადაც პირდაპირი წესით არჩეული მერია, კერძოდ, გიგი უგულავა...
დავით დარჩიაშვილი


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პირების მიმართ ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს რიყეზე მდებარე "ბუდა-ბარის" საკუთრების კანონიერებასა და აგრეთვე თბილისის შემოგარენში მშენებარე ფეშენებელური აგარაკების სამშენებლო სახსრების წარმომავლობასთან დაკავშირებით.

გავიხსენოთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი დამოკიდებულება რიყის პარკში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მიმართ 24 ოქტომბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გამოხატა - მას არ დაუმალავს, რომ მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო ცენტრის მშენებლობა, რომელიც "თბილისის განვითარების ფონდის" დაკვეთით ხორციელდება იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუკსასის პროექტის მიხედვით, არ მოსწონს:

”თქვენ ნახეთ, იმ ორ შენობას რომ აშენებს რიყეზე, ზარბაზნის ტუჩს რომ ჰგავს, რამდენად მოგწონთ თქვენ არ ვიცი... სხვათა შორის, ამ პროექტის გაკეთება ოდესღაც მე მინდოდა და როცა ვნახე, რომ პროპორციებში იყო ცდომილება, არქიტექტორი იტყუებოდა, იგივე შენათვალი გავუგზავნე, რომ არ შეიძლებოდა გაკეთება... გრაფინებია თითქოს წაქცეული, ქვიშაზე დაყრილი. მე ეს ნახაზები ნანახი მაქვს. მე მინდოდა მანდ მუსკომედიის თეატრის აშენება”.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა თქვა, შესაძლოა დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდისთვის ამ მშენებლობის გასაგრძელებლად თანხა აღარ გამოიყოსო. იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერმა საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა მშენებლობის მიმართ და იმის გათვალისწინებითაც, რომ სამშენებლო კომპანია „ენ-სი-სის“ გენერალური დირექტორი თბილისის მერის, გიგი უგულავას მეგობარია, საპარლამენტო უმცირესობაში ფიქრობენ, რომ ეს პოლიტიკური შეტევაა მერის შესასუსტებლად. ასე ფიქრობს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილიც:

”კონტექსტი გვაძლევს ამის ფიქრის საშუალებას, - პოლიტიკური განცხადებები, პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება თბილისის მერისადმი, - რომ არის შეტევა საქართველოში ყველაზე მსხვილ თვითმმართველობაზე, სადაც პირდაპირი წესით არჩეული მერია, კერძოდ, გიგი უგულავა. ანუ მისი დასუსტება, მისთვის მინიმუმ ფსიქოლოგიური დისკომფორტის შექმნა და, შესაძლოა, საბოლოო ჯამში, უშუალოდ მისი დევნა არის მიზანი, რომელსაც ეს ყველაფერი ემსახურება”.
ჩემი ეჭვი ეფუძნება იმას, რომ არჩევნების შემდეგ იყო მცდელობა ფონდის გაუქმების, ლიკვიდაციის. მიმალვაშია ფონდის ყოფილი დირექტორი და, ჩემი ინფორმაციით, გატანილია ნაღდი ფული და დოკუმენტაცია, ანუ ეს ყველაფერი გავაცანი მე ბატონ პროკურორს და აქედან ვისზე გავიდნენ, ეს უკვე გამოძიების და პროკურატურის საქმეა. მე ქელბაქიანთან დაკავშირებით არ მისაუბრია...
ზაზა გაბუნია


დავით დარჩიაშვილისგან განსხვავებით, პოლიტიკურ დევნად არ განიხილავს გეგი ქელბაქიანის დაკავებას თბილისის საკრებულოს წევრი, ქრისტიან-დემოკრატი ზაზა გაბუნია. მისი სიტყვებით, ის ორიოდე კვირის წინ თავად შეხვდა მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს „თბილისის განვითარების ფონდის“ ”სრულიად გაუმჭვირვალე” საქმიანობის თემაზე სასაუბროდ. შესაბამისად, ზაზა გაბუნიასთვის გეგი ქელბაქიანის დაკავება აბსოლუტურად ლოგიკური გამოძიების მანიშნებელია:

”ჩემი ეჭვი ეფუძნება იმას, რომ არჩევნების შემდეგ იყო მცდელობა ფონდის გაუქმების, ლიკვიდაციის. მიმალვაშია ფონდის ყოფილი დირექტორი და, ჩემი ინფორმაციით, გატანილია ნაღდი ფული და დოკუმენტაცია, ანუ ეს ყველაფერი გავაცანი მე ბატონ პროკურორს და აქედან ვისზე გავიდნენ, ეს უკვე გამოძიების და პროკურატურის საქმეა. მე ქელბაქიანთან დაკავშირებით არ მისაუბრია”.

თბილისის საკრებულის წევრის ზაზა გაბუნიას მსგავსად, წლების განმავლობაში ცდილობდა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მიეღო ინფორმაცია თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ფონდების საქმიანობის შესახებ, თუ რა ფორმით და რა პრინციპით ხდებოდა სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების შერჩევა ფონდის დაფინანსებით განსახორციელებელი საქმიანობისთვის, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. თბილისის მერის ერთი წერილის მიხედვითაც, მერიის ფონდებს არ ევალებოდათ გამოეყენებინათ კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის სულხან სალაძის სიტყვებით, ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელი იყო პირადი შეხედულებისამებრ შეერჩიათ რომელიმე სამშენებლო კომპანია:

”ეს ნიშნავს იმას, რომ ფონდები დამოუკიდებლად არჩევდნენ კონკრეტულ კომპანიებს. აქ არ იყო კონკურენცია, არ იყო აქცენტი გადატანილი, ვინ უფრო დაბალ ფასად შეასრულებდა კონკრეტულ სამუშაოს, რაც რეალურად ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ურთიერთობა დამყარებულიყო ფონდის კეთილ ნებასა და, მეორე მხრივ, კომპანიას შორის გარკვეული ტიპის ურთიერთობებზე, თუმცა ამის გადაჭრით მტკიცება ძალიან რთულია”.

გეგი ქელბაქიანის დაკავებას საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა თბილისის მერი გიგი უგულავა. ის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:
გიგი უგულავა
გიგი უგულავა

”გეგი ქელბაქიანის კომპანია თეატრს „თბილისის განვითარების ფონდის“ დაკვეთით ასრულებს. შესაბამისად, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მისი დაკავების შედეგად, ახალი ხელისუფლება თვითმმართველობაზე ზეწოლას ცდილობს. პრემიერ-მინისტრმა ხომ სულ რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რომ თვითმმართველობა მას არ ექვემდებარება. მივმართავ პრემიერ ივანიშვილს: რადგან თქვენს კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტები ნერვებს გიშლით, გირჩევთ მე დამაკავოთ შეთითხნილი ბრალდებით".

სამშენებლო კომპანია „ენ-სი-სის“ მერიის „განვითარების ფონდიდან“ მიღებული თანხით შესრულებული აქვს რიყის გვირაბის პროექტი და რამდენიმე სხვა სამუშაო. კომპანია",ენ-სი-სის" გენერალურ დირექტორს გეგი ქელბაქიანს და ამავე საწარმოს ფინანსურ დირექტორს არჩილ ჩოგოვაძეს ბრალი წარედგინებათ სისხლის სამართლის 194-ე მუხლის შესაბამისი ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ნიშნავს და 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG