Accessibility links

ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ქალაქის სტატუსის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ


თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შესანარჩუნებლად გორში არასამთავრობო სექტორი უკვე გააქტიურდა. გორის საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები იმ მიმართვას შეუერთდნენ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა, და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახელზე მომზადდა.120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. მათი თქმით, ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება.

მიმართვის ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც "განვითარების დაწყებულ პროცესს შეაჩერებს". მათივე განმარტებით, საუბარია ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ახალციხისთვის, მცხეთისა და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევაზე. ამ თემაზე გორში დისკუსია უფრო ადრე დაიწყო. მოქალაქეები უარყოფითად აფასებენ ინიციატივას, რომლის თანახმადაც, 7 ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი უნდა ჩამოერთვას და მერის პირდაპირი გზით არჩევის უფლება წაერთვას.

გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ჩიტაძეს გაუმართლებლად მიაჩნია თვითმმართველი ერთეულების კიდევ ერთხელ გამსხვილება. მისი აზრით, მხოლოდ ქვეყნის რეალურ დეცენტრალიზაციას და ძლიერ თვითმმართველობას შეუძლია წარმატების მოტანა. ჩიტაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები ადვილად არ შეეგუებიან აღნიშნულ ინიციატივას და ბრძოლას გააგრძელებენ.

გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის იდეა არ მოსწონს ქალაქის მერს, ზურაბ ჯირკველიშვილს. მისი აზრით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი ძლიერი თვითმმართველობაა და ამაზე ქვეყნის ხელისუფლებამ უარი არ უნდა თქვას.

ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჭიროებს დეტალურ მსჯელობას და, შესაბამისად, ამ საკითხის თაობაზე დღეს ვერანაირი პოზიცია ვერ მექნებაო, უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების განცხადების კომენტირებისას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG