Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გამოცდები და მშობლების ნერვიულობა


საგამოცდო ცენტრი გორში
საგამოცდო ცენტრი გორში
ბექა ხუბერაშვილი ინგლისურის გამოცდიდან ყველაზე ადრე გამოვიდა. ამბობს, რომ საგამოცდო საკითხები რთული არ ყოფილა და წარმატებით ჩააბარა. ბექა თავდაცვის აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად ემზადება.

მარიამ ტლაშაძე კი მიიჩნევს, რომ საგამოცდო საკითხები რთული იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკუთარი ნაშრომით მაინც კმაყოფილია.

ლელა ბერიძე საგამოცდო ცენტრის გამოსასვლელისკენ ხშირად იხედებოდა. იგი შვილის გამოსვლას ელოდებოდა.

გორის საგამოცდო ცენტრთან შეკრებილი მშობლები შვილებზე უფრო მეტად ნერვიულობენ ხოლმე. ინეზა მახარაძე და ვლადიმერ თათარაშვილი ქალიშვილის გამოსვლას ელოდნენ. მათი აზრით, დღეს განათლება მეტად დაფასდა და სწავლის მოყვარულ ახალგაზრდებს მეტი პერპექტივა ეძლევათ.

გორის საგამოცდო ცენტრთან სიახლე ისაა, რომ წელს მონიტორები აღარ არის დამონტაჟებული და ღობესთან მშობლების და გულშემატკივრების რიგი აღარ დგას. აღსანიშნავია, რომ ამ მონიტორებზე ისედაც არაფერი ჩანდა ხოლმე. ახლა აბიტურიენტები გამოცდას უცხო ენაში აბარებენ, შემდეგ იქნება გამოცდა უნარებში, ბოლოს კი - სპეციალობის მიხედვით არჩეულ საგანში. გამოცდები 19 ივლისს დასრულდება, აგვისტოში კი შედეგები უკვე ცნობილი გახდება. აბიტურიენტების გარდა, სასერტიფიკაციო გამოცდები პედაგოგებისთვისაც დაიწყო. საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო იაშვილი აცხადებს, რომ ცენტრში როგორც აბიტურიენტებისთვის, ისე პედაგოგებისთვის საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად ყველანაირი პირობებია შექმნილი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მიმდინარე წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე დიდი კონკურსი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზეა. სამინისტროს მიერ სწორედ ეს მიმართულებებია პრიორიტეტულად გამოცხადებული და დაფინანსების 80% ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე იქნება მიმართული.
XS
SM
MD
LG