Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გლეხები სოფლის მეურნეობის ბარათების გაცემის დაჩქარებას მოითხოვენ


მექანიზაციის ცენტრი გორში
მექანიზაციის ცენტრი გორში
გივი წიქარიძეს ატენში ვაშლის ახალი ნერგები მიაქვს. წელს გაზაფხული ადრე იწყება და სოფლად მცხოვრებლებმაც სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყეს. წიქარიძე ამბობს, რომ ატენში სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის შემოღებული ბარათების დარიგებას არ შესდგომიან, ამიტომ საკუთარი თავისა და ამინდის იმედად რჩება.

ბარათების დარიგება არც გორის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სოფლებში დაწყებულა. გლეხები აცხადებენ, რომ სამუშაოები უკვე საკუთარი ძალებით წამოიწყეს და სახელმწიფომ დახმარების გაცემა უნდა დააჩქაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო ბარათების ზაფხულში მიღება აღარავის ენდომება. სოფლად მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ადგილობრივმა რწმუნებულებმა უკვე აღწერეს, ვინ რამდენ ფართობს ფლობს, რადგან დახმარების ოდენობაც სწორედ მიწის ფართობების მიხედვით განისაზღვრება.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ხიდაშელი აცხადებს, რომ სოფლებიდან მიღებული სიები სამინისტროში უკვე იგზავნება, დახმარებას კი 5 ჰექტრამდე მიწის მფლობელები მიიღებენ. მისი თქმით, მექანიზაციის სერვისცენტრები უკვე მზად არიან ფართობებში შევიდნენ და სამუშაოები დაიწყონ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მცირემიწიანი ფერმერებისთვის შემუშავდა სხვადასხვა ტიპის დახმარების პაკეტი, რომელიც, საერთო ჯამში, გათვალისწინებულია 640 000-ზე მეტი მიწის მესაკუთრისთვის, ვისაც საკუთრებაში აქვს 0-დან 5 ჰექტარის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
XS
SM
MD
LG