Accessibility links

საზოგადოების პროტესტი გორის საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებაზე


გორის თვითმართველობის შენობა

გორის საკრებულოს უმრავლესობის მიერ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ მოწონებული საკითხი გორის საზოგადოებისთვის დღემდე განსჯის საგანია. სოციალურ ქსელებში არაერთი კომენტატორი წერს, რომ გორმა, როგორც თვითმმართველმა ქალაქმა, ამ გადაწყვეტილებით სტატუსი დაკარგა, კომენტატორების ნაწილი კი უმრავლესობის წევრებს არცთუ სასიამოვნოდ მოიხსენიებს და მათ მოღალატეებსაც უწოდებს. უკვე ისმის მოწოდებები საპროტესტო აქციებისკენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ პარლამენტში გასაგზავნად, რათა დეპუტატებმა უარი თქვან 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასა და თემთან გაერთიანებაზე. მესამე სექტორის წარმომადგენლები იმ საკრებულოს სხდომასაც დაესწრნენ, სადაც 9 წევრმა მოიწონა მუნიციპალიტეტების გაერთიანება, 4 წინააღმდეგი იყო. გორის მცხოვრები თამარ ედიშერაშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობის წევრებმა პარტიული ინტერესი ქალაქის ინტერესზე მაღლა დააყენეს.

მთავარი საკითხი, რომელსაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები აყენებდნენ, იყო ის, რომ ქალაქის კვლავ თემთან გაერთიანებით გორის ურბანული განვითარება შეფერხდება. გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მიხეილ ჩიტაძემ საკრებულოს წევრებს მოუწოდა ქალაქის პატრიოტებად დარჩენილიყვნენ და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისა, თუმცა მისი ხმა არ შეისმინეს. ჩიტაძის აზრით, საკრებულოს სხდომა ფიქცია იყო და წევრების უმრავლესობამ წინასწარ დაწერილ დირექტივას დაუჭირა მხარი.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად ბრძოლა დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ რეფორმა მხოლოდ 2014 წლიდან განხორციელდა. მაშინ ექსპერტების ნაწილი კიდევ უფრო მეტი დეცენტრალიზაციის მომხრე იყო. მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტისთვის განიხილებოდა მოდელი 1 პლუს 5, რაც ერთ თვითმმართველ ქალაქს და 5 სათემო მუნიციპალიტეტს გულისხმობდა. ეს ვარიანტი მაშინ არ იყო მხარდაჭერილი და მხოლოდ ერთი პლუს ერთი მივიღეთ, რაც ერთ თვითმმართველ ქალაქს და ერთ სათემო მუნიციპალიტეტს გულისხმობდა. ახალი ინიციატივის მიხედვით კი, დარჩება ერთი მსხვილი გაერთიანებული მუნიციპალიტეტი. სამოქალქო აქტივისტი არინა თავაქარაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია საკუთარი დაპირებების წინააღმდეგ წავიდა და წარსულში დაბრუნდა.

გორელი სამოქალქო აქტივისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თელაველ, ზუგდიდელ, ახალციხელ, ოზურგეთელ, ამბროლაურელ და მცხეთელ კოლეგებთან ერთად მძლავრი საპროტესტო მოძრაობის დაწყებას გეგმავენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG