Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის საკრებულომ თვითლიკვიდაცია მოიწონა


გორის საკრებულო
გორის საკრებულო

დილიდან ხმაური იყო გორის საკრებულოში. ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უნდა გარკვეულიყო, მოიწონებდნენ თუ არა საკრებულოს წევრები ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის გაერთიანების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის საკითხს. ცხრით ოთხის წინააღმდეგ ქალაქ გორის საკრებულომ თვითმმართველი ერთეულის გაუქმებას და სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანებას მხარი დაუჭირა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ პოზიცია ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრებმაც გაიზიარეს.

გადმოწერა

წინააღმდეგი „ეროვნული ფორუმის“, ლეიბორისტული პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და საკრებულოს კიდევ ერთი, დამოუკიდებელი, დეპუტატი წავიდა. პირველი ხმაური იმის გარკვევამ გამოიწვია, უნდა გაეცნო თუ არა მთავრობის მოსაზრებები საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს დამსწრე საზოგადოებისთვის. კამათის შემდეგ ზურაბ როსებაშვილმა წაიკითხა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მოსული წერილი, რომელშიც დასაბუთებული იყო მუნიციპალური გაერთიანების საჭიროება. ოპოზიციის ნაწილი ცდილობდა დაერწმუნებინა მმართველი პარტიის წევრები, რომ წარმოდგენილი დოკუმენტისთვის მხარი არ დაეჭირათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, მინდია გოდერძიშვილმა, კოლეგებს საკითხის გადადებაც შესთავაზა დოკუმენტის უკეთ გასაცნობად და საჯარო განხილვების მოსაწყობად, მაგრამ მმართველმა პარტიამ მისი პოზიცია არ გაიზიარა. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ზურაბ როსებაშვილის, თქმით, პოზიციის დაფიქსირების საშუალება ყველას მიეცა.

სხდომას არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავარი საკითხი, რომელსაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები აყენებდნენ, ის იყო, რომ ქალაქის კვლავ თემთან გაერთიანებით გორის ურბანული განვითარება შეფერხდება. გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მიხეილ ჩიტაძემ საკრებულოს წევრებს მოუწოდა ქალაქის პატრიოტებად დარჩენილიყვნენ და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ბებიაშვილმა საკრებულოს წევრებს ამომრჩევლის წინაშე აღებული ვალდებულება შეახსენა. მისი თქმით, საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან ახსნან, რატომ აუქმებენ იმ თვითმმართველ ერთეულს, რომლის შექმნისათვის 3 წლის წინ მხარდაჭერა მიიღეს.

საკრებულოს ის წევრები, რომლებიც გაერთიანებას ემხრობოდნენ, ამტკიცებდნენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს და მათი პოზიცია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა, რაზეც გორის მცხოვრებმა თამარ ედიშერაშვილმა გორის საკრებულოს ფიქცია უწოდა.

საკრებულოს სხდომას გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი არ დასწრებია, რამაც ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. მათი აზრით, უმრავლესობამ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან წამოსული დირექტივის მიხედვით იმოქმედა და არაფრად ჩააგდო ადგილობრივი საზოგადოების აზრი.

მიუხედავად იმისა, რომ გორის საკრებულომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი მოიწონა, არასამთავრობო სექტორი გაჩერებას არ აპირებს და დანარჩენი 6 ქალაქის აქტიური საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რათა პარლამენტმა 7 თვითმმართველ ქალაქს სტატუსი არ გაუუქმოს.

XS
SM
MD
LG