Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ შეცვლის ჰილარი კლინტონს, რომელიც მიდის?


სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ერთ-ერთი ყველაზე მუყაითი და წარმატებული წევრია პრეზიდენტ ბარაკ ობამას კაბინეტში, მაგრამ კლინტონი წლების განმავლობაში იმეორებს, რომ მისთვის საკმარისია მნიშვნელოვან პოსტზე ერთი ვადით ყოფნა.

ჯერ კიდევ გასული წლის მარტში, როდესაც CNN-ის წამყვან ვოლფ ბლიტზერთან საუბრობდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მას არა აქვს პრეტენზია მეორე ვადითაც დარჩეს პოსტზე ანდა ეკავოს სხვა მაღალი თანამდებობა ქვეყნის ხელისუფლებაში.

შეკითხვა: თუკი პრეზიდენტს მეორე ვადით აირჩევენ, გსურთ თუ არა მეორ ვადით იმუშაოთ სახელმწიფო მდივნის პოსტზე?
კლინტონი: არა.
შეკითხვა: გსურთ იმუშაოთ როგორც თავდაცვის მინისტრმა?
კლინტონი: არა!
შეკითხვა: გინდათ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობა?
კლინტონი: არა!
შეკითხვა: გსურთ, რომ გახდეთ აშშ-ის პრეზიდენტი?
კლინტონი: არა!


სახელმწიფო მდივნის რანგში, 4 წლის განმავლობაში, ჰილარი კლინტონმა 111 ქვეყანაში გამართა ვიზიტი და განვლო 1.5 მილიონი კილომეტრი. ასეთი დატვირთული რეჟიმით მუშაობის გამო, გასაგებია, თუ რატომ აღარ სურს მეორე ვადით დარჩენა ქვეყნის მთავარი დიპლომატის პოსტზე ჰილარი კლინტონს. ასევე გასაგებია, თუ რატომ ეკიდება ასე უხალისოდ პრეზიდენტი ობამა კლინტონის მიერ პოსტის დატოვების გადაწყვეტილებას. ობამამ საჯაროდ განაცხადა, რომ იგი მთელი ძალით ცდილობს დაიყოლიოს ჰილარი კლინტონი დარჩეს პოსტზე და, განსაკუთრებით, დაეხმაროს აშშ-ის პოლტიკის განხორციელებას სირიაში.

თუმცა, როგორც ობამას მეორ ვადით არჩევის შემდეგ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა, ჰილარი კლინტონს არ შეუცვლია თავისი გადაწყვეტილება.

„არა მგონია, რომ სახელმწიფო მდივნის გეგმები შეცვლილიყო. თქვენ ბევრჯერ გსმენიათ მისგან, რომ განზრახული აქვს გადააბაროს საქმე მემკვიდრეს და შემდეგ დაუბრუნდეს პირად ცხოვრებას, მიეცეს დასვენებას, ფიქრს, წერას და ასეთ საქმიანობას.“
დონილონი სხვა კანდიდატებზე უფრო გამოცდილი, საერთაშორისო დონეზე აღიარებული პოლიტიკოსია, რომელსაც ყველა შესაძლებლობა აქვს კარგად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა ...
ლაურენს ჰაასი

შესაბამისად, თუკი ჰილარი კლინტონს მტკიცედ აქვს განზრახული წავიდეს, ხოლო ობამა ვერ დაითანხმებს მას დარჩეს, იბადება კითხვა, თუ ვინ დაიკავებს მომავალში სახელმწიფო მდივნის პოსტს.

უფრო ხშირად კლინტონის შემცვლელად სახელდება ჯონ კერი, სენატორი მასაჩუსეტსის შტატიდან, და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. შესაძლო პრეტენდენტად სახელდება ასევე სუზან რაისი, აშშ-ის ელჩი გაეროში. დიდი შანსები აქვს ბარაკ ობამას მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში ტომას დონილონს, რომელიც ჯერ კიდევ ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში შტაბის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. დონილონმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოლაპარაკებებში, რომელმაც ბოლო მოუღო ომს ბოსნია-ჰერცეგოვინაში და ერთ-ერთი იდეოლოგი იყო ნატოს გაფართოებისა 1990-იან და 2000-იან წლებში.

ამ სამი კანდიდატიდან საგარეო პოლიტიკაში ყველაზე უფრო დიდი გამოცდილება რომ სწორედ ტომას დონილონს აქვს, ამას არც თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი ლაურენს ჰაასი მალავს.

„დონილონი სხვა კანდიდატებზე უფრო გამოცდილი, საერთაშორისო დონეზე აღიარებული პოლიტიკოსია, რომელსაც ყველა შესაძლებლობა აქვს კარგად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა“, - განაცხადა ჰაასმა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG