Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი დემოკრატიასა და მომავალ არჩევნებზე


ჰილარი კლინტონი
ჰილარი კლინტონი
საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასახელებს ”დემოკრატიის ხარისხს”, რაც, თავის მხრივ, მომავალი არჩევნების ხარისხზეა დამოკიდებული. 5 ივნისს ბათუმში მყოფმა ჰილარი კლინტონმა აღნიშნა ისიც, რომ ”თავისუფალი და სამართლიანი” არჩევნების ჩატარება მნიშვნელობით ბევრად აღემატება რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს. რაზეა დამოკიდებული არჩევნების წარმატება და რა დახმარებას ჰპირდება ამ კუთხით შეერთებული შტატები საქართველოს?

შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ივნისს ბათუმში გამართული შეხვედრებისა თუ გამოსვლების უმთავრეს აქცენტს წარმოადგენდა. უდავოა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მომავალ არჩევნებს განიხილავს ერთადერთ საუკეთესო საშუალებად, რომელსაც შეუძლია გააღრმავოს დემოკრატია საქართველოში, განამტკიცოს ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი და ხელი შეუწყოს ქვეყნის უსაფრთხოებsა. და როდესაც წამოიჭრება საკითხი საქართველოში არსებულ შიშზე, რომ რუსეთი, რომელიც საქართველოს საზღვრებთან ახლოს სწორედ შემოდგომაზე გეგმავს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ”კავკასია 2012”-ს, შესაძლოა შემოიჭრას ჩვენს ქვეყანაში, ჰილარი კლინტონი პასუხობს, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა შემოდგომაზე მათთვის უფრო მნიშვნელოვანი საქმე უნდა გააკეთონ:

„დიახ, იქნება სამხედრო მანევრები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები შემოდგომაზე საქართველოს შიგნით მოხდება, როდესაც ქართველი ხალხი არჩევნებზე მისცემს ხმას. ვერ მოვიფიქრებ უფრო ძლიერ მესიჯს, რომელიც ვინმეს შეიძლება გაეგზავნოს მსოფლიოში. ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო კონსულტაციებს საქართველოს მთავრობასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ; მაგრამ ყველაზე გადამწყვეტი მოვლენა არის არა სხვა ქვეყნის სამხედრო წვრთნები, არამედ საქართველოს არჩევნები.”

ეს განმარტება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ბათუმში 5 ივნისის საღამოს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა, ხოლო დილით, როცა სიტყვით გამოდიოდა სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაზე, მან მოუწოდა ”საქართველოს ლიდერებს”, რომ ”უზრუნველყონ კონკურენტუნარიანი კამპანია, რათა არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი როგორც უშუალოდ არჩევნების დღეს, ასევე მანამდე დარჩენილი თვეების განმავლობაში”. დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მიზანთან მიმართებით ასევე გაისმა დაპირება გრძელვადიანი მეთვალყურეების გამოგზავნასთან დაკავშირებით, რამაც კმაყოფილი დატოვა საქართველოს პრეზიდენტი. ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილი ”ნამდვილი” და ”ყალბი” დამკვირვებლების არსებობაზეც ლაპარაკობს:
მე ვფიქრობ, კონგრესმენები, სენატორები ჩამოვლენ, ევროპარლამენტის წევრები ჩამოვლენ, ე.ი. ის ხალხი, ვისაც ვერ მოისყიდიან, ვისაც ვერ დააშანტაჟებენ და ვინც მართლა იტყვის, რომ საქართველოში ჩატარდა - როგორც ჩვენ ვგეგმავთ და იმედია, რომ ზუსტად ასე ჩატარდება - სამართლიანი, გამჭვირვალე და ყველასთვის მისაღები არჩევნები...
მიხეილ სააკაშვილი

”ნათლად ითქვა, რომ მაქსიმალური რაოდენობის ნამდვილ დამკვირვებლებს გამოაგზავნიან - არა ყალბ დამკვირვებლებს, ვითომ დამკვირვებლებს, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა სფეროდან ჩამოვიდნენ, არამედ ნამდვილ დამკვირვებლებს... მე ვფიქრობ, კონგრესმენები, სენატორები ჩამოვლენ, ევროპარლამენტის წევრები ჩამოვლენ, ე.ი. ის ხალხი, ვისაც ვერ მოისყიდიან, ვისაც ვერ დააშანტაჟებენ და ვინც მართლა იტყვის, რომ საქართველოში ჩატარდა - როგორც ჩვენ ვგეგმავთ და იმედია, რომ ზუსტად ასე ჩატარდება - სამართლიანი, გამჭვირვალე და ყველასთვის მისაღები არჩევნები... და არ მისცემს საშუალებას ჩვენი შიდა სიტუაციის მანიპულაციის გარედან მსურველს, რომ გამოიყენოს სხვადასხვა პროვოკაციები იმისათვის, რომ საქართველო ააცდინოს სწორ გზას.”

თუ როდის და რა ფორმატში ჩამოვლენ შეერთებული შტატების მიერ გამოგზავნილი გრძელვადიანი მეთვალყურეები საქართველოში, ზუსტად არ იცის არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ. თუმცა მან ზუსტად იცის, რომ მეთვალყურეებს საკმაოდ ბევრი სამუშაო ექნებათ იმ პრობლემების აღმოსაჩენად, რამაც შესაძლოა შეუშალოს ხელი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და რაზეც გამუდმებით საუბრობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები:

”ზეწოლას აქვს თუ არა ადგილი განსაკუთრებით რეგიონებში, ხომ არ არის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები, ხომ არ ხდება ადმინისტრაციული რესურსის (ბოროტად) გამოყენება, ხომ არ აქვს ადგილი ამომრჩევლის მოსყიდვას და უკანონო დაპირებებს, რამდენად თანაბარი გარემოა პარტიებისთვის - იმავე შეხვედრების ორგანიზებაში ხომ არ ეშლებათ ხელი, რამდენად თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს ამომრჩევლებთან შეხვედრა და, კიდევ, მედიაგარემოს მონიტორინგი იქნება მეტად მნიშვნელოვანი - რამდენად თანაბარი გაშუქება და ხელმისაწვდომობა აქვთ პოლიტიკურ ძალებს.”

არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების მსგავსად, შეერთებული შტატების მხარდაჭერას და ჰილარი კლინტონის მიერ ბათუმში გახმიანებულ მესიჯებს მიესალმებიან ოპოზიციური პოლიტიკური ძალებიც. როგორც პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მანანა კობახიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული ვალდებულება შეახსენა:
მანანა კობახიძე
მანანა კობახიძე

”ვფიქრობ, მესიჯი მკაფიო იყო, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს: ეს არჩევნები უნდა იყოს დემოკრატიული, თანასწორი და უნდა მოხდეს ხელისუფლების დემოკრატიული ცვლა.”

ტერმინი ”ძალაუფლების გადაცემა”, რაც ბევრისთვის საქართველოში ხელისუფლების ”შეცვლასთან” იგივდება, ჰილარი კლინტონმა ბათუმში ყოფნის დროსაც არაერთხელ ახსენა. და ასე იყო 5 ივნისს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზეც, სადაც მან გამოთქვა იმედი, რომ შემოდგომაზე ჩატარებული ”თავისუფალ და სამართლიანი არჩევნების” შემდეგ საქართველო ”დაასრულებს ძალაუფლების დემოკრატიულ გადაცემას 2013 წელს.”

”ძალაუფლების გადაცემა”, ანუ ის, რასაც ოპონენტები ”ხელისუფლების შეცვლასთან” აიგივებენ, პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, უკვე მიმდინარეობს საქართველოში. მიმდინარე პროცესის მაგალითად 5 ივნისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან დაასახელა ცენტრალური ხელისუფლების და პრეზიდენტის ძალაუფლებათა ნაწილის გადაცემა ორი წლის წინათ პირდაპირი წესით არჩეული თბილისის მერისთვის და ამავე წესით არჩეული საკრებულოებისთვის. პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობს, რომ ”დეცენტრალიზაციაც” ამ პროცესის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და იქვე მას პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანის მაგალითიც მოჰყავს.

თუმცა პრეზიდენტის ამგვარ ლოგიკას არ იზიარებენ ოპონენტები. მათთვის ცხადია, რომ ”ძალაუფლების გადაცემაზე” შეერთებული შტატები უკვე საკმაოდ დიდი ხანია მომავალი არჩევნების კონტექსტში ლაპარაკობს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG