Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ICOMOS საქართველო“ -„გელათის მონასტრის გადახურვა უკიდურესად გაჭიანურდა“


გელათი
გელათი

„ICOMOS საქართველო“ გელათის დროებითი კონსერვაციის პროცესზე დასკვნას აქვეყნებს და საერთო სურათის შეფასებისას იყენებს ტერმინს “კრიზისული მდგომარეობა”.

"გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარსა და წმ. გიორგის ეკლესიაში შექმნილი ვითარების გამომწვევი მიზეზები სცილდება 2020 წელს განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ნამდვილად დაამძიმა კედლის მხატვრობის დაზიანების ხარისხი და შეიქმნა კრიზისული მდგომარეობა, რომელსაც სჭირდება მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესაბამისი მართვა“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „ICOMOS საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელშიც შეფასებულია „გელათის მონასტრის“ კონსერვაციული მდგომარეობა.

„ICOMOS საქართველო“ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) ეროვნული კომიტეტია, რომელიც თვალს ადევნებს კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის სტანდარტების განვითარებას ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე.

„ICOMOS საქართველოს“ თავმჯდომარე ნატო ცინცაბაძე განმარტავს, რომ ძეგლზე დროებითი გადახურვის მოწყობა უკიდურესად გაჭიანურდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ეროვნულმა სააგენტომ ჯერ კიდევ მარტში მიიჩნია ეს ღონისძიება გადაუდებელ სამუშაოდ.

გუმბათი დროებითი ნაგებობით მხოლოდ 7 თვის შემდეგ, სექტემბრის ბოლოს, გადაიხურა. მოეწყო გუმბათის გარშემო ისე, რომ ფარავს მხოლოდ მკლავთა კუთხეებში ტრომპების გადახურვებს და მკლავების მცირე ნაწილს. ტაძრის ცალკეული ფრაგმენტების დაფარვა ისევ მომავლისთვისაა დაგეგმილი.

„დროებითი გადახურვის ასეთი მეთოდი ვერ უზრუნველყოფს კედლის მხატვრობის სრულ დაცვას, აუცილებელია ტაძრის მთლიანი გადახურვა დროებით შესაბამისი კონსტრუქციით, რის შემდეგაც სპეციალისტებს მიეცემათ გამოკვლევის დრო, თუმცა რა დრო დასჭირდება დეტალურ კვლევას, წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია”, - ამბობს ნატო ცინცაბაძე.

აგვისტოს ბოლოს დროებითი საკონსერვო ხსნარით ამოავსეს წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთ ფასადზე გახსნილი ქვის ნაკერი, თუმცა ტაძრის ამ ფრაგმენტსაც დროებითი გადახურვა სჭირდება და ესეც აღნიშნულია ექსპერტების დასკვანში, თუმცა მითითებულია, რომ არ შეიძლება ხარვეზიანი კრამიტის შეცვლა მანამ, სანამ კედლის მხატვრობის დაზიანებების გამომწვევი მიზეზები დეტალურად არ დადგინდება, რისთვისაც დამატებითი ხარაჩოებია მოსაწყობი.

„ICOMOS საქართველოს“ კომენტარებში საუბარია იმაზეც, რომ გელათის მონასტრის კრამიტის ხარისხი დაზიანების ერთადერთი მიზეზი არ არის და პრობლემურია კრამიტის დაწყობის ტექნოლოგიაც და სახურავის მოწყობა წყლის გადაყვანის თვალსაზრისით.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრით, რადგან საქართველოს მწირი გამოცდილება აქვს საეკლესიო ხუროთმოძღვრების კრამიტით რესტავრაციის საკითხებში, ამ მიმართულებით განსაკუთრებით საჭიროა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო ექსპერტიზა. ნატო ცინცაბაძის განცხადებით, სამონასტრო კომპლექსის ტაძრებში მონუმენტური მხატვრობის დაზიანების პროცესი, ათწლეულებია, მიმდინარეობს და ძნელად პროგნოზირებადია, გამოშრობის პროცესი რა შედეგებს მოიტანს. ტაძრის დროებითი გადახურვის შემდეგ, სავარაუდოდ, მხატვრობის საფუძვლის, ქვის, ნალესობის შრობა დაიწყება, რასაც, როგორც წესი, მარილების კრისტალიზაცია მოსდევს. ანუ შრობას თან მარილის ნაფიფქის მოხსნის პროცესი უნდა მისდევდეს, რასაც ხარაჩოებიც სჭირდება და გადაუდებელი რეაგირებაც.

„ICOMOS საქართველოს“ შეფასებით, აუცილებელია ძეგლის მიმდინარე კონსერვაციაზე სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აიღოს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს UNESCO-სა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი მანანა ვარძელაშვილის ინფორმაციით, შემსრულებელმა კომპანიამ ზამთრის დადგომამდე დროებითი კონსტრუქციით უნდა გადახუროს ტაძრის დარჩენილი ნაწილებიც, გუმბათის გამოკლებით.

„ICOMOS საქართველოს“ შეფასების საპასუხოდ მანანა ვარძელაშვილი განმარტავს, რომ წელს დაიწყება ტაძრის კედლის მხატვრობის შესწავლა. „აქამდე, ვიდრე გადახურვა არ მოეწყობოდა, მსგავსი კვლევის ჩატარება არ იყო რეზონული, რადგან მონაცემი შეიძლება შეცვლილიყო. დროებითმა სეგმენტურმა გადახურვამ, რადგან წყლის ინფილტრაცია ტაძარში აღარ ხვდება, მოგვცა საშუალება მსგავსი კვლევა ვაწარმოოთ“.

გელათის სამონასტრო კომპლექსში განსახორციელებელ სამუშაოებს შორის მანანა ვარძელაშვილი გამოყოფს ასევე წმინდა გიორგის ეკლესიის გადახურვაზე დროებითი საწვიმარი ღარის დამატებას, რაც კონსერვაციის საბოლოო პროექტირებამდე დაიცავს ეკლესიის კედლებს წვიმის წყლით დასველებისგან. „2008 წლის პროექტში ჟოლობები გათვალისწინებული იყო როგორც მთავარ, ასევე წმ. გიორგის ეკლესიაზე, თუმცა საბჭოს ექსპერტებმა, ესთეტიკურ- ვიზუალური მხარის გათვალისწინებით, მხარი არ დაუჭირეს ჟოლობების მოწყობას“.

მანანა ვარძელაშვილის განმარტებით, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და, როგორც კი საშუალება იქნება, ისინი საქართველოში ჩამოვლენ. გამოჩნდა, რომ ჰიდროიზოლაციისა და კრამიტის მოწყობის მიმართულებით ცოდნა არასაკმარისია. ის, რაც წლების განმავლობაში განხორციელდა, ხელახლა უნდა განვახორციელოთ პროექტირებით და კვლევებით. ეს იქნება ნელი, ფრთხილი ნაბიჯები, რომელშიც ჩავრთავთ საერთაშორისო ექსპერტებს“.

სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის აღებასა და შედეგების გამოსწორების აუცილებლობაზეც საუბრობს მანანა ვარძელაშვილი და, მისივე სიტყვებით, სააგენტო, როგორც სამინისტროს პოზიციის გამომხატველი, აცნობიერებს შექმნილი სიტუაციის ხარისხს. ვარძელაშვილისავე ინფორმაციით, სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ თანახმაა შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები.

„ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გადახურვის სამუშაოებს 2016 წლიდან ახორციელებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ მონასტრის სახურავის დაზიანებულ ფოტოებსა და ვიდეოებს ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად აქვეყნებს. გელათის მონასტერში გასულ თვეებში იმყოფებოდნენ სააგენტოსა და მგფ-ს ხელმძღვანელებიც. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, სახურავის მხოლოდ 15 % იყო დაზიანებული და შემსრულებელი კომპანია ხარვეზს აღმოფხვრიდა.

მსოფლიო ბანკის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ამერიკის საელჩოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გელათის მონასტრის, როგორც კულტურული მნიშვნელობის ძეგლის, კონსერვაცია და რეაბილიტაცია, 10 წელზე მეტია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კოორდინაციით მიმდინარეობს.

გელათის სამონასტრო კომპლექსი ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 2010 წლის გადაწყვეტილებით, ის მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ არსებულ ძეგლთა ნუსხაში მოხვდა, 2017 წელს კი დასრულდა გელათის, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ არსებული ძეგლის, ძირითად ნუსხაში დაბრუნების 7-წლიანი პროცესი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG