Accessibility links

იერიშის ახალი ფაზა მოსულზე და ჯეიმს მატისის მოულოდნელი სტუმრობა ერაყში


ერაყის სამხედრო სარდლობაზე დაყრდნობით, დილიდანვე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ სამთავრობო ძალებმა ექსტრემისტებისაგან გაათავისუფლეს 15 სოფელი, რომელიც დასავლეთით ესაზღვრება ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს, მოსულს. ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერით მიმდინარე ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში, ერაყის არმია 20 თებერვალს მიუახლოვდა ასევე მოსულის სამხრეთით მდებარე აეროპორტს. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალი-აბადიმ 19 თებერვალს დაწყებულად გამოაცხადა ოპერაციის ახალი ფაზა, რომელიც ექსტრემისტების მთავარი ციტადელიდან განდევნას ითვალისწინებს:

please wait

No media source currently available

0:00 0:03:31 0:00
Direct link

„ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ დავიწყეთ ახალი ფაზა, „ოპერაცია „მოვდივართ ნინევიაში“, რათა ისევე დავიბრუნოთ ქალაქ მოსულის მარჯვენა სანაპირო, როგორც დავიბრუნეთ ამ ქალაქის სხვა ნაწილები. მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მამაც ჯარისკაცს, მთელი თავდადება და გმირობა მიმართონ დაეშის ძალადობისა და ტერორიზმისაგან ქალაქის დარჩენილი ნაწილისა და მისი მოსახლეობის გათავისუფლებისაკენ, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი ტერიტორიების გათავისუფლებაზე მეტად ხალხის გათავისუფლებაა“.

ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაციაში, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, რეგულარული არმიის ნაწილების გარდა, მონაწილეობენ შიიტური სახალხო ლაშქარი და ქურთთა შეიარაღებული ფეშმერგას ძალები. კოალიციას ჰაერიდან მხარს უჭერს აშშ-ის მოწინავე სამხედრო ავიაცია. იუწყებიან, რომ ექსტრემისტები გააფთრებული წინააღმდეგობით ცდილობენ დაიცვან მათ მიერ დედაქალაქად გამოცხადებული ქალაქი მოსული.

ჯეიმს მატისი
ჯეიმს მატისი

მოსულზე ფართომასშტაბიანი შეტევის ახალი ფაზის გამოცხადების ფონზე, ერაყს მოულოდნელად ესტუმრა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი. ჯეიმს მატისის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია დაუდასტუროს თეთრი სახლის მხარდაჭერა ერაყის ლიდერებს და გაფანტოს ის გაუგებრობა, რომელიც გამოიწვია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის დროს ნათქვამმა ფრაზამ. „სამხედრო მხარდაჭერის საფასურად ჩვენ ერაყის ნავთობის კონფისკაცია უნდა მოგვეხდინაო“, - განაცხადა ამომრჩევლებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა. ამ სიტყვების კომენტირებისას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ერაყში განაცხადა, აშშ იმისთვის არ იმყოფება ერაყში, რომ „ვინმეს ნავთობის კონფისკაცია მოახდინოსო“. პენტაგონის ხელმძღვანელი ერაყის მთავრობას უფრო „აქტიურ მხარდაჭერას“ დაჰპირდა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში:

„აშშ-ის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ იმავე როლის შესრულებას, რომელსაც ასრულებდნენ აღმოსავლეთ მოსულში და კოალიციური ძალები მხარს უჭერენ ამ ოპერაციას. როგორც იცით, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ ძალისხმევას ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად“.

სამხედრო ავიაციის გარდა, კოალიციის სახმელეთო ოპერაციაში მონაწილეობენ აშშ-ის სპეციალური ოპერაციული დეპარტამენტის წარმომადგენლები. კიდევ ათასამდე ამერიკელი სამხედრო ეხმარება ერაყის არმიას და მის მოკავშირეებს ლოგისტიკური საკითხების მოგვარებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG