Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იმედთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა P&G-მ, Head & Shoulders-ის, Gillette-ის და Ariel-ის მწარმოებელმა | მედია

City AM-ის თანახმად, სანქცირების მიუხედავად, კორპორაცია Procter & Gamble-ი „იმედში“ რეკლამირებას განაგრძობდა, თუმცა 22 ივნისიდან, შიდა გამოძიების შემდეგ, კავშირი გაწყვიტა.
City AM-ის თანახმად, სანქცირების მიუხედავად, კორპორაცია Procter & Gamble-ი „იმედში“ რეკლამირებას განაგრძობდა, თუმცა 22 ივნისიდან, შიდა გამოძიების შემდეგ, კავშირი გაწყვიტა.

თავის მოვლის საშუალებების სექტორში მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მაღალშემოსავლიანმა კორპორაციამ, Procter & Gamble-მა (P&G-მ), ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ „ტელეიმედთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა.

ეს კორპორაცია აერთიანებს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა „პამპერსი“, Head & Shoulders-ი, Pantene-ი, Braun-ი, Gillette-ი, Oral-B, Ariel-ი, Tide-ი და სხვები.

„Procter & Gamble-მა კრემლის პროპაგანდისტულ არხთან ურთიერთობა შეწყვიტა“, - ამ სათაურით გამოაქვეყნა ინფორმაცია ბრიტანულმა გამოცემა City A.M.-მა 23 ივნისს.

გამოცემის თანახმად, 2026 წლის 24 თებერვალს „იმედის“ სანქცირების მიუხედავად, კორპორაცია „იმედში“ რეკლამირებას განაგრძობდა.

თუმცა, City AM-ის ცნობით, P&G-ის ევროპული ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის უფროსი დირექტორისა და ხელმძღვანელის, ჯონ ბრენდონის მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგად, კომპანიამ ორშაბათს, 2026 წლის 22 ივნისს, მედიაკომპანიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

Nestle-მ გამოძიება დაიწყო

City AM-მა 22 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასეთივე გამოძიება დაიწყო Nestle-მაც, - მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა სასმლისა და საკვების მწარმოებელმა კომპანიამ.

სხვა გლობალურმა ბრენდებმა, მათ შორის BBC-ის კომერციულმა განყოფილებამ, ურთიერთობები გაწყვიტეს მას შემდეგ, რაც „იმედი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა.

აღნიშნულ მედიასთან საუბარში „ნესტლეს“ წარმომადგენელმა განაცხადა:

„გვსურს დაგარწმუნოთ, რომ „ნესტლე“ იცავს ყველა მოქმედ კანონს და საერთაშორისო სანქციას და ეს მოიცავს ჩვენს საქმიანობას საქართველოში“.

„ნესტლე საქართველო“

საქართველოში რეგისტრირებულ „შპს ნესტლე საქართველოს“ შვეიცარიაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „სოსიეტე დე პროდუი ნესტლე“ ფლობს.

„ნესტლე საქართველოს“ გენერალური დირექტორი რუსეთის მოქალაქე დმიტრი ალექსეენკოა.

რადიო თავისუფლება 22 ივნისს, შიდა გამოძიების დაწყებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ტელეფონით ესაუბრა დმიტრი ალექსეენკოს.

მან გვითხრა, რომ სათავო ოფისთან კონსულტაციის გარეშე კომენტარს ვერ გააკეთებს.

გამოცემა City AM-ის ინფორმაციით, Nestle-ს გამოძიებას კომპანიის გლობალური იურიდიული ხელმძღვანელი უძღვება და მასში მონაწილეობს ამავე კომპანიის ლონდონის სამართლებრივი გუნდის წარმომადგენელი.

სანქციები „იმედს“

„ქართული არხი, რომელიც 2003 წელს მაგნატმა ბადრი პატარკაციშვილმა დააარსა, გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ სანქციების სიაშია შეტანილი და აღწერილია, როგორც „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის“ გამავრცელებელი“, - წერს გამოცემა.

2026 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).

  • სანქციების დაწესების შემდეგ პროსახელისუფლებო „იმედში“ ხელფასებს ნაღდი ფულის სახით იღებენ.
  • „კონვერტით არიგებენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ 27 თებერვალს, ხელფასის აღების დღეს.

„დანაკლისი არ ექნებათ“ - კობახიძე

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 23 ივნისს ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ „იმედსა“ და „პოსტივის“ - ბრიტანეთის მიერ 24 თებერვალს სანქცირებულ ტელევიზიებს, - პრობლემები არ შეექმნებათ.

მან კვლავ გააკრიტიკა ბრიტანეთის მთავრობა ტელევიზიებისთვის სანქციების დაწესების გამო:

„თქვენ იცით, რომ საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელევიზია დაასანქცირა ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა თანამდებობიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ეს არის კარმა რომელიც მიუბრიუნდა ბატონ სტრამერს, სირცხვილია, რაც მოხდა, ეს არის ბრიტანეთის სირცხვილი... დანარჩენი არ არის საინტერესო“, - განაცხადა მან.

„გაძლევთ გარანტია, რომ არც ტელეკომპანია „იმედს“ და არც ტელეკომპამია „პოსტივის“ არ შეექმნება არავითარი პრობლემები ფუნციონირების კუთხით“, - თქვა მან.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რომ „კომპანიები ამბობენ უარს თანამშრომლოებაზე“, კობახიძემ უპასუხა: „ნული პრობლემა... არავითარი დანაკლისი არ ექნებათ“.

  • პროსახელისუფლებო არხების სანქცირების გამო ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი, საგარეო საქმეთა სამინისტროში მალევე დაიბარეს;
  • „ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, რა არის ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა 25 თებერვალს.
  • მისი შეფასებით, ცინიკურია, რომ „დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელეარხის დასანქცირებას“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG