Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იმერეთში ფერმერები კოოპერატივების შექმნას ამჯობინებენ


თხილის ნარგავები
თხილის ნარგავები

თაფლი, თხილი, ყურძენი, ბოსტნეული და მწვანილი - ეს იმ პროდუქტის ნაწილია, რომელიც იმერეთის მხარეში გლეხებს საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში მოჰყავთ. მცირემიწიანი გლეხების დიდი ნაწილი პროდუქტს საკუთარი მოხმარებისთვის იყენებს ან მოწეული მოსავლის ნაწილს ბაზარში ყიდის, ისინი კი, ვისთვისაც სოფლის მეურნეობა უკვე წლებია შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ვინც წარმოების გაფართოებასა და მოგების გაზრდაზე ფიქრობს, პროდუქტის გასაღების ალტერნატიული გზების ძიებაშია. იმერეთში არცთუ ისე დიდია პროდუქტის გადამამუშავებელი ან შესანახი სამაცივრე მეურნეობების რიცხვი, თუმცა საკუთარი პროდუქტის უკეთესად რეალიზაციისთვის ფერმერთა ნაწილმა კოოპერატივი ჩამოაყალიბა და, დონორი ორგანიზაციების დახმარებით, გადამამუშავებელი საწარმო ან სამაცივრე მეურნეობა შექმნა.

გადმოწერა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარაში სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივ „ტირიხულას“ თხილის გადამამუშავებელმა საწარმომ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო მუშაობა. კოოპერატივის თავმჯდომარის, ეკატერინე კილაშვილის, ინფორმაციით, კოოპერატივი 2015 წელს ჩამოყალიბდა და მასში 25 წევრია გაერთიანებული, რომლებსაც, ჯამში, 15 ჰექტარზე აქვთ გაშენებული თხილის ბაღები.

ეკატერინე კილაშვილისავე განცხადებით, კოოპერატივის წევრები თხილის მოყვანით, მოვლითა და გადამუშავებით არიან დაკავებულნი და ახლად შეძენილი დანადგარები მათ საშუალებას აძლევს თხილი გააშრონ, გაარჩიონ და დააფასოონ. ეკატერინე კილაშვილი იმედოვნებს, რომ მაღალი სტანდარტით გადამუშავებული თხილი კოოპერატივის თითოეული მეპაიესთვის შემოსავალს გაზრდის და ერთობლივი ძალისხმევით ბაზრის მოძიებასაც შედარებით იოლად შეძლებენ, ვიდრე ცალკე თითოეული ფერმერი.

ვანის მუნიციპალიტეტში შექმნილი მეორე დონის კოოპერატივ „თაფლი საჩინოს“ წარმომადგენელი მინდია ქავთარაძე ამბობს, რომ გაერთიანებამ მეფუტკრეებს საშუალება მისცა მაღალი ხარისხის თაფლი აწარმოონ, რადგან მეფუტკრეებმა გადამზადება გაიარეს და გრანტის მეშვეობით თაფლის საწარმოებლად საჭირო აღჭურვილობა შეიძინეს. მინდია ქავთარაძისავე განცხადებით, მათ მიერ წარმოებული თაფლი კონკურენტუნარიანია და ამჟამად იმაზე ზრუნავენ, რომ მაღალი ხარისხის თაფლი მთელ ქვეყანაში გავრცელდეს.

წარმოებისა და რეალიზაციის გასაფართოებლად მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელმა ფერმერებმა თავიანთი მეურნეობები გააერთიანეს და კოოპერატივი შექმნეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვედა ზონის სოფლებში. როგორც კოოპერატივ „ჯანელიძეების“ წარმომადგენელი ზურაბ ჯანელიძე აცხადებს, კოოპერატივის შექმნის შემდეგ პროდუქცია გააქვთ როგორც ადგილობრივ საბითუმო ბაზარზე, ისე საექსპორტოდ. ზურაბ ჯანელიძისავე განცხადებით, კოოპერატივში 6 წევრია გაერთიანებული და მათი შემოსავალი ყოველთვიურად იზრდება.

იმერეთის მხარის სოფლებში, თაფლის, თხილის, ბოსტნეულისა და მწვანილის გარდა, მოჰყავთ ყურძენი და ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე სოფელში კოოპერატივები შეიქმნა იმერული ყურძნის ჯიშებისგან მაღალი ხარისხის ღვინის საწარმოებლად. ფერმერები იმედოვნებენ, რომ ახალი დანადგარებითა და ერთობლივი ძალებით მაღალი ხარისხის პროდუქტის მოყვანას შეძლებენ და მისი რეალიზაცია არ გაუჭირდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG