Accessibility links

მომავალ წელს ხელისუფლება ინფრასტრუქტურული პროექტების მოცულობათა გაზრდას პროგნოზირებს. სოციალური და სახელფასო საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის პარალელურად, ეს ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან. მიუხედავად ამისა, ინფრასტრუქტურული ხარჯების წილი საერთო ხარჯებში არცთუ ისე დიდია: მაგალითად, წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 801 მილიონი ლარით განისაზღვრა, საიდანაცინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილია სულ 85,5 მლნ ლარი, რაც 2016 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტზე (78,7 მლნ) 6.8 მლნ ლარით მეტია, თუმცა მთლიან ბიუჯეტთან მიმართებაში 10 %-ის ფარგლებშია. ეს არის საკმაოდ მოკრძალებული მაჩვენებელი.

გუშინ მერიამ გამოაქვეყნა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა, რომელთა დაფინანსებაც მომავალ წელს არის დაგეგმილი.

მათ შორისაა, მაგალითად, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ჩასატარებელი გზის გაფართოების სამუშაოები. მერიაში ვარაუდობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს აღნიშნული გადატვირთული მონაკვეთის განტვირთვას და მოძრაობის გამტარუნარიანობას გაზრდის.

2017 წელს ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობის მშენებლობა იგეგმება. ეს არის ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამომავალი ესტაკადის სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნულ გადაკვეთაზე ცალმხრივი მიმართულების ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა, მისი მეშვეობით ვაშლიჯვრის დასახლებიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ნაკადი ესტაკადის (გზაგამტარის) საშუალებით გადაივლის გელოვანის ქუჩას და დასავლეთის მიმართულებით გელოვანის ქუჩაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადს შეუერთდება, ხოლო ვაშლიჯვრის დასახლებიდან თბილისისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადის ერთი ზოლი შეუერთდება დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალ სატრანსპორტო ნაკადს გელოვანის ქუჩაზე. ამით მოიხსნება კვანძის შუქნიშნებით რეგულირების აუცილებლობა და კვანძის გამტარუნარიანობა გაიზრდება.

ამასთან, განხორციელდება ქალაქში არსებული გვირაბების რეაბილიტაცია, ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქცია, მათ შორის, მდინარე ვერეზე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან არსებული ვანტური ხიდის რეკონსტრუქცია, მდინარე დიღმულაზე მტკვრის შესართავთან მდებარე ხიდის რეაბილიტაცია, მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდი-აკვედუკის რეკონსტრუქცია და ა.შ.

მომავალ წელს იგეგმება, ასევე, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელების მოწყობა-რეკონსტრუქცია, სანიაღვრე კოლექტორების მშენებლობა-რეაბილიტაცია და გათვალისწინებულია, ასევე, ცალკეული გზების რეაბილიტაცია.

შესრულდება თუ არა ეს გეგმები იმ ფორმატით, რა ფორმატითაც ხელისუფლებას აქვს დაგეგმილი, ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც, თუ რა დონეზე შეჩერდება ლარის კურსი დოლარის მიმართ, რადგან ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულების დიდი ნაწილი სწორედ კურსთან არის მიბმული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG