Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


განვლილი კვირის მიმოხილვას დავიწყებთ სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის თაობაზე ამერიკულ გამოცემა „ფორინ ეფეარსში“ გამოქვეყნებული ანალიტიკური პუბლიკაციის მიმოხილვით, რომლის ავტორები, ალექსანდრ ქოული და დანიელ ნიქსონი, გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, გადაჭარბებულად მიიჩნევენ რუსეთის საავიაციო იერიშების მნიშვნელობას სირიაში და რუსეთის მოქმედებას ირონიულად „პუტინის პოტიომკინის ინტერვენციას“ უწოდებენ.

„პუტინი მძიმე საერთაშორისო ვითარების პირისპირ აღმოჩნდა. მოსკოვს არ გააჩნია სანდო პარტნიორებისა და მოკავშირეების ფართო საერთაშორისო ქსელი და, მიუხედავად ათწლიანი რეფორმებისა, რუსეთის უნარი გადაისროლოს სამხედრო ძალები მის საზღვრებს გარეთ, კვლავ აწყდება დაბრკოლებას, უცხოეთში სამხედრო ბაზების უქონლობის სახით. რუსეთის ხელშეკრულებები თავისი მთავარი სამხედრო ბაზების მასპინძელ სახელმწიფოებთან - სომხეთთან, ბელორუსიასთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთსა და ალყაშემორტყმულ ასადის რეჟიმთან - არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მან საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება მოახდინოს. მყარი სამხედრო ძალის გარეშე და მცირეოდენი მოკავშირეებით კი რუსეთი ძნელად თუ შეიძლება შეფასდეს საერთაშორისო მნიშვნელობის სახელმწიფოდ“, - ნათქვამია ამერიკულ გამოცემა „ფორინ ეფეარსში“.

რუსმა ანალიტიკოსმა მაქსიმ ტრუდოლიუბოვმა 22 ოქტომბრის „ნიუ-იორკ ტაიმსში“ საყურადღებო სტატია გამოაქვეყნა სირიაში რუსეთის მოქმედების თაობაზე, სათაურით „შეიხი პუტინი“, რომელშიც ავტორი აკრიტიკებს რუსეთის საზოგადოების უსიტყვო და უპირობა მხარდაჭერას პუტინისადმი. ამ მხარდაჭერამ თურმე სრულიად თავბრუ დაახვია ცნობილ რუს ნოველისტსა და კომენტატორს, ზახარი პრილეპინს, რომელსაც, რუსეთის ძალის დემონსტრირებით აღტყინებულს, ასეთი რამ უთქვამს: „წარმოვიდგენ, თუ როგორი გაორებული გრძნობა დაეუფლებათ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, როდესაც მიხვდებიან, თუ რაოდენ შორს შეუძლია გაფრინდეს კასპიის ზღვიდან გაშვებული ბომბი“. თუმცა თავად სტატიის რუსი ავტორი არ იზიარებს ასეთ აღტყინებას და შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა რელიგიურ კონფლიქტში მხარი უპირობოდ დაუჭირა ალავიტებს, რუსეთის სამხედრო ავიაცია კი სირიაში განურჩევლად ანადგურებს სუნიტებს, ბატონ პუტინს კი არაფრად ედარდება ის, რომ რუსეთში მცხოვრები მუსლიმთა უმრავლესობა სწორედ სუნიტები არიან.

ამერიკული მედიის შემდეგ ევროპულ გამოცემებსაც გადავავლოთ თვალი. ატლანტიკის მეორე ნაპირზე ევროპული ელექტრონული და ბეჭდური მედიის წამყვანი თემაა მიგრანტთა კრიზისი და ლიდერების არარელევანტური მიდგომა. ამ თმაზე წერს ფრანგული კონსერვატიული გამოცემა „ლა ფიგარო“ პუბლიკაციაში „ევროპა იშლება, როგორც უსაფრთხო თავშესაფარი“. გამოცემის თანახმად, ლტოლვილთა კრიზისი იმ სტადიაშია, როდესაც ევროპელმა პოლიტიკოსებმა მოსახლეობას სიმართლე უნდა უთხრან, როგორც ამას მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აკეთებს. სიმართლე კი ისაა, რომ „არც ერთ ხალხს არ მიუცია მანდატი თავისი ლიდერისათვის ასობით ათასი მიგრანტის იძულებით მისაღებად. და იმისდა მიუხედავად, თუ რას აცხადებენ, ყველა ქვეყანა ამკაცრებს არალეგალური იმიგრანტების მონიტორინგისა და დეპორტაციის სისტემას. თვითონ „დედა ანგელაც“ კი გეგმავს სამხედრო ავიაციის გამოყენებით იმ 200 ათასი მიგრანტის უკან გაბრუნებას, რომელთა განაცხადებიც უარყოფილი იქნა“, - წერს „ლა ფიგარო“ და ასკვნის, რომ „მითი ევროპის უსაფრთხო თავშესაფრის შესახებ დაიმსხვრა მათთვისაც, ვინც მას ქმნიდა, და იმ დეპორტირებულთათვის, ვისაც ამ მითისა სჯეროდა“.

მიგრანტთა კრიზისის გარდა, ევროპული მედია თავად ევროკავშირის ბედითაც ინტერესდება. „ჟან-კლოდ იუნკერი მართალია! ევროპა კვდება“ - ასეთი მყვირალა სათაური აქვს ბრიტანულ „გარდიანში“ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიას. მოდი ვნახოთ, თუ რა აძლევს გამოცემას ასეთი პროგნოზის საფუძველს. პირველ ყოვლისა, ესაა ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტის მიერ კვირის დასაწყისში წარმოთქმული სიტყვა, რომელშიც იუნკერი ევროპის პატარა კონტინენტის შობადობის დონის მხრივ არსებულ უარყოფით ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ირკვევა, ევროპაში მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 7 პროცენტი ცხოვრობს, საუკუნის ბოლოს კი ეს ციფრი 4 პროცენტი იქნება. ეკონომიკურადაც ევროპის მნიშვნელობა მცირდება: მსოფლიოს ეკონომიკური დოვლათის 80 % ევროკავშირის გარეთ იწარმოება, ბლოკის მთლიანი ეკონომიკური აქტიურობა კი სულ მალე მსოფლიოს ეკონომიკის 15 %-მდე დავა, - უთქვამს ჟან-კლოდ იუნკერს, რომლის ციტატაც მოჰყავს „გარდიანს“. შესაბამისად, ბრიტანული გამოცემა ასკვნის, რომ ევროპისგან განსხვავებით, რომლის დიდება ჩაესვენა, ბრიტანეთს უკეთესი დღეები ჯერ კიდევ წინ ელოდება. „ბრიტანეთმა დიდება მოიპოვა, როგორც ერმა, რომელიც ყველა კონტინენტზე აწარმოებს ბიზნესს და ჩაბმულია გლობალურ ვაჭრობაში. მიუხედავად იმისა, დარჩება თუ არა ევროკაშირის წევრად, ბრიტანეთი ყოველთვის უნდა იყურებოდეს ევროპის მიღმა, პარტნიორობისა და შესაძლებლობებისათვის უფრო ფართო სამყაროსაკენ“, - წერს „გარდიანი“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG