Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის “საზეიმო სლოგანები” და ევროპის „სამგლოვიარო ზარი“


მიმდინარე კვირის ამერიკული მედიის მთავარი განსახილველი საკითხი იყო დონალდ ტრამპის პირველი პრესკონფერენცია და რუსეთის ხელთ არსებული მაკომპრომეტირებელი მასალა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტზე. ამ საკითხს რეზონანსი ჰქონდა ევროპულ მედიაშიც, ევროკავშირის სივრცეში მიმდინარე რამდენიმე პროცესის ფონზე.

12 იანვრის „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ინტერნეტით გავრცელებული „დონალდ ტრამპის დოსიე“ სასაცილოა, ერთი მომენტის გარდა: ამ აჟიოტაჟში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ტრამპი პატივს სცემს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, პუტინი კი - მას. „ტრამპისათვის რუსეთთან ალიანსის მთავარი იდეა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაა, იდეა, რომლის ავტორი დონალდ ტრამპის რუსოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინია. ის წლების განმავლობაში ავითარებდა აზრს „ერთობლივი მტრის“, რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ეს პრობლემა ორგანზომილებიანია: რუსეთს არაფრის შემოთავაზება არ შეუძლია, გარდა ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ სასტიკი მოქმედებისა, რომელსაც იგი ირანსა და ბაშარ ალ ასადთან კავშირში აწარმოებს. თანაც, აშშ-ის სამსახურებისათვის დიქტატორულ რეჟიმებთან გარიგება სარისკოა“, - წერს „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული წერილის ავტორი და ახლო წარსულის მაგალითს იშველიებს: „როდესაც დიქტატორული რეჟიმები ჩვენ გვეხმარებოდნენ, ვთქვათ, „ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის მომხრე პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს მთავრდებოდა იმით, რომ სანაცვლოდ ვაშინგტონი თვალს ხუჭავდა კორუფციასა და ადამიანის უფლებათა დარღვევაზე. თუ პუტინი ჩვენთან ითანამშრომლებს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ამის საზღაურად ის, ცხადია, ამერიკისაგან მოითხოვს ინდულგენციას ამჟამად უკრაინის, შემდგომ კი რომელიმე სხვა ევროპული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული განზრახვის განსახორციელებლად“, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

მიმდინარე კვირაში დასავლური მედია ყურადღებას ამახვილებდა იმ თვალშისაცემ განსხვავებაზე, რომელიც პრობლემატური საერთაშორისო თემების მიმართ გამოიკვეთა აშშ-ის მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და, შესაძლოა, სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს შორის. სენატში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე ტილერსონმა განაცხადა, რომ იგი ეწინააღმდეგება მუსლიმების იმიგრაციის აკრძალვას, დასაშვებად მიიჩნია კლიმატური ცვლილება, რაც შესაბამის ნაბიჯებს საჭიროებს. „ტილერსონმა დაადასტურა ნატოსთან ალიანსის მნიშვნელობა, როდესაც საკომიტეტო მოსმენაზე აღნიშნა, რომ საჭიროა ერთობლივი საქმიანობა გლობალური პრობლემების გადასაჭრელად. მისი სიტყვებიდან ჩანდა, რომ იგი დიალოგში უფრო სანდო პარტნიორია, ვიდრე ტრამპი, რომელიც საკონცერტო დარბაზებს ავსებს სლოგანით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. ამასთან, ტილერსონმა პუტინის მისამართით გასაგები სიტყვები წარმოთქვა: რუსეთს უწოდა „საფრთხე“, ყირიმის ანექსიას კი - „უკანონო“. ეს ყველაფერი კარგია, თუმცა საკითხავი ისაა, რამდენად აჯობებს ტილერსონი ამ პრაგმატიზმით თავის ბოსს, რომელიც სმართფონს იმისთვის იყენებს, რომ ჩაერიოს გლობალურ მოვლენებში“, - წერს შვეიცარიული ყოველდღიური გამოცემა „ტაგეს ანცაიგერი“.

აშშ-ის მომავალი პრეზიდენტისა და მისი გუნდის წევრების გამოთქმების გარდა, ევროპულ გამოცემებს ევროკავშირის სივრცეში მიმდინარე მოვლენებიც აღელვებთ. ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა კვიპროსის გაერთიანება, რომლის თაობაზეც ჟენევაში 12 იანვარს დაწყებული მოლაპარაკებები მომავალი კვირისათვის გადაიდო.

კვიპროსი ორ ნაწილად 1974 წლიდან გაიყო. კუნძულის ერთ მესამედზე თურქი კვიპროსელები ცხოვრობენ, ორ მესამედზე კი - ბერძნები.

მანამდე კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება კუნძულის გაერთიანების შესახებ უნდა ითვალისწინებდეს 30 ათასი თურქი სამხედროს ტერიტორიიდან გაყვანას, რასაც მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება ანკარა.

იმდენი პრობლემაა ჯერ კიდევ მოუგვარებელი, რომ გულუბრყვილობა იქნება მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაზე ფიქრი, წერს გერმანული „შტუტგარტერ ცაიტუნგი“ და ყურადღებას რამდენიმე საკითხზე ამახვილებს: „არ არის ცნობილი, სად გაივლება საზღვარი ორ მოკავშირე რესპუბლიკას შორის. განსასაზღვრია ისიც, თუ რამდენი ადამიანი უნდა განსახლდეს, ღიად რჩება ქონების საკითხი - კერძოდ, ვის ეკუთვნის სახლები, რომლებიც კვიპროსელმა თურქებმა ააშენეს იმ მიწაზე, რომელზეც 1974 წლამდე კვიპროსელი ბერძნები ცხოვრობდნენ და, რაც მთავარია, არ არის ცნობილი, რამდენი ეღირება კვიპროსის გაერთიანება და ვინ გადაიხდის ამ საფასურს. გარდა ამისა, კვიპროსის თურქულ ნაწილში მცხოვრები ყველა ადამიანი მოითხოვს კუნძულზე თურქეთის სამხედრო კონტინგენტის დატოვებას, ბერძნულ ნაწილში კი თითქმის ყველა წინააღმდეგია თურქი ჯარისკაცების დარჩენის. და, რაც მთავარია, კვიპროსის გაერთიანების შესახებ შეთანხმებას მხარი უნდა დაუჭიროს თურქეთის პრეზიდენტმა, რაც საოცრების სფეროს განეკუთვნება იმ ფონზე, როდესაც რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სულ ცოტა ხნის წინ ეგეოსის ზღვაში არსებულ რამდენიმე ბერძნულ კუნძულზე გამოთქვა პრეტენზია“, - წერს „შტუტგარტერ ცაიტუნგი“.

მიმდინარე კვირაში ევროპული პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ვითარება ყოფილი იუგოსლავიის ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სადაც ადგილობრივმა სერბებმა 9 იანვარს „სახელმწიფოებრიობის დღე“ აღნიშნეს. როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინაში ეთნიკური სერბების ადმინისტრაციული ერთეულის, რესპუბლიკა სრპსკას, პრეზიდენტმა მილორად დოდიკმა გამოაცხადა, მათ იზეიმეს ის ფაქტი, რომ რესპუბლიკა სრპსკა გადარჩა, მიუხედავად იმისა, რომ "ეს თითქმის შეუძლებელი იყო". ამ ვითარებას ბოსნიისათვის „სამგლოვიარო ზარი“ უწოდა ხორვატიაში გამომავალმა მემარცხენე-ცენტრისტულმა გამოცემა „ნოვი ლისტმა“ .“რეგიონალური რესტრუქტურიზების საფრთხემ ბალკანეთში, ევროპის გულში, ახალი ცივი ომის მასშტაბებს მიაღწია და არავის ეს არ ადარდებს. ბოსნიის საკითხის გადაჭრისათვის ევროპის ძალისხმევა ისეთივე უმნიშვნელოა, როგორიც ნატოსი და აშშ-ისა, რომელმაც ამ ბრძოლაზე ხელი ჯერ კიდევ ობამას ადმინისტრაციის დროს აიღო. ტრამპის პირობებში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება. ეს გზას უხსნის რუსეთსა და პუტინს, რომელიც ამ შესაძლებლობას არ გაუშვებს ხელიდან, როგორც ეს დღეს ბანია ლუკაში დავინახეთ. ბოსნიის გაყოფა გადაიქცა რესპუბლიკა სპრსკას მთავარ ამოცანად, რასაც „ღვთის ნება“ უწოდა სერბიის პატრიარქმა, რომელიც 9 იანვარს უკანონო და არაკონსტიტუციურ საზეიმო ღონისძებას ესწრებოდა, ხოლო სერბიის პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი, რომელიც ასევე ჩავიდა სადავო დღესასწაულის აღსანიშნავად ბანია ლუკაში, ეთანხმება მილორად დოდიკის ოცნებას, რომ სერბია და რესპუბლიკა სპრსკა გაერთიანდნენ“, - წერს ხორვატიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული გამოცემა „ნოვი ლისტი“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG