Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის „სრული შემობრუნება“


მიმდინარე კვირის განმავლობაში დასავლეთის მედიის ყურადღების ცენტრში იყო აშშ-ის სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლა სირიის რეჟიმზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მოსკოვში და მოახლოებული საკონსტიტუციო რეფერენდუმი თურქეთში, რომლის პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას მოიპოვებს.

რექს ტილერსონის მოსკოვში ვიზიტს მიმოიხილავს გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“, რომლის თანახმად, სახელმწიფო მდივნის შეხვედრებმა რუსეთის დედაქალაქში ცხადყო, თუ რა დაბალ დონეზეა რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა და რამდენად ღრმაა უთანხმოება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის სირიის პრობლემის ირგვლივ. „ტილერსონი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობამ, სულ მცირე, 50-ჯერ განახორციელა ქიმიური თავდასხმა ექვსწლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში“, ამიტომ სირიის ლიდერი უნდა დაისაჯოს სამხედრო დანაშაულის ჩადენისათვის. სერგეი ლავროვმა კი, თავის მხრივ, აშშ-ის სარაკეტო იერიშს უწოდა „სირიაზე განხორციელებული უკანონო თავდასხმა“, რომლის მსგავსი ქმედება მომავალში თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

„პუტინის თვალში ჩვენ ვართ არაკონტროლირებადი სუპერსახელმწიფო, რომელსაც საჭიროა წინააღმდეგობა გაეწიოს,“ - წერს ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მაიკლ ო ჰანლონი „ლოს-ანჯელეს ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სირიაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ აშშ-ის პოლიტიკამ დაიწყო შემობრუნება არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიოს უსაფრთხოების გლობალური დამცველის, ნატოს, მიმართაც.

12 აპრილს, თეთრ სახლში ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო აღარ მიაჩნია „ყავლგასულ ორგანიზაციად“, რომელიც ახლა ბევრს იღვწის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. აშშ-ის მიერ სირიის არმიის კუთვნილ შაირათის საავიაციო ბაზაზე 7 აპრილს განხორციელებულ სარაკეტო იერიშს „არასწორი პოლიტიკოსის სწორ გადაწვეტილებას“ უწოდებს „ვაშინგტონ პოსტი“, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკული პათოსით გამორჩეული გამოცემა, რომელიც არც დონალდ ტრამპის წინამორბედს ინდობს და „სამარცხვინო უკანდახევას“ უწოდებს სირიის საკითხში პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოლიტიკას, რამაც ვითარება სირიაში ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანა: სულ მცირე, 400 ათასი ადამიანი დაიღუპა და მოსახლეობის ნახევარი ქვეყნიდან აიყარა. ევროპას დღემდე აზანზარებს დევნილთა ცუნამი, რომელიც ხმაურით ესწრაფვის მის საზღვრებში შეჭრას...

„ობამამ მაშინაც კი თქვა უარი სირიის საქმეში ჩარევაზე, როდესაც ამას, შესაძლოა, ჰქონოდა აზრი. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი კონსულტაციაც არ გაუმართავს კონგრესთან და არც კი დაინტერესებულა, ჰქონდა თუ არა მას უფლება მიეღო გადაწყვეტილება დაესაჯა სირიის რეჟიმი. ახლა ტრამპის რეიტინგი გამოკითხვებში, ალბათ, ძალიან აიწევს. აშშ-ის პრეზიდენტს აქებენ მისი უსწრაფესი გადაწყვეტილების, ბიუროკრატიის უგულებელყოფისა და იმ გულწრფელი ემოციური რეაქციის გამო, რაც ტელეეკრანზე ადამიანების დახოცვის სცენის ყურების დროს ჰქონდა, ასე რომ მოსწონთ ამერიკელებს, ასე რომ არ ჰგავს ემოციურად თავშეკავებულ ობამას. თუმცა ესაა თავზეხელაღებული პრეზიდენტის მიერ მიღებული თავზეხელაღებული გადაწყვეტილების პრეცედენტი. და ტრამპი კვლავ გაიმეორებს ამას, რადგან, როგორც უკვე დაასკვნა, მას ეს შეუძლია“, - წერს რიჩარდ კოენი, გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

დასავლეთის მედიის ყურადღების ცენტრშია 16 აპრილს დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფერენდუმი თურქეთში, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლების გასაძლიერებლად ჩაიფიქრა თურქეთის ლიდერმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა. გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნალი“ შეგვახსენებს, რომ რეფერენდუმზე გატანილი საკონსტიტუციო ცვლილებებით, ერდოანს უფლება ექნება 2029 წლამდე უხელმძღვანელოს თურქეთს. პრეზიდენტის გაზრდილი ძალაუფლება ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, დეკრეტების გამოცემას, მინისტრებისა და მაღალი რანგის საჯარო მოხელეების დანიშვნას. ეს ცვლილებები ერდოანს შესაძლებლობას მისცემს გარკვეულ შემთხვევებში აკონტროლოს სასამართლო ხელისუფლება და, პარალელურად, იყოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რის უფლებასაც პრეზიდენტს არ აძლევს თურქეთის მოქმედი კონსტიტუცია.

ახლა კი ციტატა „უოლ სტრიტ ჯორნალიდან“: „რა შედეგითაც უნდა დასრულდეს 16 აპრილს რეფერენდუმი, თურქეთში დემოკრატიის მომავალს არასახარბიელო ბედი ელის. თუ ბატონი ერდოანი კვირას დანიშნულ რეფერენდუმში დამარცხდა, იგი აუცილებლად გააგრძელებს რეპრესიული აპარატის გაძლიერებას და გააღვივებს თურქულ ნაციონალიზმს ქურთი უმცირესობის წინააღმდეგ უმიზეზო ომის დროშით. ხოლო თუ ერდოანმა რეფერენდუმში გაიმარჯვა, მაშინ ძალიან მინიმალური, თითქმის შეუძლებელი გახდება თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ დემოკრატიული გზით შეცვლა“.

გასულ კვირაში ევროპული პრესა კვლავ ბევრს წერდა უნგრეთის ხელისუფლების მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს უნგრული წარმოშობის ამერიკელი ფინანსისტის, ჯორჯ სოროსის მიერ 1992 წელს დააარსებული ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დახურვა.

უნგრეთში გამომავალი პროსამთავრობო გაზეთი „მაგიარ ჰირლაპი“ გაზვიადებულად მიიჩნევს მთავრობის დადანაშაულებას დემოკრატიული ფასეულობების უგულებელყოფაში, რაც კარგად გამოიყენეს ოპონენტებმა და ქუჩაში ათასობით დემონსტრანტს მოუყარეს თავი. თუმცა რეალობა სულ სხვაა და, გაზეთის თქმით, ის მხოლოდ აკრედიტაციის წესს უკავშირდება. „რეალურად მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, შეიძლება თუ არა, რომ ამერიკული დიპლომები გასცეს ბუდაპეშტში აკრედიტებულმა უნივერსიტეტმა, რომელიც არ არის პირდაპირ დაკავშირებული ამერიკის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემასთან. ცხადია, ხალხის უმრავლესობა იტყვის, რომ ეს შეუძლებელია. მაგრამ სინამდვილის დამახინჯებისაკენ მიმართული აგრესიული კომპანია უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ისე წარმოაჩენს, თითქოს დიქტატურა თავისუფლებასა და ლიბერალიზმს ებრძოდეს“, - წერს უნგრეთში გამომავალი პროსამთავრობო გაზეთი „მაგიარ ჰირლაპი“.

თუმცა ევროპული გამოცემების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აკრედიტაცია მხოლოდ საბაბია უნგრეთის კონსერვატიული მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორნაბისათვის, რომელსაც ევროპის ლიბერალური მედია „ევროპის საფრთხეს“ უწოდებს:

„დემოკრატიის დემონტაჟი უნგრეთში და ჯვაროსნული ლაშქრობა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის წინააღმდეგ ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს. მაგრამ უნგრეთის ხელისუფლების თავხედური ქმედების მიმართ ევროკაშირის პოზიცია იყო აქამდე პასიური და ლაჩრული“, - წერს ავსტრიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული გაზეთი „სტანდარტი“ და ვარაუდობს, რომ „თუ ევროპა უახლოეს დროში არ მიმართავს ზომებს ბუდაპეშტში მყოფი ცრუწინასწარმეტყველისა და მისი პოპულისტი თანამოაზრეების მიმართ, მაშინ ვიქტორ ორბანი გაანადგურებს ასეთ ევროპასაც“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG