Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი უნდა იყოს ინტერნეტის გლობალური მართვა?


ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის გენერალური მდივანი, ჰამადუნ ტურე (მარჯვნივ) პრესკონფერენციაზე დუბაიში
ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის გენერალური მდივანი, ჰამადუნ ტურე (მარჯვნივ) პრესკონფერენციაზე დუბაიში
დუბაიში დაიწყო ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის 12-დღიანი კონფერენცია, რომლის მთავარ საკითხადაც სახელდება ინტერნეტის გლობალური მართვა. ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი არის გაეროს უწყება და ის პასუხისმეგებლია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე.

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის გენერალური მდივნის, ჰამადუნ ტურეს განმარტებით, დუბაის კონფერენციის მიზანია, ახალი სახე მიეცეს გლობალურ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს სატელეკომუნიკაციო კომპანიების ურთიერთობას.

„მსოფლიოს ეძლევა შანსი, დავადგეთ გზას მსოფლიო საზოგადოებისაკენ, სადაც ცოდნა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. 1500-ზე მეტი ადამიანი მთელი მსოფლიოდან, მათ შორის მთავრობების წარმომადგენლები, მრეწველობის ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები იკრიბებიან დუბაის ვაჭრობის მსოფლიო ცენტრში საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო წესების ახალ სისტემაზე დებატებისათვის“, - განმარტავს გაეროს სააგენტოს გენერალური მდივანი.
ინტერნეტი თავდასხმების სამიზნეა ბევრი თვალსაზრისით. ბევრი ქვეყანა მას საფრთხედ მიიჩნევს ...
ვინ სერფი
კონფერენციის მონაწილე ზოგი ქვეყნის სურვილია, შეიზღუდოს ”მინიჭებული სახელებისა და რიცხვების ინტერნეტ-კორპორაციის” უფლებამოსილება. ამ კომპანიას შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტროსაგან აქვს მინიჭებული ლიცენზია, რომ მოახდინოს ინტერნეტის ტექნიკური ასპექტების, მათ შორის დომენური სახელების სისტემის და ინტერნეტპროტოკოლის კოორდინირება. მოსალოდნელია, რომ ზოგი ქვეყანა გაეროს შესაბამისი უწყებისაგან, ანუ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირისაგან მოითხოვს, მან ჩაიბაროს ინტერნეტის მმართველის ფუნქცია. ამ ქვეყნებს შორის არიან ტოტალიტარული რეჟიმები, ინტერნეტის მკაცრად გაკონტროლების ტენდენციით. მეორე მხრივ, აშშ, ევროკავშირი, კანადა და კომპანიები, როგორიც არის, მაგალითად "გუგლი", წინააღმდეგობას უწევენ ცვლილებებს, რომლებსაც მოჰყვებოდა ინტერნეტზე კონტროლის გაძლიერება.

ინგლისში მდებარე სარეის უნგივერსიტეტის პროფესორი, ალან ვუდუარდი აუცილებლად მიიჩნევს დებატებს, ღია და გლობალური ინტერნეტის შესანარჩუნებლად. „როცა მართვაზე ვსაუბრობთ, არ ნიშნავს, რომ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ ვინ ადგენს კანონებს. მთავარი ის არის, ვინ განსაზღვრავს ნორმებს - ვინ იღებს გადაწყვეტილებებს საკითხებზე, როგორიცაა მისამართები და სახელების დარქმევის კონვენციები. აქედან რაღაცა შესაძლოა, არც ისე მნიშვნელოვნად ჟღერდეს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, რატომ მუშობს ინტერნეტი გლობალურად არის ის, რომ ახლა ამ ყველაფერს აკეთებს ერთადერთი ჯგუფი ”მინიჭებული სახელებისა და რიცხვების ინტერნეტ-კორპორაცია” (ICANN). თუ ის დაიშლება სხვადასხვა ქვეყანას შორის, რათა ყველა თვითონ გაუძღვეს ამ საქმეს, საქმე დამთავრდება ინტერნეტის დაქუცმაცებით“,
ამბობს პროფესორი ვუდუარდი.

კომპანია "გუგლის" ხელმძღვანელობის წარმომადგენელი, ”მინიჭებული სახელებისა და რიცხვების ინტერნეტ-კორპორაციის” ყოფილი თავმჯდომარე ვინ სერფი შიშობს, რომ დუბაის კონფერენციაზე შესაძლოა, ისე შეიცვალოს ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო წესები, რომ პირდაპირ მოახდინოს გავლენა იმაზე, თუ როგორ მუშაობს და ვითარდება ინტერნეტი: „ინტერნეტი თავდასხმების სამიზნეა ბევრი თვალსაზრისით. ბევრი ქვეყანა მას საფრთხედ მიიჩნევს - განსაკუთრებით ქვეყნები, რომლებშიც შეშფოთებას იწვევს აზრის თავისუფლად გამოხატვა. ამჟამად მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა ახდენს ინტერნეტის ამათუიმ ასპექტის ცენზურას“.

გუგლის ეს წარმომადგენელი, ინტერნეტის თავისუფლების სხვა მომხრეებთან ერთად, გამოდის დუბაის დებატების „ღიად და გამჭვირვალედ“ წარმართვისაკენ მოწოდებით.

კონფერენცია 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG