Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში


„ფრიდომ ჰაუსის“ ახალ ანგარიშში „ინტერნეტის თავისუფლება 2017“, რომელიც 2016 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 31 მაისამდე პერიოდს ასახავს, საქართველო ერთი ქულით დაწინაურდა და 24 ქულა დაიმსახურა. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავაც რჩება თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში და შეფასებისას აღნიშნულია, რომ საქართველოში გაიზარდა ინტერნეტმომხმარებლების რიცხვი, ხოლო ინტერნეტმედიის მუშაობას არ ავიწროებს ხელისუფლება. თუმცა კეთდება გარკვეული მინიშნებები ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოხატულ პროტესტზე.

ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:05:06 0:00
გადმოწერა

„ფრიდომ ჰაუსის“ შეფასების100-ქულიანი სისტემის თანახმად, რაც უფრო ახლოსაა მიღებული ქულების რაოდენობა 0-თან, მით უფრო უკეთესია ამა თუ იმ ქვეყნის მდგომარეობა ინტერნეტის თავისუფლების თვალსაზრისით. საქართველო (24 ქულით) თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა. ამის განმაპირობებელ ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტები თვლიან ინტერნეტხელმისაწვდომობის ზრდას, რაც, ბოლო მონაცემებით, 50 %-ს გაუტოლდა. ანგარიშში აღნიშნულია ასევე, რომ ინტერნეტმომხმარებლები საქართველოში მოქმედების თავისუფლებით სარგებლობენ.

„საქართველოში ინტერნეტმომხმარებლებს თავისუფლად მიუწვდებათ ხელი ნებისმიერ ვებსაიტზე, მსოფლიოს მასშტაბით - მათ შუძლიათ ჩამოტვირთონ ან ატვირთონ ნებისმიერი შინაარსის მასალები, შეუძლიათ შექმნან საკუთარი ვებსაიტი და კონტაქტი დაამყარონ ნებისმიერ მომხმარებელთან ფორუმებსა თუ სოციალურ ქსელებში. თავისუფლად არის ხელმისაწვდომი იუთუბი, ფეისბუქი და ბლოგების განსათავსებელი საერთაშორისო სერვისები, თუმცა საერთაშორისო პლატფორმები დროებით აიკრძალა, როდესაც ხელისუფლება ცდილობდა დაებლოკა ამ პლატფორმებზე ატვირთული კონკრეტული მასალები“, - ნათქვამია ანგარიშში.

"ფრიდომ ჰაუსის" კვლევის რუკა
"ფრიდომ ჰაუსის" კვლევის რუკა

დროებითი აკრძალვების კონტექსტში ნახსენებია ვიდეომასალების განსათავსებელი პლატფორმა „ვიმეო“ (Vimeo), რომელიც საანგარიშო პერიოდში მცირე ხნით იყო დაბლოკილი იმის გამო, რომ ხელისუფლება ცდილობდა შეეზღუდა წვდომა პოლიტიკოსების შესახებ სექსუალური შინაარსის ვიდეოებზე, რომლებიც ამ პორტალზე აიტვირთა. აქვეა გამოკვეთილი ფარული მიყურადების თემაც. „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო აქტივისტებმაც მოახერხეს ინტერნეტის საშუალებით მოეხდინათ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის წინააღმდეგ პროტესტის ორგანიზება. ანგარიშში ნახსენებია საზოგადოებრივი კამპანია „ეს შენ გეხება“ და სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ჩვენთან საუბრისას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენელი თეონა ტურაშვილი:

„ანგარიშში ჯერჯერობით შეფასებული არ არის ეს საკითხი. უბრალოდ, დაფიქსირებულია, როგორც ადგილობრივი ორგანიზაციების წუხილი, რომ მართალია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს-ს) გამოეყო ეს ფუნქცია და შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, მაგრამ „ეს შენ გეხებას“ წევრები ამბობენ, რომ ეს სააგენტო კვლავაც შედის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში და, შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებების დროს მას შეიძლება ჰქონდეს ინტერესი, რომ რეალურ დროში სატელეკომუნიკაციო ქსელებთან წვდომა გამოიყენოს არაკეთილსინდისიერად. ჯერჯერობით არასამთავრობო სექტორი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება და შესაძლოა ამ ფაქტის შეფასება ამის შემდეგ მოხდეს „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში“.

ეს, სამწუხაროდ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიოსთვის და მათ შორის - საქართველოსთვისაც. ლაპარაკია ე.წ. „ფეიკ ნიუსებსა“ და პროპაგანდაზე, რომლებიც გადის ანტიდასავლურ, ანტილიბერალურ პროპაგანდაზე და მიზნად ისახავს ლიბერალური ღირებულებების დისკრედიტაციას და ე. წ. რუსულ ორბიტაზე მოსახლეობის გადაწყობას, რომ ის უკეთესია...
მამუკა ანდღულაძე

„ფრიდომ ჰაუსის“ ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ონლაინ მედიაგარემო სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება და ხელმისაწვდომია შინაარსობრივი თემატიკის ფართო არჩევანი, თუმცა აქვეა ნახსენები ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული გამოკვლევა და ნათქვამია, რომ მთელი რიგი მიკერძოებული ონლაინ მედიასაშუალებები, რომლებიც ასოცირდებიან პოლიტიკურ პარტიებთან, არაფორმალური კოორდინაციის გზით ცდილობენ ინფორმაციის გავრცელებას. ამასთან, ეს ქსელი დომინანტურ პოზიციას იკავებს და ხელს უშლის რეკლამის მოზიდვაში სხვა, უფრო მცირე მასშტაბის, მედიასაშუალებებს. ზოგიერთ ასეთ გამოცემას საქართველოს ხელისუფლებაც აფინანსებს და ზოგიერთ მათგანს კავშირები აქვს რუსეთთან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებულ ხსენებულ გამოკვლევას ჩვენთან საუბარშიც იხსენებს ორგანიზაციის წარმომადგენელი, მამუკა ანდღულაძე. ის ფიქრობს, რომ რუსეთთან კავშირში გამოვლენილი პროცესები დასავლურ ღირებულებებთან ბრძოლასა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად:

„ეს, სამწუხაროდ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიოსთვის და მათ შორის - საქართველოსთვისაც. ლაპარაკია ე.წ. „ფეიკ ნიუსებსა“ და პროპაგანდაზე, რომლებიც გადის ანტიდასავლურ, ანტილიბერალურ პროპაგანდაზე და მიზნად ისახავს ლიბერალური ღირებულებების დისკრედიტაციას და ე. წ. რუსულ ორბიტაზე მოსახლეობის გადაწყობას, რომ ის უკეთესია... თემატურად, რაღაც პერიოდში, ასევე წინ წამოიწია ანტითურქული პროპაგანდა, რომელიც, სამწუხაროდ, ყველაფრით გადის ანტიდასავლურ, ანტილიბერალურ ღირებულებებზე“.

„ფრიდომ ჰაუსის“ თანახმად, სოციალური მედიით მანიპულირება დემოკრატიის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად და „მთავრობებმა მსოფლიოში გასული წლის განმავლობაში მკვეთრად გაზარდეს სოციალურ მედიაში ინფორმაციით მანიპულირებისკენ მიმართული ძალისხმევა“. ამ მხრივ, კვლავ ლიდერთა შორის არის რუსეთი, რომელიც, ახალი ანგარიშის მიხედვით, არათავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა. ამასთან, ტექსტის თანახმად, ონლაინმანიპულაციებმა და დეზინფორმაციის გავრცელების ტაქტიკამ გასულ წელს ზეგავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე 18 ქვეყანაში და მათ შორის - შეერთებულ შტატებში.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის თანახმად, ინტერნეტის თავისუფლების კუთხით გაუარესდა მდგომარეობა 65-დან 32 ქვეყანაში და მკვეთრი გაუარესება შეინიშნებოდა უკრაინაში, ეგვიპტესა და თურქეთში. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან თავისუფალთა კატეგორიაში მხოლოდ საქართველო მოხვდა. სომხეთი და აზერბაიჯანი ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში ერთიანდებიან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG