Accessibility links

ინტერპოლმა გამოაცხადა ძებნა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულზე


ხურჩა-ნაბაკევის საკონტროლო-გამშვები პუნქტი

გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯი ოღლიზე ინტერპოლის მიერ ძებნა გამოცხადდა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნებულია უწყების საიტზე. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს მოკლეს ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. ადმინისტრაცულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რაშიდ კანჯი ოღლის 10 მარტს ქუთაისის სასამართლომ დაუწსრებლად შეუფარდა 14-წლიანი პატიმრობა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ის შინაპატიმრობაში იმყოფება. საქართველო დე ფაქტო ხელისუფლებისგან მის დაკავებას და ქართული ხმარისთვის გადმოცემას მოითხოვს.

ნინო მატკავა გიგა ოთხოზორიას ცოლია. ორ თვეში ერთი წელი გახდება, რაც მისი ქმარი მოკლეს ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა რაშიდ კანჯი ოღლიმ მოკლა. ზუგდიდის სასამართლომ მას გასული წლის ბოლოს დაუსწრებლად გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 10 მარტს ქუთაისის სასამართლომ მისი ბრალი დაამძიმა და პატიმრობის ვადად 14 წელი განუსაზღვრა. თუმცა რაშიდ კანჯი ოღლი დაკავებული არ არის. საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი რაშიდ კანჯი ოღლის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. ქართული მხარე აფხაზურისგან დღემდე უშედეგოდ მოითხოვს ბრალდებულის გადაცემას.

17 მარტს, შსს-ს განცხადებით, მსჯავრდებულ რაშინ კანჯი ოღლიზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. ნინო მატკავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ გამოძიებითა და სასამართლოს მიერ მისი ქმრის მკვლელისთვის გამოტანილი განაჩენით კმაყოფილი არ არის არც ის და არც გიგა ოთხოზორიას დედა. როგორც ის ამბობს, გამოძიების მსვლელობისას არ გამოიკვეთა მოტივი, თუ რის გამო მოხდა მკვლელობა, მკვლელი არ არის დაკავებული და მათ ხელთ არსებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე განაგრძობს ცხოვრებას. ნინო მატკავა ფიქრობს, რომ ინტერპოლის მიერ გამოცხადებული ძებნა არაფერს შეცვლის:

„ხუთი წელი მაინც ან, თუნდაც, ერთი წელი ჩამჯდარიყო ციხეში. ქართულმა მხარემ გინდაც 14 წელი მიუსაჯოს, გინდაც 30 და გინდაც სამუდამო, თუ ის დაკავებული არ იქნება, რა აზრი აქვს ასეთ მისჯას. რაც შეეხება ინტერპოლს, თუკი ეს ადამიანი აფხაზეთში იქნება, ამ ცირკულარით ძებნას რა აზრი აქვს, რუსეთი კი მას ქართულ მხარეს არასდროს გადმოსცემს. ეს მკვლელობა არ მოხდა პირადი კონფლიქტის საფუძველზე, ეს იყო სახელმწიფოს ღირსების დაცვა“...

ჩვენ გავცვალეთ მასალები. დე ფაქტო ხელისუფლებას მივაწოდეთ საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული მასალები იმ ფორმატში, რომელიც ითვლება და არის აპოლიტიკური ფორმატი. ვგულისხმობ გალის შეხვედრებს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე იქნება იმ ერთ-ერთ საქმეთაგანი, რომელიც მივა ლოგიკურ დასასრულამდე...

პროკურორ ლევან ფიფიას განცხადებით, რომელიც მან ზუგდიდში სასამართლო სხდომაზე გააკეთა, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, რომელიც ადასტურებს რაშიდ კანჯი ოღლის დანაშაულს - კერძოდ, იმას, რომ 19 მაისს ზუგდიდის სოფელ ხურჩის მოსაზღვრე ოკუპირებული ნაბაკევის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან ე. წ. მესაზღვრეებთან შელაპარაკების შემდეგ გიგა ოთხოზორიას უკან ოთხი სამხედრო გამოჰყვა. აქედან ერთ-ერთმა, რაშიდ კანჯი ოღლიმ, ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით თავდაპირველად კიდურებში დაჭრა, წაქცევის შემდეგ კი თავის არეში სასიკვდილოდ ესროლა.

ოკუპირებულ ქალაქ გალში, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში, 27 მაისიდან მოყოლებული, ყოველ შეხვედრაზე აქტიურად განიხილება გიგა ოთხოზორიას მკვლელობისა და მისი მკვლელის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხი, ეუბნება რადიო თავისუფლებას შეხვედრების მონაწილე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კახაბერ ქემოკლიძე. მისი თქმით, ქართული მხარის პრინციპული პოზიციაა, კანჯი ოღლი დაკავებული იქნეს და შემდეგ გასამართლდეს საქართველოს ხელისუფლების კანონმდებლობით. კახაბერ ქემოკლიძე ამბობს, რომ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, რაშიდ კანჯი ოღლი გათავისუფლებულია ე. წ. ძალოვანი სტრუქტურებიდან და, ე. წ. დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინაპატიმრობაში იმყოფება. ამ ფაქტს კახაბერ ქემოკლიძე ამორალურს უწოდებს:

„ჩვენ გავცვალეთ მასალები. დე ფაქტო ხელისუფლებას მივაწოდეთ საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული მასალები იმ ფორმატში, რომელიც ითვლება და არის აპოლიტიკური ფორმატი. ვგულისხმობ გალის შეხვედრებს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე იქნება იმ ერთ-ერთ საქმეთაგანი, რომელიც მივა ლოგიკურ დასასრულამდე. ამ მიმართულებით ცენტრალური მთავრობა აკეთებს ყველაფერს - მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა სტრუქტურებთან ერთად - და მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ეს პროცესი დასრულდება ლოგიკური დასასრულით“.

რაც შეეხება რაშიდ კანჯი ოღლის წითელი ცირკულარით ძებნას, კახაბერ ქემოკლიძე ამბობს, რომ ეს ფაქტი მას, როგორც მინიმუმ, შეუზღუდავს რეგიონიდან გასვლის შესაძლებლობას, რაც, მისი აზრით, ცალსახად მნიშვნელოვანია.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი არაერთხელ იქცა ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილების საგნად. მათი აზრით, საკმაოდ დიდი დროა გასული გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან და ამ ფაქტს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ მოჰყოლია ადეკვატური და დროული რეაქცია. „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ თავად ის ფაქტი, რომ საკუთარ მოქალაქეს სათვალთვალო კამერების თვალწინ ვანდალურად კლავენ, მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს კონტროლი შესუსტებულია და ქართული პოზიციები არ არის მყარი:

„არანაირად არ არის მანუგეშებელი, რომ წითელ ცირკულარზე დასვამენ მკვლელს, რომელიც ვიცით ვინ არის, და ეს რაიმეს მოიტანს. ეს ადამიანი დაუსჯელია და თავისუფლად გადაადგილდება გარკვეულ ტერიტორიებზე. ეს დიდი პრობლემაა. შესაბამისად, პირველ რიგში, ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ეს ადამიანი რეალურად მიეცეს პასუხისგებაში, დაისაჯოს და პასუხი აგოს საზარელი მკვლელობისთვის. მთელი ეს ბოლო პერიოდი ჩვენ რეალურად ვუყურებდით ხელისუფლების უმოქმედობას. ეს ცირკულარით ძებნაც არის საკმაოდ დაგვიანებული ნაბიჯი“.

შეგახსენებთ, გიგა ოთხოზორიას საქმის განხილვა ზუგდიდის სასამართლომ გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. დაიკითხა 50-ზე მეტი მოწმე, მათ შორის, მკვლელობის თვითმხილველები, სამედიცინო ექსპერტები და გამომძიებლები. პროკურატურის განცხადებით, მოწმეებმა ვიდეო და ფოტომასალებიდან ამოიცნეს თანასოფლელი, ტყვარჩელის რაიონის სოფელ აკარმარაში ოჯახთან ერთად მცხოვრები რაშიდ კანჯი ოღლი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG