Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ბექა მინდიაშვილი


2 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი, რელიგიურ უფლებათა დამცველი. მან ილაპარაკა ადიგენის 29 თებერვლის ინციდენტზე და "ევროპის რასიზმისა და რელიგიური შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო კომისიის" მიერ 1 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშზე. კომისია ევროსაბჭომ დააარსა, დამოუკიდებელი ორგანოა და თვალყურს ადევნებს წევრ სახელმწიფოებში არსებულ ვითარებას. საქართველოს შესახებ კომისიის მეოთხე ანგარიში გამოქვეყნდა. "ევროპის რასიზმისა და რელიგიური შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო კომისიის" პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოიმატა რელიგიური უმცირესობებისა და ლგბტ პირების მიმართ დისკრიმინაციამ. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა განაცხადა: „შეუწყნარებლობა და ლგბტ პირთა თუ უმცირესობათა დისკრიმინაცია უნდა შეწყდეს. მართლმსაჯულებასა და სამართალდამცველ ორგანოებს საკვანძო მნიშვნელობა აქვთ ამ თვალსაზრისით. არსებითია იმის უზრუნველყოფა, რომ ძალადობის შემთხვევაში გამოძიებისა და სამართლებრივი დევნის საგანი იმთავითვე გახდეს პოტენციური რასისტული და ჰომო/ტრანსფობიური მოტივაცია“. კომისია აღნიშნავს, რომ "საქართველოში კრიმინალიზებული არ არის რასიზმის გამოვლენისა და მხარდაჭერის ყველა ფორმა. ასევე არ არსებობს კანონმდებლობა, რომლითაც შეიზღუდება რასისტული პოლიტიკური პარტიების თუ ორგანიზაციების დაფინანსება, აიკრძალება ან გაუქმდება ისინი. ასევე შეუძლებელია სასამართლო განხილვის დაწყება რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, თუ არ არსებობს კონკრეტული მსხვერპლი". ბექა მინდიაშვილმა ილაპარაკა კომისიის რეკომენდაციებზე, მათ შორის - პოლიციაში საგანგებო დანაყოფის შექმნისა და რელიგიათა საბჭოს მიმართ ხელისუფლების მხარდაჭერის გაზრდის შესახებ.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG