Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკა ჭითანავა და ჰურიე აბაშიძე


29 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ეკა ჭითანავა, "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" (TDI) დირექტორი და ჰურიე აბაშიძე, ილიას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტი. მათ ილაპარაკეს მულტიმედია პლატფორმაზე - "მრავალფეროვნების სახეები". TDI-ს მიზანია ამ პროექტის საშუალებით საზოგადოებას მოუთხროს საქართველოს რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე და ეს გააკეთოს: სტატიების, ფოტომასალისა და უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობით გადაღებული მოკლე დოკუმენტური ფილმების საშუალებით. ორი ასეთი ფილმი უკვე აიტვირთა ინტერნეტში: "ჰურიე" და "ბიბლია ჟესტების ენაზე". პირველი ფილმის გმირი - ჰურიე აბაშიძე ქართველი მუსლიმია და ის თავის ცხოვრებაზე ყვება. ყვება გზაზე აჭარის მაღალმთიანი სოფლიდან ევროპისკენ და უკან - თბილისში. მეორე ფილმის მთავარი გმირი იეჰოვას მოწმეა, რომელმაც ბავშვობაში მეგობრის მშობლების დახმარებით ჟესტების ენა ისწავლა და დღეს ეს მეტად ეხმარება თავის გამოხატვაში. "დილის საუბრებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჰურიე აბაშიძე თვლის, რომ უმცირესობების აქტიურობა მნიშვნელოვანია: "თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები, ხალხის გაუცხოებაც ნაკლები იქნება". ჰურიე აბაშიძეს კარგად აქვს აღქმული და გააზრებული ყველა ის სტერეოტიპი და დამოკიდებულება, რაც საზოგადოების ნაწილში არსებობს მუსლიმი ქართველის მიმართ, თავსაბურავიანი ("თავზე დაფარებული") მუსლიმი ქალის მიმართ. ერთიც არის - თავად ჰურიე აბაშიძე მისი განსხვავებულობის აღმნიშვნელ ადამიანებს არ აღიქვამს ერთ ჯგუფად, ერთი რომელიმე რელიგიის ან ეთნოსის წარმომადგენლებად. ეკა ჭითანავამ ილაპარაკა იმ ისტორიულ-პოლიტიკურ პროცესებზე, რამაც ხელი შეუწყო მუსლიმი უმცირესობის მიმარტ სტერეოტიპების ჩამოყალიბებასა და შიშების გაჩენას, აგრეთვე იმ ფაქტორებზე, რაც დღესაც კვებავს უარყოფით განწყობებს უმცირესობების მიმართ. მომავალი წლის განმავლობაში "მრავალფეროვნების სახეების" ფარგლებში გამოქვეყნდება არაერთი მასალა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მათი ცხოვრების, ინტერესების, პრობლემების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

ეკა ჭითანავა და ჰურიე აბაშიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:52:04 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG