Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: შორენა ლორთქიფანიძე


2 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შორენა ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, "თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს" წარმომადგენელი. მან შეაჯამა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი. ისევე, როგორც ზოგადად ევროპული ტურნეს მიმდინარეობისას, საქართველოში ყოფნისასაც, მაიკ პენსის განცხადებების დიდი ნაწილი ფოკუსირებული იყო რუსეთის საკითხზე და რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაზე. შორენა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ საქართველოზე დღეს მოდის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინტერესების სიმძიმის ცენტრი. პოლიტოლოგი იწონებს აშშ-ის მიერ პოზიციების მეტად მკაფიოდ გამოხატვას. 1 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა: “ვფიქრობთ, რომ მკაფიოობითა და ძლიერებით ჩვენ მივაღწევთ დიალოგს, რომელიც დაეფუძნება ურთიერთგაგებას. პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ შეერთებული შტატების განზრახვებსა და მისწრაფებებს აკლდა სიცხადე, რამაც დიდად შეუწყო ხელი არასტაბილურობას მსოფლიოში. როცა წარსულში შეერთებული შტატები ლაპარაკობდა წითელ ხაზებზე და არ მისდევდა ბოლომდე ამ ხაზებს, ბევრის აზრით, ამან სხვები გაათამამა მოქცეულიყვნენ იმგვარად, როგორც არ უნდა მოქცეულიყვნენ. პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ მშვიდობას ძლიერების გზით. ძლიერ და მკაფიო პოზიციებს შეუძლია შექმნას საფუძველი ნამდვილი დიალოგისთვის, რომელიც, ვიმედოვნებთ, შედეგად მოიტანს უკეთეს ურთიერთობებს და ხანგრძლივი კონფლიქტების მოგვარებას უკრაინაში, საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ადგილებში“. შორენა ლორთქიფანიძე "დილის საუბრებში" გამოეხმაურა საზოგადოების იმ ნაწილის პოზიციას, ვინც სკეპტიკურად უყურებს აშშ-ის პოლიტიკას და სვამს კითხვებს მათ შორის საერთაშორისო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის სარგებლიანობაზე საქართველოსთვის. "დილის საუბრების" სტუმარს არ აქვს კითხვები საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის გამო და თვლის, რომ არსებულ საფრთხეებზე რეაგირების პოლიტიკის ამარა ყოფნა არ შეიძლება და საჭიროა გრძელვადიან სტრატეგიაზე ზრუნვა და თანმიმდევრული მოქმედება.

შორენა ლორთქიფანიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:11 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG