Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: სოსო ბარათაშვილი


22 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სოსო ბარათაშვილი, ადვოკატი. მან ილაპარაკა მიმდინარე წლის 24 მაისს თბილისში დაკავებული მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე. 21 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩაბუქის ოჯახის სარჩელი, რომლითაც ის ასაჩივრებდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 7 ივლისის გადაწყვეტილებას. სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ცოლშვილს უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. მუსტაფა ემრე ჩაბუქი წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. მის ექსტრადიციას ითხოვს თურქეთის სახელმწიფო, რადგან მას ბრალს სდებს თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ტერორიზმისთვის ხელშეწყობას გულისხმობს. თურქეთის მხარის აზრით, ტერორიზმისთვის ხელის შეწყობა გამოიხატა იმაში, რომ თითქოს, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა, როგორც თბილისის დემირელის სახელობის კოლეჯის დამფუძნებლების მინდობილმა პირმა დააპირა მათი წილების გასხვისება აშშ-ში რეგისტრირებულ კომპანიაზე. სოსო ბარათაშვილი თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან მან არ გაითვალისწინა არგუმენტები, რომლებიც ადასტურებდა მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში არსებულ საფრთხეებს. რაც შეეხება პროცესის გაგრძელებას - ლტოლვილის სტატუსის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრებს. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, პირის ექსტრადიციის პროცესი წყდება. რაც შეეხება ექსტრადიციის შესახებ პროცესს, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი საქართველოს სასამართლოს ინსტანციების წარუმატებლად გავლის შემდეგ აპირებს ევროსასამართლოსთვის მიმართვას. საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 9 თვეა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამ ვადის ამოწურვა არ ნიშნავს ექსტრადიციის პროცესის შეჩერებას. მუსტაფა ემრე ჩაბუქი უკვე 6 თვეა პატიმარია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG