Accessibility links

17 მაისს "დილის საუბრებში" ჩვენს რესპონდენტებთან ერთად ვილაპარაკეთ ჰომოფობიაზე. ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართა ლგბტ თემის აქტივისტებისა და უფლებადამცველების აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (საია) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტებიც. საია-ს სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტმა თამარ დეკანოსიძემ "დილის საუბრების" ეთერში ილაპარაკა წლევანდელი აქციის დროს გატარებულ უსაფრთხოების მკაცრ ზომებზე - სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები წინასწარ შეთანხმებული ორი ლოკაციიდან საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტით მიიყვანეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანად გამოძიების განსაკუთრებული ვალდებულება, მათ შორის 2012 წელს ჩადენილი დანაშაულისა, რომელზეც ევროსასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებაც არსებობს. გარდა ამისა, თამარ დეკანოსიძემ აღნიშნა, რომ შეკრების თავისუფლება ისევე უნდა იყოს გარანტირებული ლგბტ ჯგუფისთვის, როგორც ყველა სხვა ადამიანისთვის. ის ასევე სახელმწიფოს ვალდებულებად თვლის ყველა საჭირო ზომის მიღებას საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობების აღმოფხვრისთვის. "დილის საუბრებში" ჩაერთო თამთა მიქელაძე, EMC-ს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, რომელმაც ილაპარაკა ლგბტ თემის წარმომადგენელთა განდევნაზე საჯარო სივრცეებიდან, აგრეთვე ძალადობაზე, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება და საზოგადოების დანარჩენი ნაწილი ხშირად ვერც კი აღიქვამდეს, "არ ხედავდეს" მათ მდგომარეობას, რითაც ის "ირიბად ხდება თანამონაწილე არსებული ჩაგვრის". თამთა მიქელაძის შეფასებით, თუ სახელმწიფომ მყარად არ აჩვენა, რომ ადამიანის უფლებების სადარაჯოზე დგას, სეკულარულ პოლიტიკას ატარებს და ყველა ჯგუფს აძლევს თანასწორი არსებობის და განვითარების შესაძლებლობას, რთული იქნება არსებული ვითარებიდან გამოსვლაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG