Accessibility links

15 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ იაკობიძე, "ინფორმაცის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) საჯარო პოლიტიკისა და სამოქალაქო ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა 2017 წლის პირველი ნახევრის ფარული მიყურადების სტატისტიკაზე, რომლის ანალიზიც IDFI-მ მოამზადა. თამარ იაკობიძემ აღნიშნა, რომ 2017 წლისთვის ოფიციალური მონაცემები არსებობს მხოლოდ სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე. უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2017 წლის პირველ ექვს თვეში სასამართლოებში განხილულია სულ 265 შუამდგომლობა, საიდანაც სრულად დაკმაყოფილდა 239, ხოლო ნაწილობრივ - 16. ანუ, შუამდგომლობების დაკმაყოფილების წილმა 96% შეადგინა, როცა წინა წლებში ეს მაჩვენებელი 82-86%-ს შორის მერყეობდა. "დილის საუბრების" სტუმრის თქმით, სატელეფონო საუბრების მიყურადება-ჩაწერისგან განსხვავებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების სხვა სახეების გამოყენების სტატისტიკას არ ახლავს მონაცემები - რა ტიპის დანაშაულისთვის და რომელი სასამართლოს მიერ იყო დაკმაყოფილებული შუამდგომლობა. რაც შეეხება სატელეფონო საუბრებს, 2017 წლის პირველ ნახევარში მათი ფარული მიყურადება და ჩაწერა ყველაზე ხშირად გამოყენებული იყო შემდეგ დანაშაულებზე: თაღლითობა, გამოძალვა და ქრთამის აღება. თამარ იაკობიძემ ილაპარაკა ზოგადად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების გამოყენების რეგულაციისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო გიორგი ბერაია, რომელმაც განმარტა საკითხის სამართლებრივი რეგულაციის სტატუსი: 2017 წლის გაზაფხულზე კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მეორედ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და მას 300-ზე მეტი მოქალაქის ელექტრონული სარჩელი გაუგზავნეს ე.წ. "მოსმენების კანონზე". ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის გადაწყვეტილების პასუხად, ცვლილებები შეიტანა კანონმდებლობაში, თუმცა, სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, არსებითად არ დაუკმაყოფილებია სასამართლოს გადაწყვეტილება. პარლამენტმა მიყურადების ფუნქცია მიანიჭა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ-ს - "საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს".

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG