Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: უჩა ნანუაშვილი


6 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი. მან ილაპარაკა ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე და პროცესების დინამიკაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში, მისი სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. უჩა ნანუაშვილი თვლის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების მხრიდან მისი და მთლიანად სახალხო დამცველის ინსტიტუტის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. ამას სახალხო დამცველი არგუმენტების უქონლობით ხსნის. "წლების განმავლობაში ვცდილობდით კონსტრუქციულ რეჟიმში მოგვეგვარებინა გარკვეული საკითხები, ყველა ფაქტს მხოლოდ რამდენჯერმე გადამოწმების შემდეგ ვახმოვანებდით და ვცდილობდით მაქსიმალურად ზუსტი და კორექტული ვყოფილიყავით", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი და თვლის, რომ ხელისუფლების მწვავე რეაქცია ბოლოდროინდელ ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე სახალხო დამცველის შეფასებებზე მოდიოდა სწორედ იმ სისტემებიდან, რომლებიც მიმართაც სახალხო დამცველის ყველაზე მეტი კრიტიკის ადრესატები იყვნენ. მათ შორის ასახელებს: სასამართლო სისტემას, სამართალდამცავ ორგანოებსა და უსაფრთხოების სტრუქტურას. ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან კრიტიკის გამძაფრებას და ნაკლებად თმენას უჩა ნანუაშვილი უკავშირებს აგრეთვე ძალაუფლების მეტად კონცენტრირებას ერთი ძალის ხელში, რაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა მოიტანა. "დილის საუბრების" სტუმარმა დაასახელა არაერთი საქმე, რომელსაც ის განსაკუთრებით პრობლემურად თვლის, იქნება ეს: აფგან მუხთარლის ქალაქის ცენტრიდან გაუჩინარების, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეს, ე.წ. "ციანიდის საქმეს". სახალხო დამცველის პოსტზე ვადის მიწურულს უჩა ნანუაშვილმა შეაჯამა აგრეთვე კამპანიის - "წამზომი ჩართულია" შედეგები. ეს კამპანია ეხებოდა პირადი ცხოვრების უხეში შელახვის ფაქტების გამოძიებას. სახალხო დამცველი თვლის, რომ კამპანიის 609-ე დღესაც ყველა ეს ფაქტი არ არის შესაბამისად გამოძიებული და არ არიან დასჯილი დამნაშავე პირები. უჩა ნანუაშვილის თქმით, ბოლო წლებში სახალხო დამცველის აპარატი გაფართოვდა და გაფართოვდა იმ თემების ნუსხაც, რომლებსაც ის ფარავდა. სახალხო დამცველი სწავლობს ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც და მომზადდა არაერთი სპეციალური ანგარიში. ბოლო 5 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა სულ სხვადასხვა თემაზე 74 სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.

უჩა ნანუაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:29:18 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG