Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეფრი პაიატი: როსტოვის ბაზებზე შეიარაღების მობილიზება ხდება


აშშ-ის ელჩი უკრაინაში ჯეფრი პაიატი
აშშ-ის ელჩი უკრაინაში ჯეფრი პაიატი

„ამერიკის ხმა“ ესაუბრა აშშ-ის ელჩს უკრაინაში - ჯეფრი პაიატს. მისი თქმით, როსტოვის საწვრთნელ ბაზებზე შეიარაღების მოწინავე სისტემების მობილიზება შეინიშნება

17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოგდებულმა მალაიზიურმა თვითმფრინავმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს კიდევ უფრო მეტი დრამატულობა შესძინა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის ესკალაციაში ბრალი რუსეთს მიუძღვის.

„ამერიკის ხმასთან“ საუბარში აშშ-ის ელჩი უკრაინაში ჯეფრი პაიატი "მალაიზიის ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსეთის როლზე საუბრობს. მისი თქმით, არსებული მტკიცებულებების თანახმად, იარაღი, რომლითაც რეისი MH-17 განადგურდა, რუსეთშია დამზადებული.

„საკმაო დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მალაიზიის რეისი სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან SA-11 ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს. ისიც ვიცით, რომ აღნიშნული სარაკეტო სისტემები ისევ რუსეთში დააბრუნეს. ერთადერთი ფაქტი, რაც ჯერჯერობით უცნობი რჩება, არის ის, თუ ვინ დააჭირა თითი ღილაკს“ - აღნიშნავს ელჩი.

მოსკოვი ამ ინციდენტში სეპარატისტთა მონაწილეობას გამორიცხავს. ამბოხებულები, რომელთაც ზურგს რუსეთი უმაგრებს, შემთხვევის ადგილის შემსწავლელ გამომძიებელთა საერთაშორისო ჯგუფს მაქსიმალურად ხელს უშლიან მუშაობაში. შემთხვევიდან ორი კვირის თავზე გამოძიების პროცესი ჯერ კიდევ ფერხდება. ჯეფრი პაიატის აზრით, ვლადიმირ პუტინის მხოლოდ ერთი ზარი იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ სეპარატისტებს გამომძიებლები თვითმფრინავის ჩამოგდების ადგილზე დაეშვათ. „უაღრესად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერებიდან ბევრი რუსეთის მოქალაქეა. მათ რუსეთის პასპორტები აქვთ და ბევრიც რუსეთის დაზვერვის ოპერატიული თანამშრომელია“ - აცხადებს ჯეფრი პაიატი.

რუსეთი ამბოხებულების მატერიალურ მხარდაჭერასაც უარყოფს. თუმცა, შეერთებული შტატების დაზვერვას ამასთან დაკავშირებით სხვა მონაცემები აქვს. ობამას ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები რუსეთის ფართო მხარდაჭერით სარგებლობენ, როგორც შეიარაღების მხრივ, ისე მეომრების წვრთნის საქმეში.

„რუსეთის მხრიდან შეინიშნება ესკალაციის ზრდის ტენდენცია. შემაშფოთებელია როსტოვის, რუსეთის სასაზღვრო რეგიონში მდებარე საწვრთნელი ბაზები. არსებობს მტკიცებულება, რომ ამ ბაზებზე მობილიზებულია დამატებითი, უფრო თანამედროვე შეიარაღების სისტემები. სავარაუდოდ,მიმდინარეობს მზადება უკრაინაში მათი გადაგზავნისთვის“ - ამბობს აშშ-ის ელჩი უკრაინაში.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ბოლო ანგარიშში საუბარია უკრაინაში სამოქალაქო მსხვერპლის ზრდის ალბათობაზე, რაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო საჯარისო შენაერთებს და ამბოხებულებს შორის შეტაკებას მოჰყვება. ჯეფრი პაიატის თქმით, ჯერჯერობით უკრაინის არმია თავშეკავებულობას ამჟღავნებს: „დიდი იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი პოროშენკო დაპირებას შეასრულებს და დონეცკში თუ სხვა დიდ ქალაქებში ბრძოლები ქუჩებში არ გაიმართება“.

აშშ-ის ელჩი რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზეც საუბრობს. ჯეფრი პაიატის აზრით, სანქციები ეფექტიანია მანამ, სანამ ისინი შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს შორის მჭიდრო კოორდინირებას ეფუძნება და ევროპასთან ერთიანი ფრონტის ქონა სანქციების წარმატების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად რჩება. „რუსეთმა ნათელი და თანმიმდევრული საერთაშორისო გზავნილი უნდა მიიღოს იმის შესახებ, რომ უკრაინის ტეროტორიული მთლიანობის პატივისცემა აუცილებელია“ - აღნიშნავს აშშ-ის ელჩი უკრაინაში.

XS
SM
MD
LG