მისია დაიწყო დაიწყო 27 ოქტომბერს, დილის 3 საათზე, კიევის დროით და დასრულდა 1 ნოემბერს 22:59 სთ-ზე, კიევის დროით.
ლუბინეცმა აღნიშნა, რომ ეს იყო ჰუმანიტარული მიზნით მიღწეული ყველაზე ხანგრძლივი ზავი, რომლის პირობებიც მხარეებმა შეასრულეს. ზავის დროს განხორციელდა ქალაქის დატოვების მსურველთა რეპატრიაცია.
“შემდეგი ნაბიჯი არის ომბუდსმენის ოფისთან “მშვიდობიანი მოქალაქეების დაბრუნების ცენტრის” შექმნა, “ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის” მსგავსად. ცენტრი გააერთიანებს სახელმწიფო უწყებებს, ადამიანის უფლებათა დამცველ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს დაბრუნებულების სრული მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა ორშაბათს ლუბინეცმა.
უკრაინის ომბუდსმენის თანახმად, ზავის დროს ოლეშკიში შესაძლებელი გახდა ადგილობრივი მორგიდან გვამების გამოტანა. გარდაცვლილთა ნაწილს, ვისი ოჯახის წევრები ან ახლობლებიც უკრაინის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გადაასვენებენ. ამის თაობაზე რუსეთის მხარესთან შეთანხმება მიღწეულია.
დმიტრო ლუბინეცმა აღწერა ცეცხლის შეწყვეტის მიმდინარეობის დეტალებიც: "უკრაინისა და რუსეთის მხარეებმა გამოყვეს პასუხისმგებელი პირები, შეთანხმდნენ ზავის დაწყების ერთდროულად გამოცხადებაზე და მისი შესრულების ყოველ ორ საათში შემოწმებაზე".
ცალკე იყო დათქმული პირობა სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაზე. განაღმვისთვის საჭირო ტექნიკა წითელი ჯვრებით იყო დანიშნული.
ზავის პირობების დარღვევა არც ერთ მხარეს აღუნუსხავს.
უკრაინის ომბუდსმენის განცხადებით, ოლეშკის მცხოვრებლები მიიღებენ ყოვლისმომცველ დახმარებას, რომლის კოორდინაციასაც მისი ოფისი ახდენს. ქალაქიდან გამოყვანილი ადამიანები ახლა საავადმყოფოების შენობებში იმყოფებიან, მიმდინარეობს მუშაობა მათი დოკუმენტების აღდგენასა და განსახლებაზე, მათ უწევენ სამედიცინო მომსახურებას. „რაც ყველაზე მთავარია - ადამიანები თავად აირჩევენ სად იცხოვრებენ შემდგომში. ჩვენი საქმეა შევთავაზოთ შესაძლებლობები, დავეხმაროთ არჩევაში და უზრუნველვყოთ ისინი აუცილებელი მხარდაჭერით“, - აცხადებს უკრაინის ომბუდსმენი.
“ვიზრუნეთ შინაურ ცხოველებზეც: მოვახერხეთ აგრეთვე 105 ცხოველის, მათ შორის - 4 თუთიყუშის გამოყვანა“, - წერს ლუბინეცი ფეისბუკის გვერდზე.
ის ჰყვება, რომ პირადად შემოიარა ცეცხლის შეწყვეტის ზონაში მთელი პერიმეტრი, სადაც ადამიანები იყვნენ შეკრებილები და ეკითხებოდა სურდათ თუ არა საცხოვრებელი ადგილების დატოვება:
“მათ, ვინც დარჩენა გადაწყვიტა, მათივე პირადი არჩევანი იყო. წასვლის მსურველებისთვის ცალკე ავტობუსები იყო: ზოგი - უკრაინისკენ, სხვები - რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებული ტერიტორიისკენ”.
“თუმცა, უკანა გზაზე ვნახეთ გზის ორივე მხარეს მდგარი ადამიანები, რომლებსაც ქალაქის დატოვება სურდათ. ჩვენ შევაჩერეთ კოლონა, მივედით მათთან და გავარკვიეთ, რომ უკრაინაში სურდათ. ყველა მსურველი წამოვიყვანეთ. ეს წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა, მაგრამ რუსეთის ომბუდსმენმა იანა ლანტრატოვამ ამ წინადადებას მხარი დაუჭირა”.
1 ნოემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ ოლეშკიში მიღწეულმა შედეგებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ნდობის გაჩენას და შემდგომ ნაბიჯებს სამშვიდობო პროცესში:
"თუკი დაპირისპირება შეიძლება შეჩერდეს ერთგან, ის შეიძლება შეწყდეს ყველგან და სამუდამოდ. უკრაინა მზად არის. ველოდებით იმავეს რუსეთისგან".
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს აშშ-ის პირველი ლედის - მელანია ტრამპის მიმართ, რომელიც ოლეშკისა და მიმდებარე დასახლებებში ჰუმანიტარული ზავის შუამავალია. ანდრი სიბიჰამ მადლობა გადაუხადა რომის პაპს, უკრაინის პარტნიორებს - ყველას, ვინც ოლეშკიში ჰუმანიტარულ კატასტროფაზე რეაგირება შესაძლებელი გახადა.
ოლეშკიდან გამოსულმა მოქალაქეებმა, თვეების განმავლობაში შიმშილისა და იზოლაციის შემდეგ, უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს ჩერნიგოვის ოლქის ტერიტორიაზე. ისინი ავტობუსებით ჩაიყვანეს რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ანაპაში, საიდანაც თვითმფრინავით გადაიყვანეს ბელარუსის ქალაქ გომელში, საიდანაც დააბრუნეს უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში. უკრაინისა და რუსეთის მხარეები შეთანხმდნენ არ გაეხმაურებინათ ოლეშკიდან გამოსული რამდენი ადამიანი წავიდა უკრაინის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე და რამდენი - რუსეთისაზე. სულ ქალაქი და მიმდებარე დასახლებები დატოვა დაახლოებით 700-800-მა ადამიანმა.
ფორუმი